წვდომის მენიუ

შპს ,,ახალი ქსელების“ წინააღმდეგ მომხმარებელ რ.ბუღაძის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 270 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2019 10:56

მიღების თარიღი მაისი 02, 2019

შპს ,,ახალი ქსელებისწინააღმდეგ მომხმარებელ რ.ბუღაძის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 19-10-670, 23/04/2019) და თანდართული დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ კომისიაში ინტერნეტ ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით შემოვიდა რ.ბ.-ის საჩივარი ინტერნეტ ხარისხთან დაკავშირებით (ინტერნეტ პროვაიდერი: შპს „ახალი ქსელები“). მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიაში შემოსული საჩივრის (შ-19-9/1425; 02.04.2019) შესაბამისად, კომისიის აპარატურით ჩატარდა ინტერნეტის ხარისხის ტესტები (შემოწმების დრო: 15.04.2019, 14:04 საათიდან 16.04.2019, 16:30 საათამდე), რომლის შესაბამისად დაფიქსირდა შემდეგი შედეგები: მაქსიმალური სიჩქარე - 2.658 მბ/წმ; მინიმალური სიჩქარე - 1.177 მბ/წმ; ხელმისაწვდომი სიჩქარე - 1.432 მბ/წმ.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 19-10-670, 23/04/2019) ასევე ირკვევა, რომ კომისიის 2019 წლის 18 აპრილის (N გ-19-05/1155; 18/04/2019) წერილის პასუხად, შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2019 წლის 22 აპრილს (შ-19-6/1841; 22.04.2019) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ აბონენტს რ.ბ.-ს, შემოწმების მომენტში მიეწოდებოდა პაკეტი „მინიმალი“, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტ სიჩქარეს - 2 მბ/წმ (პარამეტრები: მაქსიმალური სიჩქარე: 2 მბ/წმ; ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე: 1.6 მბ/წმ; მინიმალური სიჩქარე: 0.4 მბ/წმ).

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს კომისიის მიერ ჩატარებული ტესტის შედეგების საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ ხორციელდებოდა „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადაგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრული შეუსაბამო ხარისხის ინტერნეტმომსახურება. კერძოდ, აბონენტს არ მიეწოდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე ( ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1.6 მბ/წმ-ის ნაცვლად, მიეწოდება 1.432 მბ/წმ-ში).

შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ მომხმარებელ რ.ბ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 02 მაისს, 15:00   საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობა შპს „ახალ ქსელებს“ და   მომხმარებელ რ.ბ.-ს.

2019 წლის პირველ მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ წერილი თანდართული მომხმარებელ რ.ბ.-ის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/1986, 01.05.2019). რ.ბ.-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან არის  შპს „ახალი ქსელების“ ადსლ აბონენტი. ხოლო 2019 წლის 18 აპრილიდან გადავიდა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე, კმაყოფილია აღნიშნული მომსახურებით  და მომსახურების ხარისხზე პრეტენზია არ გააჩნია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებთან“ დავის განხილვა აღარ არის მის ინტერესში და ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

II.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
  3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი მომხმარებელ რ.ბ.-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ  შპს „ახალი ქსელების“ მიმართ პრეტენზია არ გააჩია და შესაბამისად, არ სურს კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვის საფუძველია მომხმარებლის საჩივარი/განცხადება და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ მისი საჩივრის განხილვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ რ.ბ.-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  1. განუხილველად დარჩეს მომხმარებელ რ.ბ.-ის საჩივარი შპს „ახალი  ქსელების“ წინააღმდეგ;
  2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ რ.ბ-ს და შპს „ახალი ქსელებისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდეზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები