შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:48
მიღების თარიღი აპრილი 25, 2019
შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახნეტი“ (ს/კ 224086076) წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს. შპს „ახნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF83 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 12317 მჰც ÷ 12817 მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 500 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. ახალციხე;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 იანვრამდე;
ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახნეტი“ ფლობდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას, რომელიც შეუჩერდა კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N428/3 გადაწყვეტილებით, ვინაიდან კომპანია არ ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტს) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. შპს „ახნეტი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს და ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ახალციხეში ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის პროცესში 12317 მჰც ÷ 12817 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, მიტრისის სისტემის ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა. (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი Nშ-19-10-309, 14.02.2019).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შეტყობინება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 19 აპრილს. 2019 წლის 25 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ახნეტის“ წარმომადგენელი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, ვინაიდან სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 30 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახნეტისთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით) (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
