შპს „გურია-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2019 14:02
მიღების თარიღი აპრილი 11, 2019
შპს „გურია-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-553, 28.03.2019) ირკვევა, რომ შპს „გურია-ნეტმა“ 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 543.09 ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N19-10-553, 28.03.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 11 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (გ-19-03/922, 29.03.2019) ფოსტით გაეგზავნა შპს „გურია-ნეტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის შეტყობინება (N19-10-553, 28.03.2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 2 აპრილს.
კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „გურია-ნეტის“ ტექნიკური დირექტორი მ.ჯ, რომელსაც ახსნა-განმარტებები კომისიის სხდომაზე არ გაუკეთებია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის 11 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, შპს „გურია-ნეტმა“ 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 0,91 ლარი.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრვი ბარათი (N19-10-553, 28.03.2019);
- კომისიის შეტყობინება (გ-19-03/922, 29.03.2019) გაგზავნილი შპს „გურია-ნეტისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის 11 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაცია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „გურია-ნეტის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „გურია-ნეტი“ 2013 წლის 26 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);
- შპს „გურია-ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით შპს „გურია-ნეტს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხებოდა დავალიანება - 543.09 ლარის ოდენობით; ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „გურია-ნეტმა“ სრულად დაფარა დავალიანება და ზედმეტად ერიცხება რეგულირების სფასური - 0.91 ლარის ოდენობით;
- შპს „გურია-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „გურია-ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „გურია-ნეტის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე. შესაბამისად, შპს „გურია-ნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით დაცული იქნება კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიღწეულ იქნება ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „გურია-ნეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;
- შპს „გურია-ნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გურია-ნეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გურია-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „გურია-ნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
