შპს „ქიზიყის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 17:30
მიღების თარიღი მარტი 28, 2019
შპს „ქიზიყის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-19-10-454; 12.03.2019) აღნიშნულია, რომ შპს „ქიზიყს“, კომისიაში არ წარმოუდგენია 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N19-10-467, 14.03.2019) აღნიშნულია, რომ შპს „ქიზიყს“ 2018 წლის ნოემბრის თვიდან არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის Nშ-19-10-454; 12.03.2019) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-467, 14.03.2019) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 15 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 21 მარტს, რის თაობაზეც შპს „ქიზიყს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-19-03/674; 15.03.2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/674; 15.03.2019) შპს „ქიზიყს“ ჩაბარდა 2019 წლის 18 მარტს. კომისიის 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე შპს „ქიზიყის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, 2019 წლის 21 მარტის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 28 მარტს, რის შესახებაც შპს „ქიზიყს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (გ-19-03/763, 21.03.2019), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-qiziys1.page ). კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა 2019 წლის 25 მარტს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 28 მარტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ქიზიყის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, შპს „ქიზიყისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ასევე, კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 25 მარტს, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ქიზიყის“ დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის 28 მარტს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „ქიზიყმა“ კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმები (ნულოვანი) და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება. ასევე, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 28 მარტს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „ქიზიყმა“ თებერვლის თვის ჩათვლით შეავსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ნულოვანი).
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-19-10-454; 12.03.2019);
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-467, 14.03.2019);
- კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/674; 15.03.2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კომისიის შეტყობინება (გ-19-03/763, 21.03.2019) გაგზავნილი შპს „ქიზიყისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-qiziys1.page );
- „შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 29 მარტის N176/18 გადაწყვეტილება;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის 28 მარტს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაცია;
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 28 მარტს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაცია;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქიზიყის“ შესახებ მონაცემები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს “ქიზიყი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 01/12/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi;
- შპს „ქიზიყი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- 2019 წლის 12 მარტის მდგომარეობით შპს „ქიზიყს“, კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა); ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „ქიზიყმა“ წარმოადგინა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმები (ნულოვანი) და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
- 2019 წლის 14 მარტის მდგომარეობით შპს „ქიზიყს“ 2019 წლის ნოემბრის თვიდან არ ქონდა წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები; ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „ქიზიყმა“ 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეავსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ნულოვანი);
- „შპს „ქიზიყისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 29 მარტის N176/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით შპს „ქიზიყის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ქიზიყის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე. შესაბამისად, შპს „ქიზიყის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით დაცული იქნება კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიღწეულ იქნება ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ქიზიყი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- შპს „ქიზიყი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ქიზიყისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „ქიზიყისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
