შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2019 13:45
მიღების თარიღი მარტი 21, 2019
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის № 15/3980-18 წერილის პასუხად 2019 წლის 6 მარტს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/976) წარმოადგინა ე.წ. „დიდი მონაცემების“ პროექტის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ მობილურ მომსახურებისათვის განკუთვნილი ქსელისა და მისი გარკვეული მახასიათებლების შესახებ. ამავე წერილში შპს „მაგთიკომი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის დანართში წარმოდგენილი ინფორმაცია კერძოდ: სიხშირე, ფიჭის ნომერი, სადგურის/ანტენის გრძედი და განედი, აზიმუტი, ფიჭის დაფარვის გეომეტრია, სიმძლავრე (HPBW - Half Power Beamwidth), გეოგრაფიის/რეგიონის კოდი (Area_code) და ფიჭის რიგითობა (gridcode).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომის“ 2019 წლის 6 მარტის წერილი და მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მოიცავს ქსელის გარკვეული ელემენტების დეტალურ აღწერას, რომელთა ერთობლიობა გაანალიზების და ქსელის სხვა ელემენტების მონაცემებთან გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია დადგინდეს შპს „მაგთიკომის“ ქსელის აგებულების ლოგიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურეტუნარიანობას. ასევე, საგულისხმოა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ცალკეული მონაცემი მაგ: ფიჭის ნომერი, აზიმუტი, ფიჭის დაფარვა და ა.შ. თავისთავად არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას და მისი გამჟღავნება ვერ მიაყენებს ზიანს კომპანიის კონკურენტუნარიანობას და მხოლოდ ამ მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ქსელის მოწყობასთან და მის ფუქნციონირებასთან დაკავშირებული გარვეკული გათვლებისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას, შესაძლოა გახდეს კომპანიისათვის ნეგატიური შედეგის მომტანი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, 2019 წლის 6 მარტის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/976) დანართით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, ერთობლივი სახით, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;
2. ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად 2019 წლის 6 მარტის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/976) დანართით CD-დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია, ერთობლიობაში;
3. ინფორმაცია ჩაითვალოს კომერციულ საიდუმლოებად შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან ვიდრე არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (მ. ნინუა);
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე) ;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
