შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2019 18:58
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2019
შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივარი (Nშ-19-6/479; 07.02.19). საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წერილობით (24.01.2019 N2-01/273) მიმართა შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით 2019 წლის პირველი თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით განთავსების მოთხოვნით; ვიდეორგოლი მომზადებულია საქართველოში ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის ე.წ. „დამრგვალების მეთოდით“ ცვლილების თაობაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ აღნიშნული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ვიდეორგოლი შესაძლოა განთავსდეს, მხოლოდ, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის განთავსება შესაძლებელია სატელევიზიო ეთერის შესყიდვის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა:
დაევალოს შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2019 წლის 14 თებერვალს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მ.ლუბიანური, თ.ებანოიძე, ასევე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუსლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სადაოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლების შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე უარის თქმას, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივარი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის (Nშ-19-6/479; 07.02.19) საჩივარი შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მიღებულ იქნას განსახილველად;
2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2019 წლის 21 თებერვალს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტორილი აღნიშნული გადაწვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
