წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეონეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 54 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2019 18:56

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

შპს ,,ჯეონეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-30; 14.01.2019) ირკვევა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვებ-გვერდ https://twilio.com -დან განხორციელდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა საქართველოს ნუმერაციის რესურსის გამოყენებით. საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე და მომხმარებელს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 706770771.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილებით,   ნუმერაციის   რესურსს   706770771   ფლობს   შპს ,,ჯეონეთი“. 2019 წლის 3 იანვრის Nგ-19-11/3 წერილით კომისიამ მიმართა შპს ,,ჯეონეთს“ წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომპანია twilio.com -მა მოახდინა შპს ,,ჯეონეთის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით მომსახურების გაყიდვა. 2019 წლის 10 იანვრის Nშ-19-6/81 წერილით შპს ,,ჯეონეთმა“ კომისიას აცნობა, რომ https://twilio.com დომენის მფლობელ კომპანიასთან ხელშეკრულებითი ურთიერთობა არ გააჩნია და კომისიის მიერ შესყიდული ნომერი გაცემულია კომპანია ,,BELGACOM INTERNATIONAL CARRIER SERVICE SA”-ზე. შპს ,,ჯეონეთმა“ კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია იმ სატელეფონო ნომრებზე, რომლებიც გაცემულია კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ზე, სულ 595 სააბონენტო ნომერი. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს  შპს „ჯეონეთმა“ გადასცა ფიქსირებული არაგეოგრაფიული სააბონენტო ნომრები DID (Direct inward dialling) სერვისისთვის და  მხოლოდ შემავალი ზარების უზრუნველყოფისთვის, ხოლო კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“ ახორციელებს DID ნომრებით მომსახურებას და შპს „ჯეონეთის“ ნუმერაციის რესურსის გადაცემას სხვა მომხმარებელზე. 

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-30; 14/01/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეონეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 24 იანვარს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/99; 17.01.2019) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (შპს ,,საქართველოს ფოსტა“; გზავნილის კოდი: AP01005649597; ადრესატისთვის ჩაბარების თარიღი: 18.01.2019).

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 23 იანვარს, შპს ,,ჯეონეთმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/228; 23.01.2019).

კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენელი დ. ქევხიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან ბელგიურ კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-სთან. მისი განცხადებით, ეს კომპანია არ არის დილერი.  შპს „ჯეონეთმა“ მას გადასცა ნუმერაციის რესურსი. დ. ქევხიშვილის განმარტებით, ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიას არ აქვს უფლება  სხვას გადასცეს სატელეფონო ნომრები. შესაბამისად, შპს „ჯეონეთი“,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს განიხილავს როგორც ბოლო მომხმარებელს. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,ჯეონეთი“ ცდილობს დააზუსტოს დეტალები ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-სთან.  კომისიის სხდომაზე დ. ქევხიშვილმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, რათა კომპანიას მისცემოდა შესაძლებლობა სათანადოდ შეესწავლა საკითხი და წარმოედგინა ინფორმაცია კომისიაში. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ჯეონეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გაგრძელების დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 თებერვალი, რის თაობაზეც შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

შპს ,,ჯეონეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2019 წლის 7 თებერვალს. კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენელი დ. ქევხიშვილი. კომისიის სხდომაზე დ. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ჯეონეთი“ კომპანია  ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ განიხილავს როგორც სადილერო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით შპს „ჯეონეთმა“ საკუთარი მოხმარებისთვის გადასცა კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს ნუმერაციის რესურსი. დ. ქევხიშვილის განმარტებით, მათ შორის გაფორმებულია სააბონენტო ხელშეკრულება და როგორც ჩანს, ბელგიურმა კომპანიამ გაყიდა ნუმერაციის რესურსი. დ. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ საკითხის გარკვევის მიზნით მიმართეს კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს, მაგრამ კომპანიისგან საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღიათ. მისი განცხადებით, კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს მიერ განხორციელებული ქმედებები სცდება შპს ,,ჯეონეთის“ კონტროლის ფარგლებს, რის გამოც შპს ,,ჯეონეთს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ის ქმედებებისთვის. დ. ქევხიშვილის განმარტებით, კომპანია  ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA-თან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს კონტრაქტორის მიერ ნუმერაციის რესურსის გადაყიდვის აკრძალვას, რაც ქმნის გარკვეულ ორაზროვნებას. დ. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ჯეონეთმა“ წერილობით მიმართა ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს ნომრების გაცემის შესაჩერებლად. მისი განმარტებით, კომპანია  ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-თან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტისთვის ითვალისწინებს 3 თვიან ვადას, რის გამოც დ. ქევხიშვილმა კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის კონტრაქტორებთან მოგვარებისთვის 3 თვიანი ვადის განსაზღვრის თაობაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-30; 14.01.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,ჯეონეთის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს ,,ჯეონეთის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; შპს ,,ჯეონეთის“ წერილი კომისიას (Nშ-19-6/81; 10.01.2019) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე; დანართები და ნომრების ჩამონათვალი);

2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N19-10-34; 15.01.2019;

3. მონაცემები შპს ,,ჯეონეთის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.კომისიის 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ჯეონეთისთვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

5. შპს ,,ჯეონეთის“ წერილი კომისიას (Nშ-19-6/228; 23.01.2019) თანდართული (შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამოწმებული თარგმანით ქართულ ენაზე);

6. კომისიის შეტყობინება შპს ,,ჯეონეთს“ (Nგ-19-03/99; 17.01.2019) და მისი ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7. კომისიის წერილი შპს ,,ჯეონეთს (Nგ-19-03/309; 06.02.2019), მისი ადრესატისთვის ჩაბარების დადასტურებით;

8. შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,ჯეონეთი“ (ს/კ: 204918321) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახეები და ავტორიზაციის თარიღი: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება)- 12.02.2010; B.F.1.2 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება – 12.02.2010; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება - 12.02.2010; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7.6 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა - 15.05.2015) და სხვ.

მტკიცებულება: მონაცემები შპს ,,ჯეონეთის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2. კომისიის 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯეონეთი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას სულ 1000 ( ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 770 XXX)  VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

მტკიცებულება:,,შპს ,,ჯეონეთისთვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილება;

3. 2018 წლის 19 დეკემბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა დ. ქუთათელაძემ https://twilio.com-ზე განახორციელა ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების  (საქართველოს ნუმერაციის რესურსით ქოლ-ცენტრის მოწყობის მომსახურების) საკონტროლო შესყიდვა. მას  სარგებლობაში გადაეცა საქართველოს ნუმერაციის რესურსი 706770771, რომელსაც ფლობს შპს ,,ჯეონეთი“. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა დ. ქუთათელაძემ მომსახურებისთვის გადაიხადა 20 აშშ დოლარი. მას ნუმერაციის რესურსი მიენიჭა  წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე, ასევე, კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დისტანციური გარიგების დადების გარეშე. მომხმარებლის რეგისტრაცია არ განხორციელებულა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული, მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარისი ინფორმაციის მქონე მუდმივი ან ერთჯერადი საგადახადო დავალების საფუძველზე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-30; 14/01/2010); შპს ,,ჯეონეთის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის 706770771 გამოყენებით სატელეფონო მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი ამონაბეჭდი ვებ-გვერდიდან https://twilio.com; ნუმერაციის რესურსის 706770771 გამოყენებით სატელეფონო მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი. ,,შპს ,,ჯეონეთისთვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილება;

4. შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების (ძალაში შესვლის თარიღი: 17.03.2017; ვადა: 12 თვე; ავტომატური გაგრძელების პირობით) შესავალი ნაწილის მიხედვით, შპს ,,ჯეონეთი“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“ (შემდგომში კომპანია ,,BICS”) არიან სატელეკომუნიკაციო ოპერატორები. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ჯეონეთი“ უზრუნველყოფს კომპანია ,,BICS”-ს ერთი ან მეტი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს ამ ხელშეკრულებით მისი ვალდებულებები, უფლებები ან სარგებელი სხვა რომელიმე მხარეს, წინასწარ მეორე მხარისთვის წერილობითი თანხმობის გარეშე. 9.2 პუნქტის შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის მხარეებს შეუძლიათ ქვე-კონტრაქტები გააფორმონ მესამე მხარეებთან. თუმცა, აღნიშნული მხარე პასუხს აგებს თავის ვალდებულებებზე და ქვე-კონტრაქტით შესრულებულ სამუშაოებზე. 15.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეები არიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები. არცერთი მხარე არ არის სხვა მხარის წარმომადგენელი ან აგენტი. ხელშეკრულების მიხედვით, არ უნდა შეიქმნას კავშირი, ერთობლივი კომპანია ან მსგავსი ურთიერთობა. ხელშეკრულების დანართის (მომსახურების გეგმა) პირველი პუნქტის თანახმად, შპს ,,ჯეონეთი“ გაუწევს კომპანია ,,BICS” ხმოვან დამატებული ღირებულების მომსახურებებს, რაც მოიცავს შემავალი ნომრების მიწოდებას, აქტივაციას, ოპერირებას და შენარჩუნებას, ასევე, საერთაშორისო უფასო საერთაშორისო ნომრებს (Freephone). ამავე დანართით, ,,შემავალი ნომერი“ (Inbound Number”) განმარტებულია როგორც პირდაპირი შემავალი გამოძახების (DID) ვირტუალური ან შემავალი ნომერი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს შემომავალი ზარები, ხოლო ხმოვანი დამატებული ღირებულების მომსახურება განმარტებულია როგორც მომსახურება, რომელიც უკავშირდება შემავალი ნომრების, საერთაშორისო უფასო ნომრების (Freephone) და/ან უნივერსალური საერთაშორისო უფასო (Freephone) ნომრების გენერირებულ ტრაფიკს, რომელსაც ერთი მხარე აწვდის მეორეს. ამავე დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია კომპანია ,,BICS”-ის მიერ შპს ,,ჯეონეთისთვის“ თითოეულ შემავალ ნომერზე (,,Inbound Number”) ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების დანართის (მომსახურების მაჩვენებლის თაობაზე ხელშეკრულების) მე-2 პუნქტის თანახმად,  კლიენტი არის ,,BICS”, ბოლო მომხმარებელი არის კომპანია ,,BICS”-ის კლიენტი ან კომპანია ,,BICS”-ის კლიენტის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენებს ნომერს ზარების მისაღებად. ამავე დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,BICS” აცნობებს თავის მომხმარებლებს მომსახურების გეგმიური შეფერხების შესახებ. ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-თან სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ერთად შპს ,,ჯეონეთის“ 2019 წლის 10 იანვრის Nშ-19-6/81 წერილით კომისიაში წარმოდგენილია 595 სატელეფონო ნომრის  ჩამონათვალი, რომელიც გაცემულია კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ზე.

მტკიცებულება: შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება; კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-30; 14/01/2010); შპს ,,ჯეონეთის“ 2019 წლის 10 იანვრის Nშ-19-6/81 წერილი თანდართული დოკუმენტაციით.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  უფლებას  კომისია პირს ანიჭებს ამ კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვა, გამოყოფილი ნუმერაციის რესურსების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და მათი სარგებლობა საკუთარი აბონენტებისათვის (მეორადი მინიჭება).

10. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ყ) ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის შესახებ არის წერილობითი (ელექტრონული), ზეპირი ან დისტანციური შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე, მის ხარისხზე, მომსახურების ტარიფზე და სხვა პირობებზე. ამავე მუხლის ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. „რეგლამენტის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე „რეგლამენტის“ 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან  რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე).

კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი პირი პასუხისმგებელია კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვაზე და  საკუთარი აბონენტების (მეორადი მინიჭება) მიერ ამ რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფაზე.

შპს ,,ჯეონეთმა“ კომისიის 2016 წლის 25 მაისის 318/24 გადაწყვეტილებით მისთვის VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება სასყიდლით გადასცა სხვა კომპანიას, სხვა პირთათვის სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ჯეონეთმა“ კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-თან როგორც მომხმარებელთან დადო სააბონენტო ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე.  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების დანართის (მომსახურების მაჩვენებლის თაობაზე ხელშეკრულების) მე-2 პუნქტის თანახმად,  კლიენტი არის ,,BICS”, ბოლო მომხმარებელი არის კომპანია ,,BICS”-ის კლიენტი ან კომპანია ,,BICS”-ის კლიენტის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენებს ნომერს ზარების მისაღებად. ამავე დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,BICS” აცნობებს თავის მომხმარებლებს მომსახურების გეგმიური შეფერხების შესახებ. ამასთანავე, შპს ,,ჯეონეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს ,,ჯეონეთმა“  კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს გადასცა 595 სატელეფონო ნომერი (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-4 პუნქტი). ნუმერაციის რესურსი, რომელიც შპს ,,ჯეონეთმა“ გადასცა კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს, განკუთვნილია ქოლ-ცენტრის მოწყობისთვის, მხოლოდ შემომავალი ზარების  მიღებისათვის. შესაბამისად, ერთ მომხმარებელს ვერ ექნება 595 ქოლ-ცენტრის მოწყობის საჭიროება. შპს ,,ჯეონეთის“ მიერ კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-სთვის 595 სატელეფონო ნომრის გადაცემის ფაქტი და ასევე, კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები მიუთითებენ იმაზე, რომ შპს ,,ჯეონეთსა“ და კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს შორის არ გაფორმებულა სააბონენტო ხელშეკრულება და შპს ,,ჯეონეთმა“ ნუმერაციის რესურსი სასყიდლით გადასცა კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-ს, სხვა პირთათვის სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად. აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს ასევე ის ფაქტიც, რომ შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენელმა ითხოვა სამი თვის ვადა კონტრაქტორებთან საკითხის მოსაგვარებლად, კომპანია ,,BELGACOM INTERNETIONAL CARRIER SERVICE SA“-თან დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად, მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს სამი თვით ადრე შეატყობინებს ამის შესახებ.

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიწოდების მიზნით საქართველოს ნუმერაციის რესურსის  (706770771) სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე ბოლო მომხმარებლისთვის მიყიდვითა და სარგებლობაში გადაცემით, შპს ,,ჯეონეთმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-3 პუნქტი).

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-13 პუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის უნდა მოხდეს წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რომლის დადებისა და მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს.  შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელმა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რა დროსაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირება (დისტანციური გარიგების შემთხვევაში უნდა მოხდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე).

შპს ,,ჯეონეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი სამართალდარღვევისთვის არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისთვის 3 თვის ვადის მიცემის თაობაზე შპს ,,ჯეონეთის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს ,,ჯეონეთი“ სამი თვის განმავლობაში გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ნუმერაციის რესურსით სხვა პირებისთვის სარგებლობის უფლების მიცემას, რაც დაუშვებელია. კომისიის აზრით, სამართალდარღვევის  შეწყვეტას არ სჭირდება სამი თვის ვადა და გონივრულად მიაჩნია  შპს ,,ჯეონეთისთვის“ ერთთვიანი ვადის მიცემა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე, 45-ე და 48-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და 122 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ჯეონეთს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,ჯეონეთს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს ,,ჯეონეთისთვის“ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ჯეონეთისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ,,ჯეონეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები