წვდომის მენიუ

ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“ და შპს „მაიფონსა“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე

ნომერი: 94 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2019 17:57

მიღების თარიღი თებერვალი 14, 2019

ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“ და შპს „მაიფონსა“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 23-ე, 28-ე, მუხლების, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  36-ე, 37-ე, 40-ე, 41-ე, 42-ე  მუხლების, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებისა (დღეს მოქმედი რედაქცია) და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების (დღეს მოქმედი რედაქცია)  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ინექსფონის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „იუ თი ეს“-ის, შპს „ნიუ ვიჟენის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „არკომის“, შპს „ლაგის“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „მაიფონის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
  2. შპს „მაგთიკომის“ მიერ 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანი პაკეტით - გამოცხადებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ფასის ზრდისა და შპს „ინექსფონის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „იუ თი ეს“-ის, შპს „ნიუ ვიჟენის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „არკომის“, შპს „ლაგის“, შპს „სითი ტელეკომის“და შპს „მაიფონის“ პაკეტიდან ამოღების ნაწილში სახეზე იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან;
  3. შპს „მაგთიკომს“ აეკრძალოს 2019 წლის 18 იანვარს გამოცხადებული პაკეტური ცვლილებების განხორციელება მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების პაკეტში შეთავაზების გაძვირებისა და მცირე და საშუალო ოპერატორების ქსელში პაკეტის ფარგლებში გაუქმების ნაწილში, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
  4. შპს „მაგთიკომმა“ უზრუნველყოს დღეის მდგომარეობით მოქმედი პირობებით პაკეტის - „მარტივი 25“-ის შეთავაზება მომხმარებლისთვის მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
  5. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე (დასაბუთება დანართი  N1, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს);
  6. შპს „მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები ასახოს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სრულყოფილად, კანონით დადგენილი წესით.
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6;
  8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტი) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). 

დანართი N1

გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან, შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის პაკეტური შეთავაზებების გაძვირება არის სრულიად დაუსაბუთებელი შემდეგი გარემოებების გამო:

-  კომისიის მიერ 2011 წელს დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფის ოდენობა (24 თეთრი) გაანგარიშებული იყო იმ პირობებში, როცა ზარის წამოწყების მომსახურების საფასური შედგენდა 8 თეთრს, მობილურ ქსელში ზარის დასრულების მომსახურების საფასური ასევე 8 თეთრს  გადასახადების ჩათვლით (მათ შორის აქციზი 10%), ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან მობილურ ქსელში ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგენს 1,44 თეთრს (წამოწყება) და 0.75 თეთრს (დასრულება), ჯამში 2.19 თეთრს (გადასახადების გარეშე);

- გაუქმდა მობილურ მომსახურებაზე მანამდე არსებული აქციზის გადასახადი;

- დადგენილია, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე არსებული ტარიფები უზრუნველყოფს მობილური კომპანიების დანახარჯების ანაზღაურებას;

- მობილური კომპანიების, მათ შორის „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში (დადასტურებულია აუდიტორული დასკნით) ადასტურებს ტარიფის შემცირების  და არა გაზრდის აუცილებლობას;

- კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ ეკისრება შემდეგი ვალდებულება-  ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა. 

დღეის მდგომარეობით, ნაცვლად ტარიფის შემცირებისა, ხდება ერთ-ერთი სატარიფო პაკეტის გაძვირება, რითაც ზიანი ადგება აბონენტების მნიშვნელოვან რაოდენობას:

ასევე, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული პაკეტური ცვლილება ზიანის მომტანია  მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის (მათ შორის საჩივრის ავტორებისთვის), რომელთა ქსელში დარეკვის შესაძლებლობა საერთოდ ამოღებული იქნა ახალი დაანონსებული პაკეტებით და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეიძენს 30 ლარიან პაკეტს, რომელიც მანამდე 25 ლარი ღირდა, საერთოდ ვერ დარეკავს მცირე და საშუალო ოპერატორებთან და მათთან დასაკავშირებლად დამატებით უნდა დადოს ანგარიშზე თანხა და მათ მიმართ პაკეტის ფარგლებში 0 თეთრიანი ულიმიტო დარეკვის შესაძლებლობა შეიცვალა  წუთში 24 თეთრიანი ტარიფით. აღნიშნული მკვეთრად შეამცირებს მცირე და საშუალო ოპერატორის ქსელში ზარის დასრულებას, ფასისა და გარკვეულ შემთხვევებში (მომხმარებლის ანგარიშზე დამატებითი თანხის არ არსებობის შემთხვევაში) შესაძლებლობის მოსპობის გამო. ასეთ პირობებში, შესაძლოა ამ ოპერატორებმა თავისი აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ  ტარიფების გაძვირების 2019 წლის 18 თებერვალს ამოქმედების შემთხვევაში.

კომისიამ, როგორც მარეგულირებელმა ორგანომ, როგორც საჯაროდ, ისე პირადი მოლაპარაკების გზით არაერთხელ მოუწოდა კომპანიებს (მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ დააანონსეს ცვლილებები და ფასების ზრდა) არ გაეძვირებინათ ტარიფები, რაც შპს „მაგთიკომმა“ არ გაითვალისწინა განსხვავებით სს „სილქნეტისა, რომელმაც შეაჩერა გაძვირება შესაბამისი ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე. შპს „მაგთიკომის“ განცხადების შესაბამისად პაკეტური გაძვირება და ცვლილებები ძალაში შედის 2019 წლის 18 თებერვლიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით, კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ შეაჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას და უზრუნველყოფილი იქნება  „მაგთიკომის“ მიერ თავის აბონენტებზე და კონკურენტებზე დაგეგმილი სატარიფო ზეწოლის შეჩერება, შესაბამისად, მიეცემათ შესაძლებლობა მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ოპერატორებს მიიღონ მომსახურება კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები