წვდომის მენიუ

შპს „თელნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

ნომერი: 157 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2019 17:54

მიღების თარიღი მარტი 21, 2019

შპსთელნეტის“  სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-19-10-454; 12.03.2019) აღნიშნულია, რომ შპს  „თელნეტს“, კომისიაში არ წარმოუდგენია 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 22,66 ლარი.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N19-10-467, 14.03.2019) აღნიშნულია, რომ შპს „თელნეტს“ 2018 წლის ოქტომბრის თვიდან არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო  დეპარტამენტის   სამსახურებრივი ბარათის N19-10-454; 12.03.2019) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-467, 14.03.2019) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2019 წლის 15 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის  21 მარტს, რის თაობაზეც შპს  „თელნეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-19-03/672; 15.03.2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და   ადმინისტრაციული    წარმოების    მასალების    გამოთხოვის    უფლება.    კომისიის    შეტყობინება (Nგ-19-03/672; 15.03.2019)   შპს  „თელნეტს“ არ  ჩაბარდა (გზავნილის კოდი AP01005981353; გაგზავნის თარიღი: 15.03.2019; სტატუსი: ადრესატი არ იმყოფება მისამართზე).

კომისიის 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „თელნეტის“ დირექტორი დავითი ჯავახიშვილი, რომელსაც ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებია.

კომისია აღნიშნავს, რომ  დღეის მდგომარეობით შპს „თელნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები  და გადაიხადა კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება - 22.66 ლარი (წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). შპს „თელნეტმა“, ასევე წარმოადგინა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან  თებერვლის თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის     აპარატის     საფინანსო-საბიუჯეტო     დეპარტამენტის     სამსახურებრივი   ბარათი (N19-10-454; 12.03.2019);
  2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-467, 14.03.2019);
  3. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/672; 15.03.2019)  და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი AP01005981353);
  4. „შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილება;
  5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „თელნეტის“  შესახებ მონაცემები;
  6. შპს „თელნეტის“ დირექტორის - დავით ჯავახიშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავლის ორდერი # 78654040).

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „თელნეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 10/03/2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi, ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება);
  2. 2019 წლის 12 მარტის მდგომარეობით შპს  „თელნეტს“, კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 22,66 ლარი;
  3. 2019 წლის 14 მარტის მდგომარეობით შპს „თელნეტს“ 2019 წლის ოქტომბრის თვიდან არ ქონდა წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  4.  „შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „თელნეტს“ დაევალა კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების - 22.66 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში; ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაევალა 2018 წლის ოქტომბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
  5. „შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  6. 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით შპს „თელნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები  და გადაიხადა კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება - 22.66 ლარი (წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). შპს „თელნეტმა“, ასევე წარმოადგინა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან  თებერვლის თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით შპს „თელნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2   პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის  და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების და შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „თელნეტის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე. შესაბამისად, შპს „თელნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით დაცული იქნება კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიღწეულ იქნება ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შპს „თელნეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და შპს „თელნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N647/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. შპს „თელნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების შპს „თელნეტისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „თელნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები