წვდომის მენიუ

ააიპ „ჭადრაკი ტვ“-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 145 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2019 9:19

მიღების თარიღი მარტი 14, 2019

ააიპჭადრაკი ტვ-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/24, 08/01/2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ „ჭადრაკი ტვ“  ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ჭადრაკი) ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

         ვ.ა)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის 28 თებერვლიდან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ჭადრაკი ტვ/Chess TV“.

      კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.

  კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია შეუსაბამოდ იყო შევსებული, კერძოდ განცხადების მე-6 პუნქტში, მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიებად მითითებული იყო ინტერნეტი და სხვა ტექნოლოგიები, ხოლო მე-8 პუნქტში, მე-6 პუნქტის შესაბამისი ხელმისაწვდომობის გარდა დამატებით მითითებული იყო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ღია (უფასო) მაუწყებლობა. გარდა ამისა ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, რომელიც არ შეიცავდა მონაცემებს თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა;

ბ) სამაუწყებლო კონცეფციის მე-6 პუნქტში მითითებული დანართი #3 და #4 არ იყო წარმოდგენილი  ასევე კონცეფცია შეიცავდა მე-8 პუნქტს (ბიუჯეტი), რომელშიც ინფორმაცია არ იყო მითითებული.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა  და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-16/105 17.01.2019წ.). გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ “ჭადრაკი ტვ“-ის ძირითადი დამფინანსებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად იყო ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, კომპანიას 2019 წლის 17 იანვარს გაგზავნილი წერილით ასევე ეთხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაფინანსების გეგმაში მითითებული ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიდან“ მიღებული  თანხა (232,414.00 ლარი) არ შედგებოდა ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული დაფინანსებისგან.

ააიპ „ჭადრაკი ტვ”-მ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის 22 იანვარს ხოლო 2019 წლის 30 იანვარს დოკუმენტაცია დამატებით წარმოდგენილ იქნა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ.

                კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს თავმჯდომარე არის გიორგი გიორგაძე (პ/ნ01013001684), ხოლო დამფუძნებელი ააიპ “საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“. შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე საკუთარი პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზიების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს თავმჯდომარეს გიორგი გიორგაძის,  დამფუძნებლის ააიპ“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ და ააიპ “საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ გამგეობის წევრების ზურაბ მიქაძის (პ/ნ01009013592), აკაკი იაშვილის (პ/ნ01008012441), ვალერიან გაფრინდაშვილის (პ/ნ60031000902), ნანა იოსელიანის (პ/ნ65002000456), ზურაბ სტურუას (პ/ნ01005001231), დავით გურგენიძის (პ/ნ01027002876), გიორგი მაჭარაშვილის (პ/ნ01022000124), ემზარ ზენაიშვილის (პ/ნ01010000614), ალექსანდრე არსენიძის (60002010082), ლაშა ჯანჯღავას (პ/ნ01010003176), ხვიჩა სუპატაშვილის (პ/ნ60001001066), სოფიო გვეტაძეს (პ/ნ01031000904), მარინა მილორავას (პ/ნ01008000080), მიხეილ მჭედლიშვილის (პ/ნ01005001122), მაია ლომინეიშვილის (პ/ნ01031000903) და დათო კოდუას (პ/ნ42001001297) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე მათი მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.  შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს, ააიპ „საქართველო ჭადრაკის ფედერაციის“ და ფიზიკური პირების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს, ააიპ „საქართველო ჭადრაკის ფედერაციის“ და ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 661-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს და ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ 2019 წლის 22 და 30 იანვარს დამატებით წარმოდგენილ იქნა წერილები, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ 2019 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა 1 500 000 ლარის ოდენობით. კომისიაში ასევე წარმოდგენილია ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ 2019 წლის 11 იანვარს სამინისტროსადმი გაგზავნილი კვარტალურად ჩაშლილი ბიუჯეტი, სადაც ააიპ „ჭადრაკი ტვ“-სთვის არანაირი თანხა არ არის გაწერილი. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის” მიერ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები არ შედგება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული დაფინანსებისგან. 2019 წლის 7 თებერვალს ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მეილზე დამატებით გადმოგზავნილ იქნა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და განმარტება რომ 2015-2018 წლებში მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის N748 დადგენილება „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა საქართველოში ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა და შესაბამისი დაფინანსება, ასევე გადმოგზავნილ იქნა აღნიშნული დადგენილების დანართი N1.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 თებერვლის კომისიის სხდომას ესწრებოდა                            ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე და აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი. სხდომაზე კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ხუხუნაიშვილმა აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; ამავე კანინის თანახმად   ურთიერთდამოკიდებულება არის  – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით. კანონის ზემოხსენებულ მუხლებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვა - ხომ არ წარმოადგენს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (ადმინისტრაციულ ორგანოსთან) ურთიერთდამოკიდებულ პირს. კერძოდ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ხომ არ ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს აღნიშნული სამინისტროსთვის. თუმცა კონსულტაციებისა და მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინა, რომ საგადასახადო მიზნებისთვის თანხა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოიყოფა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის“ არ წარმოადგენს ანაზღაურებად სამუშაოს. ეს არის გრანტი. შესაბამისად კითხვა მოიხსნა ანაზღაურებად სამუშაოსთან მიმართებით.   ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არ არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, შესაბამისად ამ ეტაპზე შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში არის თუ არა ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, საჯარო უფლებამოსილების განხორციელება? ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ფუნქციის ანუ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, ითვლება ადმინისტრაციულ ორგანოდ, კომისიამ უნდა დაადგინოს ჭადრაკის ფედერაცია არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანო. გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას წარმოადგენს კომისიაში.

კომისიის სხდომაზე ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს თავმჯდომარე გიორგი გიორგაძემ, რომელიც ასევე წარმოადგენს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ პრეზიდენტს აღნიშნა, რომ  2018 წელი ქართული ჭადრაკისთვის და ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის“ იყო ძალიან წარმატებული, როგორც სპორტული კუთხით, ისე ფინანსური კუთხით, რადგან მათ ჩაატარეს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა და უმასპინძლეს 185 ქვეყანას, 4000-მდე სტუმარს. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგად, ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“ დარჩა ფინანსური მოგება. 2018 წლის ბოლოს გამგეობის შეკრებაზე გადაწყდა, რომ პირველად ქართულ ჭადრაკს მიეცა შანსი, რომ მათ რესურსი გამოიყენონ ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვისთვის. გამგეობის სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა პროექტები და ერთ-ერთი მათ შორის იყო ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს დაფუძნება და საჭადრაკო ტელევიზიის გაკეთება. გიორგი გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, როგორც სხვა ფედერაციები, არის სპორტის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი. ფედერაციები სახელმწიფოს უცხადებენ, თუ რა ღონისძიებებია ჩასატარებელი და სახელმწიფო, სუბსიდირების სახით, აღნიშნულ ღონისძიებებს აფინანსებს. მან ყველანაირი დოკუმენტი და ანგარიში წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ სახელმწიფო ამ პროექტში არანაირად არ მონაწილეობს. შესაბამისად მისთვის უცნობია დამატებით კიდევ რა დოკუმენტის წარმოდგენაა შესაძლებელი.

კომისიის სხდომაზე აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა, იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და დამატებითი შესწავლის მიზნით საკითხის განხილვაზე გამოაცხადეს შესვენება. გადაწყვეტილების მიღების თარიღად დაასახელეს 2019 წლის 14 თებერვალი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით კომისიამ 2019 წლის 14 თებერვალს წერილობით მიმართა (წერილის Nგ-19-03/384) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და წერილში მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე თხოვა ეცნობებინა წარმოადგენდა თუ არა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად 2019 წლის 14 თებერვალს გამართულ კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო ორი კვირით 2019 წლის 28 თებერვლამდე.   

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 25 თბერვალს კომისიაში შემოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხი, რომლის თანახმად ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ არ წარმოადგენს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ორგანოს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 28 თებერვალს დანიშნული კომისიის №08 სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა. შესაბამისად კომისიამ 2019 წლის 4 მარტს მიიღო N113/22 გადაწყვეტილება და 2019 წლის 28 თებერვლის კომისიის №08 სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა 2019 წლის 07 მარტს, 15:00 საათზე ჩანიშნა.

2019 წლის 7 მარტს ააიპ „ჭადრაკი ტვ“-მ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/984) და მაუწყებლობის დაწყების ვადად განსაზღვრა 2019 წლის პირველი აპრილი.

2019 წლის 7 მარტს საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2019 წლის 14 მარტის სხდომის დღის წესრიგში. 2019 წლის 13 მარტს ქართული საჭადრაკო ოჯახის სახელით კომისიას განცხადებით მიმართეს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ გამგეობის წევრებმა. წერილის თანახმად გამგეობის წევრები ითხოვენ გულისყურით მოეკიდოს კომისია 2019 წლის 14 მარტს ჩანიშნული საკითხის განხილვას, ვინაიდან საჭადრაკო ტელევიზიამ ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შესასრულოს. 

კომისიის 2019 წლის 14 მარტის სხდომას ესწრებოდა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე, აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ნანა იოსელიანი.

კომისიის სხდომაზე ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა რომ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული კითხვები, კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს დამფუძნებელი (ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“) ადმინისტრაციული ორგანოს. მან სხდომაზე გამოაქვეყნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი და აღნიშნა, რომ მიღებული განმარტების თანახმად ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ არ წარმოადგენს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ორგანოს. შესაბამისად  დეპარტამენტის მიერ მომზადებულია გადაწყვეტილების პროექტი ააიპ „ჭადრაკი ტვ“-სთვის ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით. პროექტი ვიზირებულია სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

2019 წლის 14 მარტის სხდომაზე კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ  წინააღმდეგია ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის, გამომდინარე იქიდან, რომ კითხვები აქვს, როგორც დაფინანსებასთან ასევე ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. პირველ ეტაპზე იყო მოთხოვნა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ ბიუჯეტის, ბალანსის ან რაიმე დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე, რომელშიც იქნებოდა ასახული მთელი წლის ფინანსური შედეგები (შემოსავალი და გასავალი), რომელიც ნათლად დაადასტურებდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით არ მოხდებოდა ტელევიზიის დაფინანსება. თუმცა წარმოდგენილ იქნა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, ხოლო გასულ წლებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა განმარტება, რომ 2015-2018 წლებში მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის N748 დადგენილება „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა საქართველოში ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა და შესაბამისი დაფინანსება (წერილი თანდართულია საქმის მასალებში). ელისო ასანიძემ სხდომაზე დეტალურად გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის N748 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მუხლი 1. პროგრამის მიზნები და ამოცანები:

ა) საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;

ბ) საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;

გ) საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის, მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);

დ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

ე) ქ. ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, ა(ა)იპ -თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;

თ) მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;

კ) რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) „ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;

მ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების განხორციელება.

 მან აღნიშნა, რომ ამ მუხლში არის გადმოცემული ის ფუნქციები, რომლებიც სახელმწიფომ დაუდელეგირა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“ და სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ვალდებულება და უფლებამოსილება მიანიჭა მას. აღნიშნულს ითვალისწინებს ასევე „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი. მან ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის მე-3 მუხლის თანახმად პროგრამის დანართებში მითითებული თანხების განაწილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე მას აქვს კითხვა - მოხდება თუ არა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან?  მისთვის გასაგებია, რომ 2018 წელს საქართველოში ჩატარდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა და ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ“ მიიღო გარკვეული შემოსავალი თუმცა ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ვერ ჩაატარებდა ოლიმპიადას და შესაბამისად შემოსავლებიც ვერ ექნებოდა, მას რომ არ ჰქონოდა მინიჭებული განსაკუთრებული უფლებამოსილება და ვალდებულება საქართველოს სახელით ოლიმპიადის ჩატარების. შემოსავლები ვერ იქნებოდა ოლიმპიადიდან, რომ არა დაფინანსება და მთელი ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ უზრუნველყო ცენტრალური, ადგილობრივი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან. ვინაიდან ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის მხრიდან არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დამატებითი შემოსავლების არსებობას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მაუწყებლის პირდაპირ ან/და ირიბ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.     

კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ ასევე აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; ასევე აკრძალულია დაფინანსება სახელმწიფო ან თვითმმართველობების ბიუჯეტიდან. აღნიშნული აკრძალვის მიზანია მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების ჩარევისგან, როგორც ფინანსურად, ისე ადმინისტრაციული კუთხით. მას მიაჩნია, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ახორციელებს ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ელისო ასანიძის განმარტებით „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის. ეს ფუნცია აქვს მინიჭებული ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“, რომელიც დიდი ხანია აღიარებულია ეროვნულ სპორტულ ფედერაციად კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს არის ერთადერთი ეროვნული სპორტული ფედერაცია და მას აქვს ვალდებულება და უფლებამოსილება დაკისრებული კანონის მიხედვით. ის, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფედერაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ეს არის კანონის მოთხოვნა. აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ ცვლის და არ აკნინებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის უფლებებს და ვალდებულებებს, რომ განახორციელოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებები და შეასრულოს კანონით დადგენილი ვალდებულებები.

ელისო ასანიძემ სხდომაზე გამოაქვეყნა „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლიდან ამონარიდი, კერძოდ:  

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან;

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე;

ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.

მან  აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონის მიხედვით, სამინისტრო უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინოს სპორტულ ფედერაციებზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის N748 დადგენილებით დამტკიცებულ - საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების დიდი ნაწილი  ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაზეა“ დელეგირებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგია ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ პრინციპს, რომ მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან. აღნიშნული ამ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი ვინაიდან ააიპ „ჭადრაკი ტვ“ -ის დამფუძნებელი ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე სახეზეა                ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის პირდაპირი ან/და ირიბი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.       

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხთან მიმართებაში კომისიაში აზრთა სხვადასხვაობაა. საკითხის განხილვის რამდენჯერმე გადადებაც ამაზე მეტყველებს. იგი სრულიად იზიარებს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ პროექტს, რომელსაც შესაბამისი ვიზირებებიც გააჩნია. მან აღნიშნა, რომ  ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა კომისიის აპარატმა. მისი აზრით კომპანია აბსოლუტურად ლეგიტიმურად ითხოვს ავტორიზაციას და დაფინანსების კუთხით მას პრობლემა არ აქვს. მან განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, რომლითაც რეგულირდება სპორტული ფედერაციების საქმიანობა აკრძალულია საბიუჯეტო სახსრები, გამოყენებული იქნას ტელემაუწყებლობისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში „ჭადრაკი ტვ“-ს დაფინანსებისთვის. ამის თეორიული შანსიც არ არსებობს ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი ექნება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, რაზეც კანონმდებლობა შესაბამის პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს. მან ასევე განმარტა, რომ როდესაც ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა ადმინისტრაციული ორგანოსთვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, მას შეუძლია თანხები კონკრეტულად მიმართოს ჭადრაკის განვითარებისთვის, სადაც მუხლობრივად იქნება გაწერილი ყველა ხარჯი. სპორტული ფედერაციები სავალდებულო რეჟიმში წინასწარ წარუდგენენ სამინისტროს გეგმას, სადაც მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქტივობები და მათთან დაკავშირებული დეტალური ხარჯთაღრიცხვა. მხოლოდ ამის მერე ხდება სპორტული ფედერაციისთვის თანხის გადარიცხა. ფედერაცია ვალდებულია ღონისძიებების ჩატარების შემდეგ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ფაქტობრივი ხარჯების თაობაზე ინფორმაცია, ხოლო დარჩენილი თანხები დააბრუნოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად კანონმდებლობითაა დაცული საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან მოხდეს ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის  დაფინანსება. მან აღნიშნა, რომ ის თავად იყო ერთ-ერთი ფედერაციის ხელმძღვანელი 4 წლის განმავლობაში, ამიტომ კარგად იცის ეს თემა. თუ რომელიმე ფედერაცია მიიღებს დამატებით შემოსავლებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს, როგორც კომერციული საქმიანობიდან ასევე თუნდაც იმ ღონისძიებებიდან, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდა, იგი სრულიად თავისუფალია განკარგოს ეს თანხები და მიმართოს იმ მიმართულებით, რასაც გადაწყვეტს ფედერაციის გამგეობა. მათ შორის მაუწყებლობის დაფინანსებისთვისაც. მან აღნიშნა, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ“ წარმოადგინა დოკუმენტაცია, სადაც ჩანს თუ რა დამატებითი წყაროებიდან ჩაირიცხა მის ანგარიშზე არასაბიუჯეტო თანხები, შესაბამისად აქ ზედმეტია საუბარი როგორც პირდაპირ ასევე ირიბ დაფინანსებაზე.

კომისიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ არ არის ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი, რომელიც განმარტავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამბობს, რომ ეს არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მისი აზრით ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ვერ იქნება ადმინისტრაციული ორგანო, რადგან ადმინისტრაციული ორგანო, სპორტის განვითარების ნაწილში, კანონით და წესდებით ერთადერთია საქართველოში. ეს არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. არ შეიძლება ერთიდაიგივე  საკითხის საჯარო უფლებამოსილებაზე არსებობდეს ორი ადმინისტრაციული ორგანო. ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღიარებს ისეთ ფედერაციად, რომელზეც  საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ნაწილის დელეგირებას ახორციელებს, რათა სპორტის სფეროს განვითარებისთვის შესაბამისი უფლებამოსილებები განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გარკვეულ ფუნქციებს დროებით გადასცემს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციას“, იგი  სამართლებრივად, არ თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რაც ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას მოყვება. ის ზედამხედველობას ახორციელებს და პასუხისმგებლობა მასთან რჩება. საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მინიჭება გარკვეული პერიოდით ფედერაციებს არ აქცევთ ადმინისტრაციულ ორგანოდ. მან მოიყვანა კერძო კომპანიების სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მაგალითები, კერძოდ: აღნიშნულ კომპანიებს გარკვეული საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მინიჭებული აქვთ კანონით ან მთავრობის დადგენილებებით მაგრამ ეს მათ არცერთ შემთხვევაში არ აქცევთ ადმინისტრაციულ ორგანოდ. სწორედ ამიტომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ ორგანოდ ისევე როგორც არცერთი სხვა ფედერაცია.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში აზრთა სხვადასხვაობაა, შესაბამისად თითოეულმა კომისიის წევრმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მაქსიმალურად დეტალურად. საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მხარეს ეძლევა კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და თუ კომისიის გადაწყვეტილებას მხარე გაასაჩივრებს სასამართლოში,  გადაწყვეტილებაში დეტალურად დაფიქსირებული პოზიციები სასამართლოს მისცემს საშუალებას საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.

კომისიის სხდომაზე აზრი გამოთქვა ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს თავმჯდომარემ და ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა იმდენად ზედმიწევნით აღწერა თუ როგორ ხდება ფედერაციის დაფინანსება, რომ დასამატებელიც არაფერი აქვს. ფედერაცია იმდენად არის ჩარჩოებში, კარგი გაგებით „სახელმწიფო მარწუხებში“ მოქცეული, რომ ვერცერთ თეთრს ვერ დახარჯავს არამიზნობრივად. თუ ადგილი ექნება არამიზნობრივ ხარჯვას, მაშინ შემოწმების შემდეგ, მათ ეს თანხა უკან უნდა დააბრუნონ. ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ“ კარგი მენეჯმენტის წყალობით გააკეთა ეკონომია და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მილიონ რვაასსამოცდახუთი ათასი ლარი უკან დაუბრუნა სახელმწიფოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ მათ პირველად გაუჩნდათ დამოუკიდებელი ფინანსები, რომლის გამოყენებაც სურთ ჭადრაკის განვითარებისთვის. მან თქვა, რომ ჭადრაკი არ არის რაგბის და ფეხბურთის მსგავსი სპორტი, სადაც იყიდება ბილეთები სტადიონებზე დასასწრებლად, იყიდება სარეკლამო სივრცე და აინტერესებს მასებს. ჭადრაკის დაინტერესების ერთადერთი საშუალება არის ის, რომ მოხდეს ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით თამაშების ტრასლირება. სხვანაირად შეუძლებელია ხუთი საათი ერთ სივრცეში ყოფნა და გულშემატკივრობა. მათ ტელევიზიის გაკეთების გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღიათ. ამ საკითხზე გამგეობა რამდენიმე სხდომის განმავლობაში მსჯელობდა. გამგეობის წევრების პოზიცია და მოსაზრებები წერილობითი სახით კომისიაშიც არის წარმოდგენილი. ისინი ელოდებოდნენ კომისიის გადაწყვეტილებას მათი ავტორიზაციის შესახებ, რათა შემდგომ მიეღოთ ფედერაციის 2019 წლის ბიუჯეტი. ფედერაციას ასევე გააჩნია სარეზერვო ფონდი 500,000.00 ლარის ოდენობით, რომლის დახარჯვას ამ ეტაპზე არ აპირებს და მას მომავალი პროექტებისთვის გამოიყენებს. ეს თანხები ეკუთვნის ფედერაციას, მათი შრომით არის გამომუშავებული და სურთ გამოიყენონ ტელევიზიის დაფინანსების კუთხით. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ვერ მოხვდება ტელევიზიაში, ვინაიდან ფედერაციას საკუთარი თანხები გააჩნია, ამიტომ დაფინანსების კუთხით კითხვები აღარ უნდა არსებობდეს კომისიის მხრიდან.

რაც შეეხება მეორე საკითხს მათ კონსულტაცია გაიარეს ადმინისტრაციული სამართლის სფეროში აღიარებულ ყველა სპეციალისტთან. ისინი მზად იყვნენ მოემზადებინათ სპეციალური დასკვნა კომისიისთვის, მაგრამ რადგან კომისიამ წერილობით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მისგან მიიღო პასუხი, მათ ჩათვალეს რომ დასკვნის წარმოდგენა აღარ იყო საჭირო. შესაბამისად გიორგი გიორგაძეს მიაჩნია, რომ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-მ ავტორიზაცია უნდა მიიღოს.

კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ არის ერთ-ერთი ავტორი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის. მასთან ერთად  2003-2004  წლებში ამ კანონპროექტის მომზადებაში  მონაწილეობდა ამავე კანონის თანაავტორი - გენადი უჩუმბეგაშილი. იმ დროს აბსოლუტურად გააზრებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფოს მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვის თაობაზე, რადგან იმჟამად ეს იყო ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკა. გამგეობებს,  სამინისტროებს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს ჰქონდათ დაფუძნებული თავიანთი ტელეკომპანიები, რომელთა დაფინანსებაც ხდებოდა სხვადასხვა ფორმით. ასევე მისი და კომისიის მონაწილეობით 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის თანახმად ტელემაუწყებლობის სფეროში გაუქმდა ლიცენზირება და შემოვიდა მარტივი ავტორიზაციის წესი. ეს არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის ყველაზე ლიბერალური რეჟიმი, კომისია ვალდებულია დოკუმენტაციის შემოტანიდან ათი დღის ვადაში მიანიჭოს ავტორიზაცია მსურველ პირს, თუმცა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები რასაც კანონი აწესებს. იგი მიიჩნევს, რომ სახეზეა მაუწყებლის ირიბი დაფინანსება, რადგან თანხები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ნაშთის სახით გააჩნია ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“ მიღებულია იმ ღონისძიებებიდან, რომლის ჩატარების უზრუნველყოფა განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

ვახტანგ აბაშიძემ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის“ მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია არსებობენ სპორტული ფედერაციები (შესაძლოა მათ შორის იყოს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც“) , რომლებიც ახორციელებენ არა მარტო საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დელეგირებული მათზე,  არამედ გარკვეულ ადმინისტრაციულ ქმედებებსაც. კერძოდ: იხილავენ დავებს, გასცემენ ლიცენზიებს, ადგენენ ზოგადი ქცევის წესებს და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში, რასაკვირველია მიმდინარეობს საკითხის ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით განხილვა. ამიტომ მიაჩნია, რომ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დამფუძნებელი ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად მისთვის ავტორიზაციის გაცემა ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

სხდომაზე ვახტანგ აბაშიძემ შეაჯამა საკუთარი მსჯელობა და აღნიშნა რომ იგი მხარს არ უჭერს  წარმოდგენილ პროექტს ვინაიდან თვლის, რომ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დამფუძნებელი ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადგილი აქვს სახელმწიფო სახსრებით მაუწყებლის ირიბ დაფინანსებას და მიაჩნია, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ“ საკუთარი სახსრები (რომელიც მიღებული აქვს, როგორც სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული აქტივობების ჩატარებიდან ასევე სახელმწიფო დაფინანსებისგან დამოუკიდებლად განხორციელებული ნებისმიერი კომერციული საქმიანობიდან) არ უნდა გამოიყენოს ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დაფინანსებისთვის.

კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სახსრებით პირდაპირ დაფინანსებას ვერ ხედავს, თუმცა მიაჩნია, რომ ადგილი აქვს ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას. მან განმარტა, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას“ არ ექნებოდა დამატებითი შემოსავალი თუ არ იარსებებდა ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა და მთელი რიგი ღონისძიებები. შესაბამისად ფედერაციის მხრიდან ვერ დაისმებოდა ტელევიზიის შექმნის საკითხი. მერაბ ქათამაძემ დააზუსტა, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ“ საკუთარი თანხების ის ნაწილი, რომელიც მიღებული აქვს, სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული აქტივობების ჩატარებიდან არ უნდა გამოიყენოს ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დაფინანსებისთვის. სხვა კომერციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს იგი არ მიიჩნევს ირიბ დაფინანსებად. მას ასევე მიაჩნია, რომ ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ის დამფუძნებელი ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებს, როცა იგი, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სუბიექტი მონაწილეობს ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში. შესაბამისად იგი მხარს არ უჭერს სხდომაზე წარმოდგენილ პროექტს.

კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ მას არ აქვს კითხვები დაფინანსების ნაწილში, რადგან თვლის რომ ეს არც პირდაპირი და არც ირიბი დაფინანსება არ არის. თუმცა პრობლემას ხედავს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში. კერძოდ მიაჩნია, რომ ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან სპორტის განვითარება (მათ შორის ჭადრაკის განვითარება) არის სახელმწიფოს ფუნქცია და ამ ფუნქციის განსახორცილებელად არსებობს ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“. შესაბამისად იგი მხარს არ უჭერს სხდომაზე წარმოდგენილ პროექტს.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362-ე მუხლის თანახმად „მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;

გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას;

დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად: „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი .

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს :

ა ) ადმინისტრაციული ორგანო ;

ბ ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი , სხვა საჯარო მოხელე ;

გ ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი ;

დ ) პოლიტიკური პარტია , პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ;

ე ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ;

ვ ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;

ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

3. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას“.

ამავე კანონის 371-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე“.

ასევე ამავე კანონის 661-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობის, კერძოდ ოთხი წევრის (ვ.აბაშიძე, ე.ასანიძე, გ.ფრუიძე, მ.ქათამაძე) მოსაზრებით, ააიპ „ჭადრაკი ტვ“ ვერ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნას და მიაჩნიათ, რომ კომპანიის დამფუძნებელი ააიპ „საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“ წარმოადგენს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს და შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს, ამასთან, კომისიის წევრთა უმრავლესობის, კერძოდ სამი წევრის (ვ.აბაშიძე, ე.ასანიძე, მ.ქათამაძე)  მოსაზრებით, შპს „ჭადრაკი ტვ“ ვერ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა მაუწყებლის პირდაპირი ან/და ირიბი დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კენჭისყრის შედეგად „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის N748 დადგენილების, ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, 362-ე, 37-ე, 371-ე მუხლების, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451-ე მუხლის და 661-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (ავტორიზაციის მომხრე, კომისიის წევრი: კახი ბექაური, ავტორიზაციის წინააღმდეგი კომისიის წევრები: ელისო ასანიძე, ვახტანგ აბაშიძე, მერაბ ქათამაძე, გიორგი ფრუიძე):

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი ეთქვას ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;

2.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული     გადაწყვეტილების     დამოწმებული     ასლის   ააიპ   „ჭადრაკი ტვ“-სთვის   გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ააიპ „ჭადრაკი ტვ“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ „ჭადრაკი ტვ“-სთვის  წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები