წვდომის მენიუ

ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 51 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2019 19:01

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „ინექსფონმა“, შპს „ჯეონეთმა“, შპს „იუ თი ეს“-მა, შპს „ნიუ ვიჟენმა“, სს „გლობალ ერთმა“, შპს „არკომმა“, შპს „ლაგმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ-19-6/260 25.01.19) შპს “მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის წინააღმდეგ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 17 და 18 იანვარს, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით აცნობეს საზოგადოებას მათი მობილური ქსელის აბონენტებისათვის განკუთვნილი პაკეტების სატარიფო ცვლილებების შესახებ; გამოცხადებული ცვლილებების ფარგლებში, შპს „მაგთიკომმა“ აბონენტებს პაკეტი „მარტივი 25-ის“ ნაცვლად შესთავაზა პაკეტი „მარტივი“, რომლის ღირებულებაც იზრდება 25-დან 30 ლარამდე, მობილური ინტერნეტი 1500 მბ ნაცვლად 1000 მბ-სა, ულიმიტო sms/mms, ულიმიტო ზარები, იმ დათქმით, რომ აბონენტებს ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, წუთის ფასი სხვა ლოკალურ აბონენტებთან - 24 თეთრი. ხოლო სს „სილქნეტმა“ პაკეტი „მეტის“ ცვლილება დააანონსა იმგვარად, რომ აბონენტებს, ნაცვლად მანამდე არსებული პირობისა: საქართველოს ყველა ქსელში (მობილური, ფიქსირებული) განსაზღვრული თუ ულიმიტო ზარებისა, ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, ყველა სხვა ლოკალურ ქსელში ზარის საფასური -24 თეთრი.

განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ ხორციელდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ამოცანას და მიზანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზანს წარმოადგენს ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა; მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ დაარღვიეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტებისთვის განსაზღვრული ვალდებულება იმის შესახებ, რომ არადისკრიმინაციულად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტისთვის განსაზღვრული ვალდებულებაა რომ მის საქმიანობაში არ დაუშვას დისკრიმინაცია; ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება; ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის;

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი  ფიქსირებული ქსელის უამრავ მცირე ოპერატორთან მიმართებით. დისკრიმინაცია გამოიხატება იმაში, რომ ყოველგვარი არგუმენტაციისა და გონივრული საფუძვლის გარეშე, ფიქსირებული ქსელის ნომრებთან ულიმიტო წუთები სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ აბონენტებს შეუნარჩუნდებათ მხოლოდ შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსობრივად ერთი და იგივე მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფები იქნება დაწესებული მსხვილი და წვრილი ოპერატორების ფიქსირებული ქსელებისთვის. აღნიშნული ცვლილების შედეგად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ფიქსირებული ქსელის ყველა წვრილი ოპერატორი, ვინაიდან მათი ფიქსირებული ქსელის სერვისი 24 თეთრით ძვირდება, მაშინ როდესაც იგივე სერვისი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სხვა სუბიექტებისთვის კვლავ ულიმიტო პაკეტის ფარგლებში რჩება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ვლინდება აგრეთვე აბონენტებთან მიმართებითაც. ვინაიდან, განცხადების ავტორთა აბონენტებთან დაკავშირების გაძვირება გულისხმობს იმას, რომ მათთან დაკავშირების ხელმისაწვდომობა ძვირდება, განსხვავებით იმ აბონენტებისგან, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ფიქსირებული ქსელის აბონენტები არიან. უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან აბონენტები, რომლებსაც ქოლცენტრები მოწყობილი აქვთ საკუთარი კლიენტების ზარების მისაღებად, ვინაიდან მათი კლიენტებისთვის მათთან დაკავშირება საგრძნობლად ძვირდება და ეს იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ფიქსირებული ქსელის ისეთივე აბონენტები არ განიცდიან მსგავს ზემოქმედებას. სავარაუდოა, რომ კვლავ თანაბარ მდგომარეობაში ჩადგომის მსურველი აბონენტები იძულებული იქნებიან, რომ დაპორტირდნენ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში (რაც ბუნებრივია მცირე ოპერატორების კონკურენტუნარიანობას ანადგურებს). თუმცა აბონენტების გარკვეული სეგმენტისთვის ესეც კი შეუძლებელი იქნება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სტრუქტურები ტენდერის საფუძველზე იმყოფებიან ჩართული საშუალო და მცირე ოპერატორების ფიქსირებულ ქსელში და შესაბამისად ისინი შეზღუდულნი არიან სატენდერო პირობებით;

განმცხადებელთა აზრით, სახეზეა მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატება აბონენტებისა და ე.წ. მცირე და საშუალო ოპერატორების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. ამ პირობებში აღნიშნული ოპერატორები ვეღარ შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს, რაც ბუნებრივია მოსპოსბს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას და ხელს შეუწყობს მონოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები. აღნიშნულის საფუძველზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის არსებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, კომისიამ უნდა გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება და აუკრძალოს სს „სილქნეტს“ და შპს „მაგთიკომს“, აბონენტებისთვის შეთავაზებულ ულიმიტო პაკეტებში, რომლებიც ითვალისწინებენ ულიმიტო წუთებს ფიქსირებული ქსელის ზოგიერთი ოპერატორისთვის, გაითვალისწინონ გადასახადი სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებისთვის. განმცხადებელთა მოსაზრებით, დასახელებული ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში ქსელის არამფლობელი ოპერატორები დაკარგავენ ფიქსირებული ქსელის აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ხოლო შემდგომში მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის დადასტურების და სანქციების დაკისრების პირობებშიც კი აზრი დაეკარგება კომისიის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ბაზრიდან ფაქტობრივად უკვე გამქრალი იქნება ის სეგმენტი, რომლის უფლებების დაცვაც კომისიის პირდაპირ მოვალეობებში შედის.

განცხადების ავტორთა მოთხოვნა:

  1. შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;
  2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულების და აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ სს „სილქნეტს“ და შპს „მაგთიკომის“, აბონენტებისთვის შეთავაზებულ ულიმიტო პაკეტებში, რომლებიც ითვალისწინებენ ულიმიტო წუთებს ფიქსირებული ქსელის ზოგიერთი ოპერატორისთვის, დააწესონ გადასახადი სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებისთვის;

ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 7 თებერვალს. სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს  და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლები: რ.ახვლედიანი, ა.კვახაძე, სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რ.გოგინავა, შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი ქ. ჩლაიძე, შპს „იუ თი ეს“-ის დირექტორი თ.ზუმბაძე, შპს „ჯეონეთის“ წარმომადგენლები: ი.ლასურაშვილი, დ.ქევხიშვილი, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ.ყურაშვილი, თ.ტყეშელაშვილი, შპს „მათიკომის წარმომადგენლები: ლ.გიორგაძე, დ.ძიძიგური, გ.კოშორიძე, ნ.დავითაშვილი.

2019 წლის 7 თებერვლის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე განმცხადებლებმა მოხსენეს მოთხოვნა სს „სილქნეტის“ მიმართ, ვინაიდან აღნიშნულმა კომპანიამ შეაჩერა დაანონსებული ცვლილებები, კომისიის მიერ დაწყებული შესაბამისი ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ამდენად, კომისია აღნიშნავს, ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და უნდა დაინიშნოს დავის განხილვის დღე - 2019 წლის 14 თებერვალი.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ პაკეტი „მარტივი 25“-ის ცვლილებებით, ტარიფების ცვლილება გარდა განცხადების ავტორებისა, ეხება მომხმარებელთა უფლებებსა და ინტერესებს, კომისიას მიაჩნია, რომ დავის განხილვაში უნდა ჩაერთოს კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური და უნდა ეთხოვოს მომხმარებლებისთვის შესაძლო ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

  1. ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2019 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე;
  2. დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. დავაში დაინტერესებულ პირად ჩართულ იქნას კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური (თ.ტეფნაძე) და ეთხოვოს დავასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა; 
  4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
  5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  გაგზავნის (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების (ნ. შოვნაძე) უზრუნველყოფა;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).  

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

 

 

 

 

 

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები