წვდომის მენიუ

ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 37 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2019 10:40

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

ფიქსირებული და მობილური ქსელით  საცალო მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  2017 წლის 7 სექტემბერის N684/19 („მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე”) გადაწყვეტილებით მობილურ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულების მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი შემცირდა 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო  ფიქსირებულ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულების მომსახურებაზე  2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე. ამავე გადაწყვეტილებით, საბითუმო ტარიფები შემცირდა ფიქსირებულ და მობილურ ქსელში ზარის წამოწყების მომსახურებაზე, მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 1,44 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 2 თეთრიდან 0,32 თეთრამდე. აღსანიშნავია, რომ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის კომისიის 671/9 გადაწყვეტილებით („გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“) მაგისტრალური არხებით საბითუმო მომსახურებებზე მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან  და მომავალი თაობის ქსელის ციფრულ მოწყობილობებთან მათ შორის, „WDM“-თან და “Ethernet” (L2 ან L3)-თან დაშვებაზე კომისიამ დაადგინა ეფექტური ოპერატორის საფუძველზე ე.წ „LRIC” მოდელით გაანგარიშებული ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები. ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ერთი ძარღვის იჯარაზე ერთ კილომეტრზე 14,90 ლარის ოდენობით, ხოლო მონაცემების ტრანსპორტირებზე ერთ მეგაბიტზე 0,50 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად,  2017 და 2018 წლების განმავლობაში გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურებაზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა  საბითუმო მომსახურების ტარიფები ერთ მეგაბიტ/წმ-ზე 32 ლარიდან 13 ლარამდე შეამცირეს. მიუხედავად ზემოაღნიშნულ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებისა, და აქედან გამომდინარე, მობილური და ფიქსირებულ მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობისა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კომპანიების მიერ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. პირიქით შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ საცალო ტარიფების გაზრდის თაობაზე განცხადება გააკეთეს. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც სს „სილქნეტი“  ასევე  შპს „მაგთიკომი“  მომხმარებლებს სთავაზობს ორი, სამი და ოთხი მომსახურების ნაკრებს. რამდენიმე მომსახურების ერთ პაკეტში გაერთიანებამ კომპანიებისთვის საბაზრო  პოზიციები მნიშვნელოვანად გააძლიერა. პაკეტური შეთავაზებების შემთხვევაში მომხმარებლებს ეზღუდებათ არჩევანის უფლება და არ აქვთ  შესაძლებლობა სხვა სერვისებისაგან დამოუკიდებლად მიიღონ  მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ქსელის საცალო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად. შესაბამისად, აღნიშნული არ შეესაბამება  ბაზარზე  არსებულ  მოთხოვნას და არ განაპირობებს სხვადასხვა მოთხოვნების, მათ შორის დაბალი გადახდისუნარიანობის მქონე მომხმარებლებისთვის მორგებული (როგორც ჰომოგენური, ასევე შერეული)  მომსახურებების შეთავაზებების  ფორმირებას. 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებისა,  საქართველოში ფიქსირებული და მობილური ქსელით   მომსახურებების ბაზარის შესაბამის სეგმენტებზე არსებობს  შესვლის და გაფართოების დაბრკოლება, რომელიც განპირობებულია ავტორიზებული პირთა მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ კაპიტალური დანახარჯების მაღალ წილთან. გარდა ამისა, საქართველოში არ არის განვითარებული  მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის მომსახურება.  

      ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩაატაროს ფიქსირებული და მობილური ქსელით  მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურება, ფიქსირებული საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება, მოკლე ტექსტური შეტყობინებები - SMS და პაკეტური შეთავაზებები) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი.

კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია ავტორიზებული პირებისგან მოხდეს დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთან, კვლევის და ანალიზის ჩასატარებლად  საჭიროა ავტორიზებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის  ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  (ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურება, ფიქსირებული საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს  3 თვიანი ვადა;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის  მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას   საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები