წვდომის მენიუ

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: 36 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2019 17:51

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6325-18; 29.11.2018), საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს საჩივრის ავტორმა წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65.2 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მიწის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების პროცესში ვებ-გვერდის www.sakutreba.ge დახმარების შესახებ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება. სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 14 ნოემბრის N4600/1 წერილით ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უარი ეთქვა სოციალური რეკლამის განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ შეესაბამება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, წარმოდგენილი ვიდეო რგოლით ხორციელდება ვებ-გვერდის რეკლამირება და ამასთან, რგოლი შეიცავს კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ კომერციული რეკლამის ნიშნებს.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ მომზადებული სარეკლამო ვიდეო რგოლი მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და მოცემულ შემთხვევაში ეს არის ცოდნა/მითითება/ინსტრუქცია საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. საკუთრება არის საქართველოს კონსტიტუციით  გარანტირებული  ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ფლობდეს, სარგებლობდე და განკარგავდე ქონებას. დღეს მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრი 2016 წლის ივლისის საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით ახორციელებს რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი საშეღავათო პირობებით მიწის/ქონების რეგისტრაციას. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმე ეხება საკმაოდ რთულ სამართლებრივ საკითხს, რომელსაც ხშირად ახლავს დავები და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ხდება მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედება, რასაც დამატებით სჭირდება სპეციალური ცოდნის მქონე პირის - იურისტის კონსულტაცია, რის გამოც მნიშვნელოვანია მოქალაქემ თავიდანვე, რეგისტრაციის პროცესის დაწყებისთანავე სწორად განახორციელოს პროცედურული/საკანონმდებლო მოთხოვნები და თავიდან აირიდოს შემდგომი ქონების რეგისტრაციის სირთულეები. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ვებ-გვერდი - www.sakutreba.ge არის მარტივ სტრუქტურაზე დაფუძნებული ინსტრუქციების ერთობლიობა, რომელიც აძლევს მოქალაქეს განმარტებას, მათ შორის, ვიზუალური/ნიმუში დოკუმენტების ჩვენების სახით და ამასთან, ერთი ფანჯრის პრინციპით ახდენს ძიებას ძირითად www.napr.gov.ge საიტზე. გარდა ამისა, რთული სამართლებრივი საკითხები განმარტებულია მარტივი სახით ისე, რომ მოქალაქეს მაშინვე მიეწოდება ინფორმაცია გასაჩივრების ვადების და მისი საკუთრების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. შესაბამისად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი სიკეთე - დახმარება მიწის რეგისტრაციის პროცესში, სახეზეა.

ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, სარეკლამო რგოლს შეიძლება კლასიკურად საქველმოქმედო მიზანი არ ჰქონდეს, მაგრამ აღნიშნული საიტის მეშვეობით მოქალაქე მინიმუმ დაზოგავს იურისტთან პირველადი კონსულტაციისათვის აუცილებელ ხარჯებს, ისევე როგორც დამატებით სპეციალური ცოდნის მქონე პირის გარეშე მოახერხებს გაიგოს ინფორმაცია მისი ქონების რეგისტრაციის შესახებ და მას შეუძლია თან ჰყავდეს ,,ელექტრონული იურისტი“ პირველადი კონსულტაციისთვის. ამასთან, აღნიშნული დაეხმარება საჯარო რეესტრის კონსულტანტებს მათთან უკვე ინფორმირებული მოქალაქის მიერ სრულყოფილად მიტანილი დოკუმენტაციით ნაკლებად პრობლემური გახდეს რეგისტრაციის პროცესი.

ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი ასევე, მიმართულია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისკენ და შესაბამისობაშია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტთან.

ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ვიდეო რგოლში არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, ხოლო ვიდეო რგოლში მოხსენიებული ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ ეწევა არანაირ კომერციულ საქმიანობას. საჯარო რეესტრი კი იუსტიციის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ვიდეო რგოლში არაა საუბარი არცერთ ინდივიდუალურ მეწარმეზე, შესაბამისად, საუბარი არ არის მათი საქონლის კონკრეტული მარკების (მოდელები, არტიკულები) შესახებ, რომლებიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. შესაბამისად, მოცემული ვიდეო რგოლი ვერ ჩაითვლება კომერციული საქმიანობის შემცველ რეკლამად.

მოთხოვნა

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მიწის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების პროცესში ვებ-გვერდის www.sakutreba.ge  დახმარების შესახებ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული სოციალური რეკლამის განთავსება.

ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარს თან ერთვის 2018 წლის 9 ნოემბრის წერილი სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 14 ნოემბრის საპასუხო წერილი და ვიდეო რგოლის ამსახველი 1 CD დისკი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებებით (N03/3921-18; 13.12.2018; N03/3922-18; 13.12.2018) ეცნობა ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა  ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თ. ზაქარაშვილის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6621-18; 17.12.2018) საკითხის განხილვის გონივრული ვადით გადადების თაობაზე, ა/წ 20 დეკემბერს მივლინებაში ყოფნის საფუძვლით.

კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი, ხოლო ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, მის განცხადებაში მითითებული შვებულების პერიოდის გათვალისწინებით, კომისიამ საკითხის განხილვა გადადო და დანიშნა 2019 წლის 24 იანვარს, რის თაობაზეც სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, ხოლო ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-18-03/4144; 28.12.2018).

კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი და ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი თ. ზაქარაშვილი. 

თ. ზაქარაშვილის განმარტებით, ვიდეო რგოლი აძლევს ინფორმაციას მოქალაქეებს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ მარტივად www.sakutreba.ge პორტალზე შესვლით ელექტრონულად მიიღონ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე და რეგისტრაციის პირობებზე. მისი აზრით, ვიდეო რგოლი არის  საზოგადოების სიკეთის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რადგან ვებ-გვერდი მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას მისი საკუთრების სწორად რეგისტრაციისთვის. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმარება საჯარო რეესტრს, რათა მოქალაქეთა ინფორმირების გაზრდით შემცირდეს ხარვეზები რეგისტრაციის დროს. თუ მოქალაქე გახსნის www.sakutreba.ge გვერდს, ის მიიღებს უფასოდ „ელექტრონული იურისტის“ კონსულტაციას, შესაბამისად ის მიიღებს ინფორმაციას სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და პროცედურების შესახებ.

თ. ზაქარაშვილის განმარტებით, ვებ პორტალი მოქალაქეს აძლევს ორ მთავარ ინფორმაციას: 1) როგორ მოიძიოს, სად წარადგინოს და რა პროცედურით წარადგინოს დოკუმენტაცია; 2) როდესაც წარადგენს დოკუმენტაციას, რა ხდება მის რეგისტრაციაზე, როგორ უნდა გააგრძელოს დავა, რა გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრმა. თ. ზაქარაშვილის განცხადებით, ვებ-გვერდი მოქალაქეებს მარტივ ენაზე განუმარტავს საჯარო რეესტრის წერილში მითითებულ მუხლებს, რომლებიც რთული გასაგებია.  მაგალითად,  საიტი მიუთითებს, რომ კანონის ამ მუხლების მითითებით საჯარო რეესტრი აცნობებს მოქალაქეს, რომ მის რეგისტრაციაზე წარსადგენია დამატებითი დოკუმენტი.

თ. ზაქარაშვილის განმარტებით, ვიდეო რგოლი მიმართულია საქველმოქმედო მიზნებისკენ. მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმიანობაში ჩადებულია ინტელექტუალური შრომა, რომელიც მოქალაქეს დააზოგინებს გადასახდელ თანხას. მისი შეფასებით, ეს არის არაპირდაპირი საქველმოქმედო საქმიანობა. თ. ზაქარაშვილის განცხადებით, მოქალაქე უფასოდ ღებულობს ინფორმაციას საჯარო რეესტრში მისვლამდე დოკუმენტების შესახებ, შეუძლია თვალი ადევნოს მიწის რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების განხილვის პროცესს და მიიღოს უფასოდ კონსულტაცია ელექტრონულად.

თ. ზაქარაშვილის განმარტებით, ვიდეო რგოლი მიმართულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ. 25 წლის განმავლობაში ქვეყანა გაიარა მიწის რეფორმის 3 ტალღა და ეს არის სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეების ინფორმირებაზე და მათ დახმარებაზე ზრუნვა, რათა მათ შეძლონ საჯარო რეესტრში მომზადებული მისვლა. საჯარო რეესტრში მისულ მოქალაქეებს ზუსტად ეცოდინებათ რა დოკუმენტებს უნდა ფლობდნენ. ასევე  მარტივად და გასაგებ ენაზე განემარტებათ  საჯარო რეესტრის პასუხი, რომელიც ბევრ სამართლებრივ დებულებას შეიცავს. მოქალაქეები გაფრთხილდებიან, რომ მაგალითად, საჯარო რეესტრის კონკრეტული განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქე 30 დღეში არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, დაკარგავს უფლებას მიწის  რეგისტრაციაზე.

თ. ზაქარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი,  მისი საქმიანობა მთლიანად პრობონო საქმიანობაა და  ვებ-გვერდი ასევე, უფასოა.

თ. ზაქარაშვილის განმარტებით, მათ ვებ გვერდზე მონაცემთა (ინდივიდუალური სარეგისტრაციო კოდი) შეტანით, საჯარო რეესტრის მონაცემები გადმოვა მათ ვებ გვერდზე და მარტივი ენით გაკეთდება განმარტებები მომხმარებლისთვის, რომელიც არ იქნება აკადემიური და სამართლებრივი ფორმით გამოხატული. მათი ვებ გვერდი მოქალაქეს ასევე დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. მაგ: თუ საჯარო რეესტრი მოქალაქეს აცნობებს, რომ მისი წარმოება შეჩერებულია, www.sakutreba.ge მათ აცნობებს, რომ საჯარო რეესტრი გულისხმობს, რომ მოქალაქემ 30 დღეში უნდა წარადგინოს აზომვითი ნახაზი. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს აღარ სჭირდება იურისტის მოძებნა იმისთვის, რომ გაიგოს რა მისწერა მას საჯარო რეესტრმა. მან ასევე დაადასტურა, რომ მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს ვებ-გვერდის მეშვეობით. თ. ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ორგანიზაციას შეხება არ აქვს ვებ-გვერდით მოსარგებლე მოქალაქეებთან.

კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ვებ-გვერდი www.sakutreba.ge შეიცავს კომერციულ მინიშნებებს. ვებ-გვერდის ბოლოს მითითებულია კომპანია „Omedia studia” და ამავე გვერდზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით მის ვებ-გვერდზე  შესვლისას შესაძლებელია ამ კომპანიის პიარის ნახვა. აქ მითითებულია, ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების შესახებ და რომ  მოცემული ვებ გვერდიც არის მისი შექმნილი. აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ  მოღვაწეობს „Omedia studia“ წლების მანძილზე. მისი განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლი არის კონკრეტული პროდუქტის - ვებ გვერდის www.sakutreba.ge რეკლამირება. დ. ბერძენიშვილის განმარტებით, ვიდეო რგოლი შეიცავს გარკვეულწილად ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მომსახურების რეკლამირებას. დ. ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ როგორც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს არ ეკრძალება კომერციული საქმიანობის განხორციელება იმ პირობით, რომ მიღებული მოგება არ უნდა გადანაწილდეს ორგანიზაციის წევრებს შორის.

აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის განმარტებით, ხორციელდებოდა კონკრეტული მომსახურების რეკლამირება, მათ შორის, ვებ-გვერდის და ამ გვერდზე იურისტის მიერ უფასოდ გაწეული მომსახურების ნაწილში. ასევე, სოციალური რეკლამისთვის დადგენილი სარეკომენდაციო სახელმძღვანელო წესების თანახმად, უნდა არსებობდეს გარკვეული აქტივობა, მიმდინარე პროცესი, რომლის შესახებაც უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობის ინფორმირება, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო და სოციალური რეკლამის სახით ამ ვიდეო რგოლის გაშვებაზე მაუწყებლის დავალდებულება არ იქნება სწორი. მისი განცხადებით, გასაგებია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ის არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, რომლის განთავსებასაც მაუწყებელს დაავალდებულებენ.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა ა/წ 31 იანვარი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის ა/წ 24 იანვრის სხდომაზე.

 II.   შესწავლილი მტკიცებულებები

1. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6325-18; 29.11.2018) თანდართული დოკუმენტაციით (2018 წლის 9 ნოემბრის წერილი სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 14 ნოემბრის საპასუხო წერილი და ვიდეო რგოლის ამსახველი 1 CD დისკი);

2. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6621-18; 17.12.2018) თანდართული დოკუმენტაციით (ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2018 წლის 14 დეკემბრის წერილი კომისიას და (ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გაცემული მინდობილობა);

3. ვებ-გვერდზე www.sakutreba.ge განთავსებული ინფორმაცია;

4. ვებ-გვერდზე www.omedia.ge განთავსებული ინფორმაცია;

5. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

6. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

7. აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2018 წლის 9 ნოემბერს  ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მიწის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების პროცესში ვებ-გვერდის www.sakutreba.ge დახმარების შესახებ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 14 ნოემბრის N4600/1 წერილით ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უარი ეთქვა სოციალური რეკლამის განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ შეესაბამება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, წარმოდგენილი ვიდეო რგოლით ხორციელდება ვებ-გვერდის რეკლამირება და ამასთან, რგოლი შეიცავს კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ კომერციული რეკლამის ნიშნებს.

2. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ვიდეო რგოლში მოცემულია შემდეგი შინაარსის ხმოვანი ტექსტი:

,,მიწის რეგისტრაციის საკითხი საქართველოს ბევრ მოქალაქეს აწუხებს. იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რა დოკუმენტები გჭირდებათ მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებელად, ეწვიეთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ-პორტალს ,,SAKUTREBA.GE”, გაიგეთ რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ ხელთ სანამ საჯარო რეესტრში წახვალთ და თვალი მიადევნეთ საკუთრების რეგისტრაციის მიმდინარეობას. იყავი ინფორმირებული. გახდი მესაკუთრე და განკარგე საკუთარი ქონება.“

ვიდეო რგოლში ასევე, მოცემულია ვებ-პორტალის მისამართი SAKUTREBA.GE და თავად ვებ-პორტალის მთავარი გვერდისა და ასევე, საჯარო რეესტრში წარსადგენი ნიმუში დოკუმენტების ჩამონათვალის ამსახველი კადრები. ვიდეო რგოლის ბოლოს კადრში მოცემულია შვედეთის სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ქვეყნის სახელწოდება ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამავე კადრში მოცემულია მითითება ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოზე“ და მის ლოგოზე. კადრში მოცემულია შემდეგი ტექსტი: ვებ-გვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

3. ვებ-გვერდზე www.sakutreba.ge განთავსებულია ინფორმაცია/გზამკვლევი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის  ეტაპების, პირობების და მიწის რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების შესახებ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია აღნიშნულ საკითხზე. ვებ-გვერდი მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას თვალი ადევნონ საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციის მიზნით შეტანილი განცხადების განხილვის სტატუსს. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გზამკვლევის შექმნა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ გადაწყვიტა. ამავე ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ საქართველოს არაერთ მოქალაქეს გაუწია დახმარება და კონსულტაცია მიწის რეგისტრაციის საკითხებზე, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე ასევე გადაწყვიტა ახალი ვებ-პორტალის მეშვეობით ყველა იმ მოქალაქის დახმარება, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიწა დღემდე არ აქვს დარეგისტრირებული.

4. ვებ-გვერდზე www.sakutreba.ge მითითებულია ,,შექმნილია ომედიაში“ და ბმულის მეშვეობით შესაძლებელია სხვა ვებ-გვერდზე www.omedia.ge გადასვლა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია შპს ,,ომედიას“ ნამუშევრებისა და კლიენტების ჩამონათვალი. კომპანია სთავაზობს საზოგადოებას რიგ მომსახურებებს, მათ შორის, ვებ-საიტისა და გრაფიკული ინტერფეისის დიზაინი, კორპორატიული ბლოგების შექმნა და კონსულტაციები, ბრენდინგი, ლოგოს დიზაინი და სხვ.

5. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, ვებ-გვერდზე  www.sakutreba.ge მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია არა მხოლოდ საჯარო რეესტრში წარსადგენი დოკუმენტების, მიწის რეგისტრაციის პროცედურების, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების განხილვის სტატუსის შესახებ, არამედ ასევე, საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებები გამარტივებულ ენაზე, რომელიც კეთდება ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ მიერ აღნიშნული ვებ-გვერდის მიერ. ამასთან, მოქალაქეები ამ საკითხზე კონსულტაციას მიიღებენ მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა  არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის თაობაზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ვებ-პორტალის WWW.SAKUTREBA.GE შესახებ, რომლის საშუალებით ხდება მიწის რეგისტრაციის მსურველ მოქალაქეთა ინფორმირება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლისა და ვებ-გვერდზე WWW.SAKUTREBA.GE განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ თუ რა ეტაპს გადის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი განცხადება. აღნიშნული განცხადების  სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ შეტანისას მოქალაქეს გადაეცემა განცხადების მიღების ბარათი, რომელზეც დატანილია თორმეტ ნიშნა კოდი. მოქალაქისთვის საჯარო რეესტრის მიერ მონიჭებული კოდით ვებგვერდზე WWW.SAKUTREBA.GE შესაძლებელია ინფორმაციის მიღება კონკრეტული რეგისტრაციის შესახებ, გასაჩივრების ცნობის და საჯარო რეესტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღის შესახებ. WWW.SAKUTREBA.GE ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს განემარტებათ  საჯარო რეესტრის პასუხი მათ განცხადებაზე. ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თ. ზაქარაშვილის განცხადებით, WWW.SAKUTREBA.GE ვებ- გვერდზე მონაცემთა (ინდივიდუალური სარეგისტრაციო კოდი) შეტანით, საჯარო რეესტრის მონაცემები გადმოვა  ვებგვერდზე WWW.SAKUTREBA.GE და მარტივი ენით გაკეთდება განმარტებები მომხმარებლისთვის, რომელიც არ იქნება აკადემიური და სამართლებრივი ფორმით გამოხატული.  მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს ვებგვერდის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნულია ,,...ეწვიეთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ-პორტალს ,,SAKUTREBA.GE”. ვიდეო რგოლში ასევე, მოცემულია ვებ-პორტალის მისამართი SAKUTREBA.GE და აღწერილია თავად ვებ-პორტალზე განთავსებული ინფორმაცია. შესაბამისად, ხდება ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და მის მიერ შექმნილი კონკრეტული პროდუქტის რეკლამირება, მათ შორის, ვებ-პორტალის ,,SAKUTREBA.GE”-სა და ამ ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულ ფორმატში მისაწოდებელი იურიდიული კონსულტაციის რეკლამირება. ასევე, ვიდეო რგოლის ბოლოს კადრში მოცემულია შვედეთის სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ქვეყნის სახელწოდება ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამავე კადრში მოცემულია მითითება ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოზე“ და მის ლოგოზე. კადრში მოცემულია შემდეგი ტექსტი: ვებ-გვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

კომისია აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდზე WWW.SAKUTREBA.GE მითითებულია ,,შექმნილია ომედიაში“ და ბმულის მეშვეობით შესაძლებელია სხვა ვებ-გვერდზე www.omedia.ge გადასვლა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია შპს ,,ომედიას“ ნამუშევრებისა და კლიენტების ჩამონათვალი. კომპანია სთავაზობს საზოგადოებას რიგ მომსახურებებს, მათ შორის, ვებ-საიტისა და გრაფიკული ინტერფეისის დიზაინი, კორპორატიული ბლოგების შექმნა და კონსულტაციები, ბრენდინგი, ლოგოს დიზაინი და სხვ. აქედან გამომდინარე, ვებ-გვერდი შეიცავს აღნიშნული კომპანიის საქმიანობის რეკლამირებასაც. ამდენად, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლი შეიცავს შპს ,,ომედიას“ საქმიანობის რეკლამირების ნიშნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვიდეო რგოლი შეიცავს კერძო იურიდიული პირების მომსახურების რეკლამას, რის გამოც არ არის შესაბამისობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ პროცედურებთან დაკავშირებულ სირთულეებში მოქალაქეთა გარკვევას და რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას,  მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოქალაქეებს ასეთ კომპლექსურ საკითხზე კონსულტაცია გაეწევა მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით და თანაც მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამარტივებულ ენაზე გაკეთებული განმარტებების ფარგლებში, მიწის რეგისტრაციის საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ასეთი ფორმატის კონსულტაცია ვერ იქნება მოქალაქისთვის ამომწურავი და მისი მხრიდან გარანტირებულად სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც კომისიის სხდომაზე  ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის მიმართ დაისვა კითხვა, აგებდა თუ არა პასუხს ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონულ ფორმატში შეცდომით გაწეული კონსულტაციის შედეგებზე მოქალაქის წინაშე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმომადგენელს არ დაუდასტურებია, რომ ორგანიზაცია პასუხს აგებდა მოქალაქის წინაშე ასეთ შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, რის გამოც ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

ა:

1. არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარი;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების  ა(ა)იპ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია  მომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები