შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ (ს/კ 406145078) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 14:03
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020 14:03
შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ (ს/კ 406145078) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეპორტ ჯორჯიამ“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/658 07.02.2020), შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, მუჰამმად შაჰზად ბუტტის (პასპორტის №AU3491434) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ტელეპორტ ჯორჯია“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%-ს ფლობს ფიზიკური პირი, თურქეთის მოქალაქე, უღურ არასი. შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ დირექტორია იდრის ქურთი, თურქეთის მოქალაქე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის, ასევე შპს„ტელეპორტ ჯორჯიას“ №შ-20-6/722 12.02.2020 წერილის თანახმად, შპს „ტელეპორტ ჯორჯია“, ასევე შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი მუჰამმად შაჰზად ბუტტი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ტელეპორტ ჯორჯია“ ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%- ის ფიზიკურ პირ, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, მუჰამმად შაჰზად ბუტტის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მუჰამმად შაჰზად ბუტტის მიერ შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“, შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“ წილის 100%- ის ფიზიკურ პირ, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, მუჰამმად შაჰზად ბუტტის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ტელეპორტ ჯორჯიას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტელეპორტ ჯორჯია“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ტელეპორტ ჯორჯიასათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეპორტ ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ტელეპორტ ჯორჯიასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
