წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 219 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2019 11:23

მიღების თარიღი აპრილი 11, 2019

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“)  2019 წლის 5 მარტს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (N16/23486, 05/03/19) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენიათ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.  კომისიის 2018 წლის 725/18 გადაწყვეტილებით - „შპს “ახალი ქსელების“,  შპს „ახტელის“,  შპს „კავკასუს ონლაინის“,   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე“, კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისთვის განესაზღვრათ დამატებითი ვადა 2019 წლის 15 თებერვლამდე.

კომისიამ  2019 წლის 21 მარტს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილში მითითებულ ავტორიზებულ პირებს, გაუგზავნა წერილები და გამოითხოვა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის მიზეზებთან დაკავშირებული ახსნა-განმარტება.  აღნიშნულ წერილზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს კომისიაში პასუხი არ მოუწერია.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2019 წლის 4 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის იურისტი ა. ედიშერაშვილი. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას. საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2019 წლის 11 აპრილს, რის თაობაზეც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა შეტყობინებით (Nგ-19-03/1004; 05.04.19).

კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის იურისტი ა. ედიშერაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს არ წარმოუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშგებები. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა ერთ თვიანი ვადის განსაზღვრა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

 შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ  სხდომის დღის, დროის და ჩატარების ადგილის თაობაზე შეტყობინება კომპანიას 2019 წლის 8 აპრილს ჩაბარდა. კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი კომპანიის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

  1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (05.03.19, N16/23486);
  2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (02.04.19; N16/34434);
  3. კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N725/18 გადაწყვეტილება „შპს “ახალი ქსელების“,  შპს „ახტელის“,  შპს „კავკასუს ონლაინის“,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე“;
  4.  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1.   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს.
  2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“  წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;
  3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“   ვალდებულია  ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
  4. კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N725/18 გადაწყვეტილებით, ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს განესაზღვრათ დამატებით ვადა, 2019 წლის 15 თებერვლამდე ბუღალტრული ანგარიშგებების წარმოდგენისთვის;
  5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს არც 2019 წლის 15 თებერვლისთვის, არც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ ჰქონდა წარმოდგენილი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

  1.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
  2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;
  3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
  4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
  5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად  სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომისიას მიაჩნია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთ თვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N725/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და კომისიის 2018  წლის 27 დეკემბრის N725/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში;

3.     დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის   გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4  პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები