წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 198 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2019 10:59

მიღების თარიღი აპრილი 04, 2019

შპს „ტელეიმედის“ მიმართ  ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განხილვის თაობაზე

I. დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ (შემდგომში „ქარტია“) კომისიას მიმართა საჩივრით (28.02.19 Nშ-19-6/878) და მოითხოვა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 

„ქარტიამ“ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართა საჩივრით, წინასაარჩევნო პერიოდში შპს „ტელეიმედის“  ჟურნალისტების მიერ, „ქარტიის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანომ დაარღვია საჩივრის განხილვის კანონმდებლობით განსაზღვრული  როგორც 72 საათიანი, ისე 21 დღიანი ვადა და საკითხი განიხილა 3 თვის შემდეგ, „ქარტიის“ მიერ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვისა და ამ უკანასკნელის მიერ საჩივრის განხილვის დავალდებულების შემდეგ. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებია  „ქარტიას“.

„ქარტიის“ მოთხოვნა:

იმსჯელოს კომისიამ შპს „ტელეიმედმა“ დაარღვია თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დაკისრებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

შპსტელეიმედისმიმართ  ()იპსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგანცხადების განსახილველად მიღებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზეკომისიის 2019 წლის 7 მარტის N115/23 გადაწყვეტილებით საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2019 წლის 28 მარტს.

2019 წლის 28 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა „ქარტიის“ წარმომადგენელი ნ. ძველიშვილი,  შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი.

„ქარტიის“ წარმომადგენელმა ნ. ძველიშვილმა მხარი დაუჭირა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს და აღნიშნა, რომ რომ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიზანს წარმოადგენს მაუწყებლებში თვითრეგულირების ორგანოს  ეფექტიანობის  გაზრდა,   ქვეყანაში პროფესიონალიზმის, ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლება და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა. მისი განმარტებით, შპს  „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოში განცხადების შეტანა არის ძალიან რთული. რადგან, რიგითი მოქალაქისთვის აბსოლუტურად უცნობია შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს არსებობა, რადგან მათ ვებ გვერდზე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ განთავსებული.  მათთვის უცნობია თვითრეგულირების ორგანოს წევრების ვინაობა და სააპელაციო ორგანოს არსებობა. მან დასძინა, რომ კანონში არ არის ზუსტად გაწერილი ამ ინფორმაციის განთავსების აუცილებლობა, მაგრამ იმისათვის, რომ ღია იყოს მაუწყებელი და დაინტერესებულმა პირმა ადვილად შეძლოს ამ მექანიზმის გამოყენება, მისი აზრით, ეს საკითხი უნდა იყოს მოწესრიგებული და ყველანაირი ინფორმაცია უნდა იყოს ვებ გვერდზე განთავსებული. მან დასძინა, რომ მას შემდეგ რაც, 2018 წლის 19 სექტემბერს შეიტანეს განცხადება შპს „ტელეიმედის“ კანცელარიაში, დიდი ხნის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო მიიღეს თუ არა მათი განცხადება. მისთვის უცნობი იყო, ვისთვის უნდა მიემართა, რადგან მაუწყებლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ტელეფონი არ მუშაობდა, შესაბამისად, მას დასჭირდა პირადი კონტაქტების გამოყენება. იგი დაუკავშირდა ა. ლაშხს, რომ გაერკვია მიეცა თუ არა მსვლელობა მის განცხადებას. ნ.ძველიშვილის განმარტებით, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების შესაბამისად,  საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო დებატების, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას, მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივართან დაკავშირებით, მაუწყებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში. ამ დადგენილებაში არ არის მითითება, რომ აუცილებლად საარჩევნო სუბიექტს უნდა ეხებოდეს ეს გადაცემა, რომ გავრცელდეს 72 საათის ვალდებულება. მოცემულია მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი. მაუწყებლის მიერ არ შესრულებულა ზოგადი ვალდებულებაც, რომლის თანახმად მათ საჩივარი უნდა განეხილათ 21 დღის ვადაში; ნ.ძველიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის აზრით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-14 მუხლი დარღვეულია, ვინაიდან, მისი აზრით, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო თვითრეგულირების მექანიზმის ფუნქციის შესრულება და იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსით აქვს ნაკისრი. მან ასევე აღნიშნა, რომ მათი თვითმიზანი არის მხოლოდ პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და მიაჩნიათ, რომ თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობა არის ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება. მათი მიზანია, რომ ეს ორგანოები იყოს ძლიერი და უფრო მეტი მოქალაქე მიმართავდეს პრეტენზიის შემთხვევაში;

ა. ლაშხმა განმარტა,  რომ პირველი ინსტანციის ორგანომ არ განიხილა საქმე, ვინაიდან  საჩივრის ხასიათი და მისი შინაარსი აშკარად და ცალსახად იყო პროვოკაციული ხასიათის და იმ მომენტში არსებული კონკრეტული პოლიტიკური კონიუქტურით იყო ნაკარნახევი, კერძოდ იცავდა ერთ-ერთი  საარჩევნო სუბიექტის, გრიგოლ ვაშაძის ინტერესებს. ა.ლაშხის განმარტებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექში გაწერილია მექანიზმი და იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს თვითრეგულირების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები და ზოგადად მისი ქმედებები, ამისთვის არსებობს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო. მართალია, მხარე აცხადებს, რომ  შეუძლებელია და რთულია შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვა, თუმცა ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. შპს „ტელეიმედის“ მისამართი საჯაროდ არის ცნობილი, განცხადებები, მათ შორის სააპელაციო ორგანოს განცხადებებიც მიიღება ამ მისამართზე. პრობლემა არ შექმნილა სააპელაციო ორგანოს მიერ არც ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივრის მიღების დროს და არც ამ საჩივრის განხილვისას. ასევე არ ყოფილა პრობლემა, სააპელაციო ორგანოს მიერ საჩივრის თვითრეგულირების პირველ ინსტანციაში დაბრუნების დროს. შესაბამისად, ის მექანიზმი, რაც გაწერილია კანონმდებლობით, თავიდან ბოლომდე მოქმედია; მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში არსებობს პირველი ინსტანცია და სააპელაციო ორგანო; პირველი ინსტანციის დარღვევას ასწორებს სააპელაციო ორგანო; შპს „ტელეიმედის წარმომადგენელმა ა.ლაშხმა დაადასტურა, რომ წერილობითი ფორმით დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორს არ ჩაბარებია, თუმცა ზეპირი დასაბუთება მოისმინა ნ.ძველიშვილმა, რომელიც თავად ესწრებოდა საჩივრის განხილვას, ამასთან წერილობითი ფორმით განხილვის დღესვე (2018 წლის 21 დეკემბერს) ეცნობა, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

II. შესწავლილი მტკიცებულებები

  1. ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ (შემდგომში „ქარტია“) საჩივარი (28.02.19 Nშ-19-6/878) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტება (28.03.19. Nშ-19-6/1305);
  3. 2019 წლის 28 მარტის სხდომაზე  ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლის ნ. ძველიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
  4. 2019 წლის 28 მარტის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა.ლაშხის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. 2018 წლის 19 სექტემბერს ქარტიამ მიმართა შპს „ტელეიმედს“  საჩივრით შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით; აღნიშნულ სიუჟეტში ქარტიის გადაწყვეტილება შეფასებული იყო, როგორც „უცნაური“ და „არაადექვატური“;
  2. 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანომ არ განიხილა ქარტიის საჩივარი და ქარტიამ მიმართა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს და მოითხოვა საჩივრის განხილვა;
  3. შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ  2018 წლის 29 ნოემბერს იმსჯელა ქარტიის საჩივართან მიმართებაში, საჩივარი არ განიხილა არსებითად, დოკუმენტაცია გადაუგზავნა თვითრეგულირების ორგანოს და დაავალა საჩივრის განხილვა;
  4. 2019 წლის 21 დეკემბერს ქარტიის საჩივრის განხილვა გაიმართა თვითრეგულირების ორგანოში, აღნიშნულის თაობაზე ქარტიას ეცნობა 2019 წლის 20 დეკემბერს.
  5. 2019 წლის 21 დეკემბერს, თვითრეგულირების ორგანოს მიერ ქარტიის საჩივრის განხილვის შემდგომ წერილობით ეცნობა ქარტიის წარმომადგენელს ნ.ძველიშვილს, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცემოდა უმოკლეს ვადებში;
  6. ქარტიას დღემდე არ ჩაბარებია თვითრეგულირების ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
  7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით ქარტიას აღარ მიუმართავს შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოსთვის;
  8. 2019 წლის 28 თებერვალს ქარტიამ კომისიას მომართა საჩივრით და მოითხოვა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე მსჯელობა.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (შენიშვნასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით);
  5. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
  6. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.
  7. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს. 
  8. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

კომისიის 2012 წლის დადგენილების („საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების შესახებ“) მე-9 მუხლში მითითებულ 72 საათიანი ვადა შეეხება  წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის ახალ ამბებში, რეკლამასა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების პროცესში მაუწყებლის ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ შეტანილ საჩივარს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ თემა იყოს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება და საჩივარი უნდა შეეხებოდეს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც აღნიშნული დადგენილებითაა გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ქარტიის გადაწყვეტილება შეეხებოდა საარჩევნო სუბიექტებსა და პერიოდი იყო წინასაარჩევნო, ქარტია არ წარმოადგენდა იმ დაინტერესებულ პირს, რომლის მიმართაც აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები გააჩნია მაუწყებელს წინასაარჩევნო პერიოდში. საჩივრის განხილვის სწრაფი განხილვის მიზანიც არის სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიმართ დარღვეული უფლების დროული აღდგენა და დარღვევის აღმოფხვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, რაც გულისხმობს, რომ საჩივარი თვითრეგულირების ორგანომ უნდა განიხილოს კანონმდებლობით განსაზღვრულ 21 დღიან ვადაში და თუ აღნიშნული ვადა არ არის საკმარისი, აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, საჩივარზე დროულ რეაგირებად ვერ ჩაითვლება საჩივრის განხილვა 3 თვის შემდეგ.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ტელეიმედის“ განმარტებას, რომ თვითრეგულირების ორგანომ განუხილველად დატოვა საჩივარი, ვინაიდან მიიჩნია დაუშვებლად პოლიტიკური კონიქტურის გამო. კომისიას მიაჩნია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული თვითრეგულირების ორგანოს მიერ უნდა იყოს დროული და დასაბუთებული, მათ შორის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მითითების შემდგომ, თვითრეგულირების ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და არა განუხილველად დატოვების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მიერ დაცული იქნა საჩივრის განხილვისა და დროული რეაგირების სტანდარტი და მისი მითითების შესაბამისად, თვითრეგულირების ორგანომ განიხილა ქარტიის საჩივარი, დაინტერესებული პირების მოწვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ აღდგენილი იქნა ქარტიის უფლება საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული, რათა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება აღნიშნული გადაწყვეტილება შინაარსობრივად, არგუმენტირებულად გაასაჩივროს სააპელაციო ორგანოში.

კომისიას მიაჩნია, რომ თვითრეგულირების ორგანოს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორს უნდა ჩაბარდეს დროულად, გონივრულ ვადაში.

კომისიის მიერ დადგენილია, რომ ქარტიას ჩაბარდა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს წერილობითი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში ჩაუბარებლობის შემდგომ, ქარტია უფლებამოსილი იყო მიემართა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოსთვის და გაესაჩივრებინა თვითრეგულირების ორგანოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, თუმცა ქარტიამ აღნიშნული უფლება არ გამოიყენა და მომართა კომისიას. საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.

კომისია აღნიშნავს, რომ ქარტიას არ ამოუწურავს თვითრეგულირების მექანიზმის ორივე ინსტანცია კომისიისთვის მომართვამდე, კერძოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ქარტიას არ მიუმართავს არც თვითრეგულირების პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო ორგანოსთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს მაუწყებლის თვითმმართველობის ორგანოს ორ ინსტანციას, შესაბამისად, თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობაზე მსჯელობისას, მიზანშეწონილია სახეზე იყოს როგორც თვითრეგულირების პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ორგანოს ქმედება ან უმოქმედობა

კომისია აღნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ორივე ინსტანციის ამოწურვის შემდგომ შეძლებს კომისია იმსჯელოს შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობაზე.

კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი, მან აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის არგუმენტებს სრულად იზიარებს, როგორც საქმის აღწერის, მტკიცებულებების შესწავლის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და  სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში, როდესაც, კომისია აცხადებს, რომ საჩივარზე დროულ რეაგირებად ვერ ჩაითვლება საჩივრის განხილვა 3 თვის შემდეგ, ანუ დარღვეულია განხილვისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადა, ასევე აცხადებს, რომ თვითრეგულირების ორგანომ არ გაუგზავნა საჩივრის ავტორს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ სარეზოლუციო ნაწილს არ ეთანხმება. მისი აზრით, შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მექანიზმმა ვერ იმუშავა ეფექტურად. კომისიის წევრმა მ. ქათამაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეთანხმება კომისიის შეფასებას, რომ სააპელაციო ორგანო გამართულად და ეფექტურად მუშაობს, მაგრამ თვითრეგულირების მექანიზმის პირველი ინსტანციის არაეფექტური მუშაობა საბოლოოდ, თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიან მუშაობას უშლის ხელს. ეს ორი გარემოება დადგენილია, არის დარღვევები. შესაბამისად, ვერ იზიარებს გადაწყვეტილების პროექტის სარეზოლუციო ნაწილს. კომისიის წევრი  მ.ქათამაძე ასევე ეთანხმება კომისიის პოზიციას 72 საათიანი გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, 72 საათი დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო სუბიექტთან, ანუ დაინტერესებულ პირთან. ამ თავლსაზრისით მიაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილებაც არის თანმიმდევრული. გულისხმობს კომისიის მიერ წინა პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის დროსაც იყო კამათი საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე უფლებამოსილ პირთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კომისიამ განმარტა, რომ დაინტერესებული პირი არის საარჩევნო სუბიექტი. ამ შემთხვევაშიც იზიარებს ამ მიდგომას. მას მიაჩნია, რომ ეს ორი დარღვევა სახეზეა „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობაში. კომისიის წევრის მ. ქათამაძის აზრით, ახლა რომ მიმართოს საჩივრის ავტორმა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს და მიიღოს წერილობითი დასაბუთება, ამ ორ დარღვევას ვერ აღმოფხვრის. ამიტომ, კომისიის გადაწყვეტილების წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგია.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, კომისიის წევრი: გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი: კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე)

:

  1. ქარტიის მოთხოვნა შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ქარტიას არ ამოუწურავს თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობა;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ);

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები