ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2019 13:48
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2019
ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე
- დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „ინექსფონმა“, შპს „ჯეონეთმა“, შპს „იუ თი ეს“-მა, შპს „ნიუ ვიჟენმა“, სს „გლობალ ერთმა“, შპს „არკომმა“, შპს „ლაგმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ-19-6/260 25.01.19) შპს “მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის წინააღმდეგ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 17 და 18 იანვარს, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით აცნობეს საზოგადოებას მათი მობილური ქსელის აბონენტებისათვის განკუთვნილი პაკეტების სატარიფო ცვლილებების შესახებ; გამოცხადებული ცვლილებების ფარგლებში, შპს „მაგთიკომმა“ აბონენტებს პაკეტი „მარტივი 25-ის“ ნაცვლად შესთავაზა პაკეტი „მარტივი“, რომლის ღირებულებაც იზრდება 25-დან 30 ლარამდე, მობილური ინტერნეტი 1500 მბ ნაცვლად 1000 მბ-სა, ულიმიტო sms/mms, ულიმიტო ზარები, იმ დათქმით, რომ აბონენტებს ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, წუთის ფასი სხვა ლოკალურ აბონენტებთან - 24 თეთრი. ხოლო სს „სილქნეტმა“ პაკეტი „მეტის“ ცვლილება დააანონსა იმგვარად, რომ აბონენტებს, ნაცვლად მანამდე არსებული პირობისა: საქართველოს ყველა ქსელში (მობილური, ფიქსირებული) განსაზღვრული თუ ულიმიტო ზარებისა, ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, ყველა სხვა ლოკალურ ქსელში ზარის საფასური -24 თეთრი.
განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ ხორციელდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ამოცანას და მიზანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზანს წარმოადგენს ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა; მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ დაარღვიეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტებისთვის განსაზღვრული ვალდებულება იმის შესახებ, რომ არადისკრიმინაციულად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტისთვის განსაზღვრული ვალდებულებაა რომ მის საქმიანობაში არ დაუშვას დისკრიმინაცია; ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება; ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის;
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი ფიქსირებული ქსელის უამრავ მცირე ოპერატორთან მიმართებით. დისკრიმინაცია გამოიხატება იმაში, რომ ყოველგვარი არგუმენტაციისა და გონივრული საფუძვლის გარეშე, ფიქსირებული ქსელის ნომრებთან ულიმიტო წუთები სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ აბონენტებს შეუნარჩუნდებათ მხოლოდ შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსობრივად ერთი და იგივე მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფები იქნება დაწესებული მსხვილი და წვრილი ოპერატორების ფიქსირებული ქსელებისთვის. აღნიშნული ცვლილების შედეგად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ფიქსირებული ქსელის ყველა წვრილი ოპერატორი, ვინაიდან მათი ფიქსირებული ქსელის სერვისი 24 თეთრით ძვირდება, მაშინ როდესაც იგივე სერვისი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სხვა სუბიექტებისთვის კვლავ ულიმიტო პაკეტის ფარგლებში რჩება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ვლინდება აგრეთვე აბონენტებთან მიმართებითაც. ვინაიდან, განცხადების ავტორთა აბონენტებთან დაკავშირების გაძვირება გულისხმობს იმას, რომ მათთან დაკავშირების ხელმისაწვდომობა ძვირდება, განსხვავებით იმ აბონენტებისგან, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ფიქსირებული ქსელის აბონენტები არიან. უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან აბონენტები, რომლებსაც ქოლცენტრები მოწყობილი აქვთ საკუთარი კლიენტების ზარების მისაღებად, ვინაიდან მათი კლიენტებისთვის მათთან დაკავშირება საგრძნობლად ძვირდება და ეს იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ფიქსირებული ქსელის ისეთივე აბონენტები არ განიცდიან მსგავს ზემოქმედებას. სავარაუდოა, რომ კვლავ თანაბარ მდგომარეობაში ჩადგომის მსურველი აბონენტები იძულებული იქნებიან, რომ დაპორტირდნენ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში (რაც ბუნებრივია მცირე ოპერატორების კონკურენტუნარიანობას ანადგურებს). თუმცა აბონენტების გარკვეული სეგმენტისთვის ესეც კი შეუძლებელი იქნება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სტრუქტურები ტენდერის საფუძველზე იმყოფებიან ჩართული საშუალო და მცირე ოპერატორების ფიქსირებულ ქსელში და შესაბამისად ისინი შეზღუდულნი არიან სატენდერო პირობებით;
განმცხადებელთა აზრით, სახეზეა მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატება აბონენტებისა და ე.წ. მცირე და საშუალო ოპერატორების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. ამ პირობებში აღნიშნული ოპერატორები ვეღარ შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს, რაც ბუნებრივია მოსპოსბს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას და ხელს შეუწყობს მონოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები. აღნიშნულის საფუძველზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის არსებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, კომისიამ უნდა გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება და აუკრძალოს სს „სილქნეტს“ და შპს „მაგთიკომს“, აბონენტებისთვის შეთავაზებულ ულიმიტო პაკეტებში, რომლებიც ითვალისწინებენ ულიმიტო წუთებს ფიქსირებული ქსელის ზოგიერთი ოპერატორისთვის, გაითვალისწინონ გადასახადი სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებისთვის. განმცხადებელთა მოსაზრებით, დასახელებული ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში ქსელის არამფლობელი ოპერატორები დაკარგავენ ფიქსირებული ქსელის აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ხოლო შემდგომში მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის დადასტურების და სანქციების დაკისრების პირობებშიც კი აზრი დაეკარგება კომისიის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ბაზრიდან ფაქტობრივად უკვე გამქრალი იქნება ის სეგმენტი, რომლის უფლებების დაცვაც კომისიის პირდაპირ მოვალეობებში შედის.
განცხადების ავტორთა მოთხოვნა:
- შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;
- მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულების და აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ სს „სილქნეტს“ და შპს „მაგთიკომის“, აბონენტებისთვის შეთავაზებულ ულიმიტო პაკეტებში, რომლებიც ითვალისწინებენ ულიმიტო წუთებს ფიქსირებული ქსელის ზოგიერთი ოპერატორისთვის, დააწესონ გადასახადი სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებისთვის;
კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის N51/16 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ერთის მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „ჯეონეთს“, შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „ნიუ ვიჟენს“, სს „გლობალ ერთს“, შპს „არკომს“, შპს „ლაგს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“ და მეორეს მხრივ შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვის თარიღი - 2019 წლის 14 თებერვალი.
2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლები: რ.ახვლედიანი, ა.კვახაძე, სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რ.გოგინავა, შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი ქ. ჩლაიძე, შპს „იუ თი ეს“-ის დირექტორი თ.ზუმბაძე, შპს „ჯეონეთის“ წარმომადგენლები: ი.ლასურაშვილი, დ.ქევხიშვილი, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ.ყურაშვილი, თ.ტყეშელაშვილი, შპს „მათიკომის წარმომადგენლები: ლ.გიორგაძე, დ.ძიძიგური, გ.კოშორიძე, ნ.დავითაშვილი.
2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ 25 ლარიანი პაკეტი. ამ პაკეტით სარგებლობას მომხმარებლები 18 თებერვლიდანაც შეძლებენ, მაგრამ გაცილებით უკეთესი პირობებით. კერძოდ: ცვლილებამდე პაკეტში შედიოდა 1000 მგბტ ინტერნეტი, ცვლილების შემდეგ 1500 მგბტ იქნება. აბონენტი, რომელიც სარგებლობს შპს „მაგთიკომის“ ტელევიზიით, ან ფიქსირებული ინტერნეტით, ექნება საშუალება დაამატოს 2 ნომერი და 25 ლარად გაუმჯობესებული პაკეტი ჩაირთოს; ლ.გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 18 თებერვლამდე აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ დარეკონ გარკვეული მიმართულებით, კერძოდ, ულიმიტო პაკეტის პირობებშიც არსებობს 3 ოპერატორი, სადაც ზარი ფასიანია: სს „სილქნეტი“ – s1, შპს „ჯიმობაილი“ და შპს „გლობალ სელი“; შპს „მაგთის“ წარმომადგენლის განმარტებით, ის ოპერატორები, რომლებიც არ ოპერირებდნენ კომისიის მიერ, LRIK მეთოდოლოგიით დათვლილი და დადგენილი ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, ამ პაკეტში ვერ მოხვდნენ. მისი აზრით, ამ ოპერატორებს თავიანთ ქსელში დადგენილი აქვთ ხარჯზე არაორიენტირებული ზარის დასრულების ტარიფი. ეს ტარიფი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კომისიის მიერაა დადგენილი. ლ.გიორგაძემ საჩივრის ავტორებთან ტარიფის ზრდის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ განმცხადებელი კომპანიები ქსელში ზარის დასრულებისთვის შპს „მაგთიკომს“ უხდიდნენ 3,5 თეთრს, ხოლო „მაგთიკომი“ მათ უხდიდა 4 თეთრს. 2019 წლის 01 იანვრიდან განმცხადებლები იხდიან 0.075 თეთრს, ხოლო „მაგთიკომი“ მათ უხდის 4 თეთრს, შესაბამისად განსხვავება არის გაზრდილი; გარდა ამისა, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა საჩივრის ავტორებთან შპს „მაგთიკომის“ ქსელიდან ზარის ღირებულების 24 თეთრამდე გაზრდა ახსნა იმ გარემოებით, რომ შეიცვალა აბონენტების ქცევა და გაზრდილია ტრაფიკი აღნიშნული კომპანიების მიმართულებით და აღნიშნა, რომ კომისიაში წარმოდგენილია ინფორმაცია ტრაფიკის თაობაზე, თუმცა ჩაშლილი ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიამ მოითხოვა დამატებით 5 დღიანი ვადა, ვინაიდან ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 25 ლარიანი პაკეტი არ იყო კომპანიისთვის წამგებიანი და ამავდროულად აღნიშნული ტარიფი იყო ხარჯზე ორიენტირებული. მან ხარჯზეორიენტირებულობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ ავალდებულებს კომპანიას ამტკიცოს ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობა, ვინაიდან მტკიცების ტვირთი კომისიას აკისრია. რაც შეეხება დისკრიმინაციულ მიდგომას, ლ.გიორგაძის განმარტებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ორი პირის მიმართულებითაც ითვალისწინებს პაკეტი ფასიან მომსახურებას. ეს არის სს „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელი და შპს „მაგთიკომის“ ფიქსირებული ქსელი, შესაბამისად, დისკრიმინაცია არ არის სახეზე. შპს „მაგთიკო,ის“ წარმომადგენელმა ნ.დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ოპერატორი, რომელიც ურთიერთჩართვის ტარიფს გაუთანაბრებს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის ტარიფს, ავტომატურად ჩაისმება ულიმიტო პაკეტში.
2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე შპს „იუ თი ეს“-ის წარმომადგენელმა თ.ზუმბაძემ განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომის“ ულიმიტო 30 ლარიან პაკეტში შედის სს „სილქნეტის“ უსადენო და შპს „მაგთიკომის“ სადენიანი ქსელი. ეს განცხადება გამყარებულია შპს „მაგთიკომის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობით, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომ სს „სილქნეტის“ ყველა სადენიანი ქსელი შესულია ულიმიტო პაკეტში. ამასთან, სს „სილქნეტის“ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებული ოფერტის მე-14 გვერდზე არის 3.1.1. პუნქტი, სადაც მითითებულია: ოფერენტის კუთვნილ ფიქსირებულ უსადენო ქსელთან, ასევე რუსთავის ფიქსირებულ სადენიან ქსელთან მომსახურების მიწოდების ტარიფი შეადგენს ყოველ 1 წუთზე 4 თეთრს. შპს „მაგთიკომის“ მიერ სს „სილქნეტის“ კუთვნილი ყველა სადენიანი ქსელის ულიმიტო პაკეტში ჩასმა და VOIP ოპერატორების ამოღება, იმ მიზეზით, რომ ტარიფი არის 4 თეთრი არის საჩივრის ავტორთა დისკრიმინაცია.
2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე, შპს „ინექსფონის“ დირექტორმა რ.ახვლედიანმა განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომმა“ ბაზარზე შექმნა არაკონკურენტული გარემო, კერძოდ, როდესაც შპს „მაგთიკომის“ პაკეტის ცვლილება დაანონსდა, რამდენიმე აბონენტმა უარი განუცხადა მის კომპანიას მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მიზეზით, რომ შპს „მაგთიკომის“ პაკეტურ მომსახურებაში ეს კომპანია აღარ არის შესული. აღნიშნულის დასადასტურებლად მან კომისიას წარუდგინა ასეთი აბონენტის წერილი. მომხმარებელი წერილში აცხადებს, რომ არ ერთვება შპს „ინექსფონის“ მომსახურებაში, რადგან ულიმიტო პაკეტის მფლობელისთვის დარეკვა გახდა ფასიანი;
2019 წლის 14 თებერვლის კომისის სხდომაზე შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელმა ა.კვახაძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების განცხადებით, რადგან შპს „მაგთიკომს“ მცირე ოპერატორებისგან მოაკლდა შემოსავალი დაახლოებით 3 თეთრის ოდენობით, ამ მიმართულებებზე აძვირებენ ტარიფს 24 თეთრამდე. მისი მოსაზრებით, ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობისა და არადისკრიმინაციულობის ვალდებულებები გადაჯაჭვულია. მისი განმარტებით, მაშინ როდესაც შპს „მაგთიკომს“ 3,5 თეთრი დააკლდა, ტარიფი მცირე ოპერატორების მიმართულებით გახადა 24 თეთრი, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ქსელში კვლავ 0 თეთრია, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული და არის დისკრიმინაციული, ვინაიდან საჩივრის ავტორთა მიმართულებით მკვეთრად გაზრდილია მოგების მარჟა. მის განცხადებით, ადგილი აქვს სატარიფო ზეწოლას.
2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დამცველმა თ.ტეფნაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ მხრიდან დაანონსდა მოსალოდნელი სატარიფო ცვლილებები და კონკრეტულ პაკეტებზე ტარიფის ზრდა, დამცველის სამსახურში მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებელთა მომართვიანობა, არის როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფოსტით შემოსული საჩივრები, ასევე ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, სატელეფონო კონსულტაციის გაწევაც ხშირად უწევს სამსახურს, მისი განმარტებით, საჩივრების მიხედვით, მომხმარებლები თვლიან, რომ არ რჩებათ არჩევანის შესაძლებლობა, სურთ თუ არა მომსახურების მოცულობის გაზრდა ტარიფის ზრდის ხარჯზე.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- შპს „ინექსფონის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „იუ თი ეს“-ის, შპს „ნიუ ვიჟენის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „არკომის“, შპს „ლაგის“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „მაიფონის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ-19-6/260 25.01.19);
- შპს „მაგთიკომის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პაკეტური პირობები;
- შპს „მაგთიკომის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ცვლილებები პაკეტურ შეთავაზებებში;
- შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი აბონენტის წერილი;
- კომისიის 2019 წლის 11 თებერვლის Nგ-19-08/340 წერილი შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე;
- შპს „მაგთიკომის“ 2019 წლის 13 თებერვლის Nშ-19-6/625 წერილი ინფორმაციის წარმოსადგენად დამატებითი ვადის მოთხოვნის ხთაობაზე;
- კომისიასთან არსებული მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის თ.ტეფნაძის დასკვნა;
- 2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის თ.ტეფნაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
- 2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების ლ.გიორგაძის, დ.ძიძიგურის, ნ.დავითაშვილისა და გ.კოშორიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
- 2019 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომაზე საჩივრის ავტორთა წარმომადგენლების: თ.ზუმბაძის, რ.ახვლედიანისა და ა. კვახაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 18.07.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 01.02.2010. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);
2. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით, შპს „მაგთიკომი“ ცნობილი იქნა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად;
3. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) გადაწყვეტილების 4.2. პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის; ბ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება. ამავე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტის შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს დაეკისრა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვება და მსურველი (აქცეპტანტი) პირებისათვის ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდება განახორციელოს კონკურენციის უზრუნველმყოფი, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, რომლის ოდენობაც დადგენილ უნდა იქნას, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზღვრული ტარიფის ფარგლებში; ბ) განხორციელებული საქმიანობის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება კომისიის მიერ, 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით; გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს”, სს „სილქნეტს“ და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ტარიფი, შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
|
ურთიერთჩართვის მომსახურება |
2018 წლის 1 ივლისიდან |
2019 წლის 1 იანვრიდან |
|
ზარის წამოწყება, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
2,16 |
1,44 |
|
ზარის დასრულება, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
1,81 |
0,75 |
4. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს - შპს „მაგთიკომს“ დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, ხოლო 4.2. პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირმა უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა; ბ) ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს საკუთარი აბონენტის მიერ წამოწყებულ, სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე ( ა) საკუთარ (შიდა) ქსელში განხორციელებული ზარები; ბ) სხვა მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები; გ) ფიქსირებული ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები) ზედა ზღვრული ტარიფი - 24 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით;
5. შპს „ინექსფონი“, შპს „ჯეონეთი“, შპს „იუ თი ეს“, შპს „ნიუ ვიჟენი“, სს „გლობალ ერთი“, შპს „არკომი“, შპს „ლაგი“, შპს „სითი ტელეკომი“ და შპს „მაიფონი“წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს;
6. შპს „მაგთიკომმა“ 2019 წლის 18 იანვარს, ვებგვერდის საშუალებით აცნობა საზოგადოებას მისი მობილური ქსელის აბონენტებისათვის განკუთვნილი პაკეტების სატარიფო ცვლილებების შესახებ; გამოცხადებული ცვლილებების ფარგლებში, შპს „მაგთიკომმა“ აბონენტებს პაკეტი „მარტივი 25-ის“ ნაცვლად შესთავაზა პაკეტი „მარტივი“, რომლის ღირებულებაც იზრდება 25-დან 30 ლარამდე, მობილური ინტერნეტი 1500 მბ ნაცვლად 1000 მბ-სა, ულიმიტო sms/mms, ულიმიტო ზარები, იმ დათქმით, რომ აბონენტებს ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, წუთის ფასი სხვა ლოკალურ აბონენტებთან - 24 თეთრი. ხოლო სს „სილქნეტმა“ პაკეტი „მეტის“ ცვლილება დააანონსა იმგვარად, რომ აბონენტებს, ნაცვლად მანამდე არსებული პირობისა: საქართველოს ყველა ქსელში (მობილური, ფიქსირებული) განსაზღვრული თუ ულიმიტო ზარებისა, ულიმიტო ზარების განხორციელება შეეძლებათ ყველა მობილური და ფიქსირებული ქსელის მხოლოდ შემდეგ ოპერატორებთან - მაგთიკომი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი, ყველა სხვა ლოკალურ ქსელში ზარის საფასური -24 თეთრი;
7. შპს „მაგთიკომმა“ ზემოაღნიშნული ცვლილებების თარიღად მიუთითა 2019 წლის 18 თებერვალი;
8. სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებული ოფერტის 3.1.1. პუნქტის თანახმად, ოფერენტის კუთვნილ ფიქსირებულ უსადენო ქსელთან, ასევე რუსთავის ფიქსირებულ სადენიან ქსელთან მომსახურების მიწოდების ტარიფი შეადგენს ყოველ 1 წუთზე 4 თეთრს;
9. შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებული ოფერტის 2.1. პუნქტის შესაბამისად, ოფერენტის კუთვნილ ფიქსირებულ სადენიან ქსელთან დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში (ქ.თბილისის და ქ.ქუთაისის გარდა), ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულება) მომსახურების მიწოდების ტარიფი შეადგენს ყოველ ერთ წუთზე 4 (ოთხი) თეთრს დღგ-ს ჩათვლით;
10. შპს „მაგთიკომის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებული ოფერტის 4.3. პუნქტის თანახმად, ფიქსირებულ სადენიან ქსელში ურთიერთჩართვის (წამოწყება/დასრულება) ტარიფი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სამტრედია) შეადგენს 4 თეთრი/წთ, დღგ-ს ჩათვლით;
11. კომისიასთან არსებულ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს აქტიურად მიმართავენ მომხმარებლები და გამოხატავენ უკმაყოფილებას შპს „მაგთიკომის“ დაანონსებულ გაძვირებასთან დაკავშირებით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპის - მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის, შესაბამისად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება: ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანიონის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს მსურველ ავტორიზებულ პირს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს მოცემულია მის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში).
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ:
1. შპს „მაგთიკომის“ ტარიფები არ არის ხარჯზე ორიენტირებული
შპს „მაგთიკომის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ დაანონსებული გაზრდილი საცალო ტარიფების ხარჯზე ორიენტირებულობას. კომისიის მიერ 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი ითვალისწინებდა, როგორც მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე მოქმედი ურთიერთჩართვის ტარიფებს ასევე სხვადასხვა სატარიფო რეგულირების მქონე ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ზარებზე მოქმედ ურთიერთჩართვის ტარიფებს, მათ შორის შპს „მობიტელის“ (ახლანდელი შპს „ვიონი საქართველო“) მიმართულებით ზარის დასრულების ღირებულებას (ურთიერთჩართვა), რომელიც 11 თეთრის ოდენობით (გადასახადების გათვალისწინებით) იყო განსაზღვრული, ხოლო არა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით 4 თეთრის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ხარჯზე ორიენტირებულების დაცვა კომპანიების მხრიდან დადგენილი ზღვრული ტარიფის (24 თეთრი) ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებულ ზარებზე შესაბამისი დანახარჯების (მათ შორის, სხვადასხვა ურთიერთჩართვის ტარიფები) გათვალიწინებით, დანახარჯებზე ორიენტირებული და არა ერთგვაროვანი და მაქსიმალური ზღვარის ნიშნულის მქონე (24 თეთრი) საცალო ტარიფების დაწესებას გულისხმობს, რაც შპს „მაგთიკომის“ სატარიფო პოლიტიკითაც დასტურდება (სხვადასხვა მიმართულებაზე კომპანიას დაწესებული აქვს განსხვავებული ტარიფები). ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი უფლებამოსილია კომისიის თანხმობის გარეშე შეცვალოს საცალო ტარიფი, თუმცა შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით აკისრია ვალდებულება, რომ მისი საცალო ტარიფი იყოს ხარჯზე ორიენტირებული, რაც თავისთავად უნდა ეყრდნობოდეს წილობრივი ზარების ოდენობისა და ტრაფიკის მონაცემების გაანგარიშებას. კომისიამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაძვირებული ტარიფის შესასწავლად და ხარჯზე ორიენტირებულობის დასადგენად მიმართა შპს „მაგთიკომს“ და გამოითხოვა წილობრივი ზარების ოდენობისა და ტრაფიკის მონაცემების ჩაშლილი სახით წარმოდგენა, თუმცა შპს „მაგთიკომმა“ კომისიას აცნობა, რომ მსგავსი გათვლა კომპანიას არ აქვს და ესაჭიროება დამატებით 5 დღე. ამდენად, შპს „მაგთიკომმა“ ტარიფების ცვლილება დაგეგმა ყოველგვარი გაანგარიშებისა და შესწავლის გარეშე, კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენის ვალდებულების უგულებელყოფით, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ტარიფის გაძვირება დაუსაბუთებელია და შპს „მაგთიკომს“ აღნიშნული უფლებამოსილება არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ (24 თეთრი) ტარიფში, დანახარჯების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი (79 პროცენტი=(8+11)/24) ურთიერთჩართვის მომსახურებაზე (მობილურ ქსელში ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) დაწესებულ საბითუმო ტარიფს ეკუთვნოდა (8 თეთრი შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მობილურ ქსელში ზარის დასრულების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფი, ხოლო შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში ზარის დასრულების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფი 11 თეთრის ოდენობით გადასახადების ჩათვლით). კომისიის 2017 წლის 7 სექტემბერის N684/19 („მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე”) გადაწყვეტილებით მობილურ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულების მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი შემცირდა 0,75 თეთრამდე, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით მობილურ ქსელში ზარის წამოწყების მომსახურებაზე ტარიფი 1,44 თეთრამდე შემცირდა. აღნიშნული სატარიფო ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, მას შემდეგ რაც კომპანიის მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები 2,58 თეთრამდე (გადასახადების ჩათვლით (1,44+0,75)x1.18 (დღგ)) შემცირდა, შპს „მაგთიკომის“ მიერ პაკეტ „მარტივში“ ჩასმული 0 თეთრიანი ულიმიტო მიმართულებისთვის 24 თეთრამდე გაძვირება სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
2. შპს „მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას
შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სახეზეა საჩივრის ავტორთათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არადისკრიმინაციულობისა და ერთგვაროვანი მიდგომის ვალდებულების დარღვევით, კერძოდ, სახეზეა არაერთგვაროვანი მიდგომა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელების“, ასევე საკუთარი სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში შპს „მაგთიკომის“ სადენიან ფიქსირებულ ქსელსა და საჩივრის ავტორების მიმართ, ამ უკანასკნელთა საზიანოდ; სს „სილქნეტის“ კუთვნილ ფიქსირებულ უსადენო ქსელთან, ასევე რუსთავის ფიქსირებულ სადენიან ქსელთან, შპს „ახალი ქსელების“ ფიქსირებულ ქსელთან და საკუთარ ფიქსირებულ ქსელთან ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების ტარიფი შეადგენს ყოველ წუთზე 4 თეთრს. ასევე 4 თეთრია ურთიერთჩართვის ტარიფი საჩივრის ავტორთა ქსელში, თუმცა საჩივრის ავტორთა აბონენტებთან დარეკვა მაგთიკომის აბონენტებს შეეძლებათ წუთში 24 თეთრად, მაშინ, როდესაც სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „მაგთიკომის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტს შპს „მაგთიკომის“ აბონენტი დაუკავშირდება 0 თეთრად ულიმიტოდ, პაკეტი „მარტივის“ ფარგლებში. გარდა ამისა, მკვეთრად განსხვავდება მომხმარებელთათვის საჩივრის ავტორთა ქსელში ზარის დასრულების ტარიფიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომისთვის“ წარმოქმნილი უკუგება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების ქსელში ზარის დასრულების ტარიფზე წარმოშობილი უკუგებისგან. ამასთან, სახეზეა შპს „მაგთიკომის“ მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც მობილურ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ საჩივრის ავტორთა ქსელში და მოუწევთ წუთში 24 თეთრის გადახდა, განსხვავებით იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც მობილურ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის ქსელში.
3. არსებობს სატარიფო ზეწოლის საფრთხე
კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ ეკისრება შემდეგი ვალდებულება - ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული პაკეტური ცვლილება ზიანის მომტანია მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის (მათ შორის საჩივრის ავტორებისთვის), შპს „მაგთიკომს“ განზრახული აქვს აბონენტებზე განახორცილოს სატარიფო ზეწოლა, კერძოდ, აბონენტი, რომელიც მანამდე შეუზღუდავად 25 ლარიანი პაკეტის საშუალებით იღებდა მომსახურებას, ამ მომსახურებაში მოუწევს ყოველ განხორცილებულ წუთზე 24 თეთრის გადახდა, ან დამატებით სხვა წუთობრივი პაკეტის შეძენა, რომლის მინიმალური ღირებულება 5 ლარია. აღნიშნული სატარიფო ზეწოლა აისახება ასევე იმ კომპანიებზეც ვისი მიმართულებითაც ხდება ზარის განხორცილება, რადგან შპს „მაგთიკომის“ (დიდი ქსელის ოპერატორის) აბონენტების ქცევა მომსახურების (იმ მიმართულებით ზარის განხორცილებაზე) მიღების მოცულობის შემცირებაზე იმგვარად აისახება, რომ შპს „მაგთიკომის“ კონკურენტი ავტორიზებული პირების ქსელის მიმართულებით განხორცილებული ზარების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება რაც მათთვის ფინასური ზარალის მომტანი იქნება, როგორც საბითუმო მომსახურების, ასევე საცალო მომსახურების კუთხით. ახალი აბონენტები არ ჩაერთვებიან, ხოლო არსებულებმა შესაძლოა შეწყვიტონ მომსახურების მიღება, ვინაიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის აბონენტებს შეექმნებათ მათთან დარეკვის პრობლემა, მაღალი ტარიფის გამო.
4. სახეზეა საცალო ტარიფების შემცირების წინაპირობები
შპს „მაგთიკომს“ 25 ლარიანი პაკეტი შეთავაზებაში აქვს 2013 წლის ოქტომბრიდან და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული პაკეტი არ იყო ზარალიანი; გაუქმდა აქციზის გადასახადი; თითქმის სრულად არის აღმოფხვრილი კონსოლიდირებული ტენდერების დროს მიღებული ზარალი, ასევე კორპორატიული კლიენტების მიმართულებით არის კორექტივები შეტანილი. სუბსიდირება, აღმოიფხვრა კომისიის 2018 წლის 15 მარტის N137/18 გადაწყვეტილებით და დღეის მდგომარეობით კონსოლიდირებული დენდერის პირობებში მიწოდებულ მომსახურებაზე არსებული ტარიფები უზრუნველყოფს მობილური კომპანიების დანახარჯების ანაზღაურებას; „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში (დადასტურებულია აუდიტორული დასკნით) ადასტურებს ტარიფის შემცირების და არა გაზრდის აუცილებლობას;
კომისია აღნიშნავს, რომ, როგორც მარეგულირებელმა ორგანომ, როგორც საჯაროდ, ისე პირადი მოლაპარაკების გზით არაერთხელ მოუწოდა კომპანიებს (მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ დააანონსეს ცვლილებები და ფასების ზრდა) არ გაეძვირებინათ ტარიფები, რაც შპს „მაგთიკომმა“ არ გაითვალისწინა განსხვავებით სს „სილქნეტისაგან, რომელმაც შეაჩერა გაძვირება შესაბამისი ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე. შპს „მაგთიკომის“ განცხადების შესაბამისად პაკეტური გაძვირება და ცვლილებები ძალაში შედის 2019 წლის 18 თებერვლიდან. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მაგთიკომი“ განახორციელებს დაანონსებულ გაძვირებას, სახეზე იქნება კომისიის მიერ მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც თავისთავად ნიშნავს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მხრიდან პაკეტური ტარიფების გაძვირება დაუსაბუთებელია და უნდა აეკრძალოს მისი ძალაში შეყვანა, ამასთანავე, ვინაიდან დადგენილია, რომ პაკეტი „მარტივი 25“ არ არის ზარალიანი კომპანიისთვის, არსებულ პაკეტებს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პაკეტი, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომხმარებელთა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, შპს „მაგთიკომს“ უნდა დაევალოს პაკეტის „მარტივი 25“-ის შეთავაზება აბონენტებისთვის მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (დასაბუთება დანართი N1). გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით, კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ შეაჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას და უზრუნველყოფილი იქნება შპს „მაგთიკომის“ მიერ თავის აბონენტებზე და კონკურენტებზე დაგეგმილი სატარიფო ზეწოლის შეჩერება, შესაბამისად, მიეცემათ შესაძლებლობა მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ოპერატორებს მიიღონ მომსახურება კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 23-ე, 28-ე, მუხლების, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 36-ე, 37-ე, 40-ე, 41-ე, 42-ე მუხლების, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებისა (დღეს მოქმედი რედაქცია) და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების (დღეს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ინექსფონის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „იუ თი ეს“-ის, შპს „ნიუ ვიჟენის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „არკომის“, შპს „ლაგის“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „მაიფონის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
- შპს „მაგთიკომის“ მიერ 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანი პაკეტით - გამოცხადებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ფასის ზრდისა და შპს „ინექსფონის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „იუ თი ეს“-ის, შპს „ნიუ ვიჟენის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „არკომის“, შპს „ლაგის“, შპს „სითი ტელეკომის“და შპს „მაიფონის“ პაკეტიდან ამოღების ნაწილში სახეზე იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან;
- შპს „მაგთიკომს“ აეკრძალოს 2019 წლის 18 იანვარს გამოცხადებული პაკეტური ცვლილებების განხორციელება მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების პაკეტში შეთავაზების გაძვირებისა და მცირე და საშუალო ოპერატორების ქსელში პაკეტის ფარგლებში გაუქმების ნაწილში, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
- შპს „მაგთიკომმა“ უზრუნველყოს დღეის მდგომარეობით მოქმედი პირობებით პაკეტის - „მარტივი 25“-ის შეთავაზება მომხმარებლისთვის მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
- აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე (დასაბუთება დანართი N1, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს);
- შპს „მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები ასახოს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სრულყოფილად, კანონით დადგენილი წესით.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
დანართი N1
გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან, შპს „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის პაკეტური შეთავაზებების გაძვირება არის სრულიად დაუსაბუთებელი შემდეგი გარემოებების გამო:
- კომისიის მიერ 2011 წელს დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფის ოდენობა (24 თეთრი) გაანგარიშებული იყო იმ პირობებში, როცა ზარის წამოწყების მომსახურების საფასური შედგენდა 8 თეთრს, მობილურ ქსელში ზარის დასრულების მომსახურების საფასური ასევე 8 თეთრს გადასახადების ჩათვლით (მათ შორის აქციზი 10%), ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან მობილურ ქსელში ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგენს 1,44 თეთრს (წამოწყება) და 0.75 თეთრს (დასრულება), ჯამში 2.19 თეთრს (გადასახადების გარეშე);
- გაუქმდა მობილურ მომსახურებაზე მანამდე არსებული აქციზის გადასახადი;
- დადგენილია, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე არსებული ტარიფები უზრუნველყოფს მობილური კომპანიების დანახარჯების ანაზღაურებას;
- მობილური კომპანიების, მათ შორის „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში (დადასტურებულია აუდიტორული დასკნით) ადასტურებს ტარიფის შემცირების და არა გაზრდის აუცილებლობას;
- კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ ეკისრება შემდეგი ვალდებულება- ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
დღეის მდგომარეობით, ნაცვლად ტარიფის შემცირებისა, ხდება ერთ-ერთი სატარიფო პაკეტის გაძვირება, რითაც ზიანი ადგება აბონენტების მნიშვნელოვან რაოდენობას:
ასევე, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული პაკეტური ცვლილება ზიანის მომტანია მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის (მათ შორის საჩივრის ავტორებისთვის), რომელთა ქსელში დარეკვის შესაძლებლობა საერთოდ ამოღებული იქნა ახალი დაანონსებული პაკეტებით და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეიძენს 30 ლარიან პაკეტს, რომელიც მანამდე 25 ლარი ღირდა, საერთოდ ვერ დარეკავს მცირე და საშუალო ოპერატორებთან და მათთან დასაკავშირებლად დამატებით უნდა დადოს ანგარიშზე თანხა და მათ მიმართ პაკეტის ფარგლებში 0 თეთრიანი ულიმიტო დარეკვის შესაძლებლობა შეიცვალა წუთში 24 თეთრიანი ტარიფით. აღნიშნული მკვეთრად შეამცირებს მცირე და საშუალო ოპერატორის ქსელში ზარის დასრულებას, ფასისა და გარკვეულ შემთხვევებში (მომხმარებლის ანგარიშზე დამატებითი თანხის არ არსებობის შემთხვევაში) შესაძლებლობის მოსპობის გამო. ასეთ პირობებში, შესაძლოა ამ ოპერატორებმა თავისი აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ ტარიფების გაძვირების 2019 წლის 18 თებერვალს ამოქმედების შემთხვევაში.
კომისიამ, როგორც მარეგულირებელმა ორგანომ, როგორც საჯაროდ, ისე პირადი მოლაპარაკების გზით არაერთხელ მოუწოდა კომპანიებს (მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ დააანონსეს ცვლილებები და ფასების ზრდა) არ გაეძვირებინათ ტარიფები, რაც შპს „მაგთიკომმა“ არ გაითვალისწინა განსხვავებით სს „სილქნეტისა, რომელმაც შეაჩერა გაძვირება შესაბამისი ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე. შპს „მაგთიკომის“ განცხადების შესაბამისად პაკეტური გაძვირება და ცვლილებები ძალაში შედის 2019 წლის 18 თებერვლიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით, კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ შეაჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას და უზრუნველყოფილი იქნება „მაგთიკომის“ მიერ თავის აბონენტებზე და კონკურენტებზე დაგეგმილი სატარიფო ზეწოლის შეჩერება, შესაბამისად, მიეცემათ შესაძლებლობა მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ოპერატორებს მიიღონ მომსახურება კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
