წვდომის მენიუ

შპს „მიკრონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 271 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2019 10:59

მიღების თარიღი მაისი 02, 2019

შპს „მიკრონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.   საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-647; 17/04/2019) თანახმად, კომისიაში შემოსული შპს „ბანეტის“ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1711 15.04.2019) ირკვევა, რომ შპს „ბანეტმა“ შეიძინა შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%. სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მიკრონეტის“ წილის შეძენამდე წილის 100%-ის მფლობელი იყო ფიზიკური პირი დავით სიხარულიძე. ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია. დღეის მდგომარეობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „ბანეტი“, ხოლო დირექტორები არიან დავით სიხარულიძე და გიორგი ციკოლია. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, ზემოაღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად შპს „მიკრონეტს“ კომისიისთვის არ მოუმართავს.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-647; 17/04/2019) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მიკრონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 2 მაისი, რის შესახებ შეტყობინება (Nგ-19-03/1229; 25/04/2019) გაეგზავნა შპს „მიკრონეტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N გ-19-03/1229; 25/04/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 30 მაისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 2 მაისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მიკრონეტის“ დირექტორი გიორგი ციკოლია, რომელიც ასევე არის შპს „ბანეტის“ წარმომადგენელი.

შპს „მიკრონეტის“ დირექტორმა გიორგი ციკოლიამ კომისიის 2019 წლის 2 მაისის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100% შეძენის მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობა მიიღო 2017 წელს. შესაბამისად, განმეორებით კომისიისთვის არ მოუმართავს.   ამასთან აღნიშნა, რომ 2019 წლის მდგომარეობით კომპანიებში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები 

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (N19-10-647; 17/04/2019);
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან ((B18083641, 08/08/2018 და  B19036315, 28/03/2019) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მიკრონეტის“ შესახებ;
  3. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/1229; 25/04/2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01006134734)
  4. კომისის 2017 წლის 27 დეკემბრის N836/11 გადაწყვეტილება „შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“;
  5. შპს „მიკრონეტის“ დირექტორის გიორგი ციკოლიას მიერ კომისიის 2019 წლის 2 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები 

  1. შპს „მიკრონეტი“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
  2. შპს „მიკრონეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2019 წლის 28 მარტს განხორციელდა ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტებში, კერძოდ,  შპს „მიკრონეტის“ 100% წილის მფლობელი გახდა შპს „ბანეტი“, ხოლო დირექტორები არიან დავით სიხარულიძე და გიორგი ციკოლია;
  4. „შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N836/11 გადაწყვეტილებით შპს „ბანეტს“ და შპს „მიკრონეტს“ მიეცათ თანხმობა შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე.

IV.          სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
  9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად,  თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ „შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N836/11 გადაწყვეტილებით შპს „ბანეტს“ და შპს „მიკრონეტს“ მიეცათ თანხმობა შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის დარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V.            სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე და 27-ე მუხლებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-17 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

:

  1. შეწყდეს შპს „მიკრონეტს“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მიკრონეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მიკრონეტისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მიკრონეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები