შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 405113176) წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 19:04
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 405113176) წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სერვისბოქსმა“ და შპს „მალტისოფტმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1812 02.04.2020), შპს „სერვისბოქსის“ წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „მალტისოფტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ ლუტიძე, წილის 80%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯიქია.
შპს „სერვისბოქსის“ დირექტორია ნიკოლოზ რამიშვილი.
შპს „მალტისოფტის“ წილის 30%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია, წილის 70%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯიქია.
შპს „მალტისოფტის“ დირექტორია დავით ხაბაზიშვილი.
ერთობლივი განცხადების თანახმად, შპს „მალტისოფტს“ განზრახული აქვს შეიძინოს დავით ჯიქიას კუთვნილი შპს „სერვისბოქსის“ წილის 80%.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „სერვისბოქსი“, შპს „მალტისოფტი“, ასევე შპს „მალტისოფტის“ პარტნიორი ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.
რაც შეეხება ფიზიკურ პირ დავით ჯიქიას, იგი ასევე წარმოადგენს ავტორიზებულ პირ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს დირექტორს და წილის 25%-ის მფლობელს. ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ არ ფუნქციონირებს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სერვისბოქსი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით აბონენტების მომსახურებას, ხოლო შპს „მალტისოფტი“ ახორციელებს აბონენტების საცალო ინტერნეტ მომსახურებას.
შპს „სერვისბოქსს“ 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა მაუწყებლობის ტრანზიტის 8 723 აბონენტი, კერძოდ: თბილისში - 3425 აბონენტი, ქუთაისში - 1238 აბონენტი, რუსთავში - 3375 აბონენტი, ზუგდიდში - 97 აბონენტი, გორში - 160 აბონენტი, ფოთში - 132 აბონენტი, ზესტაფონში - 101 აბონენტი, ლანჩხუთში - 129 აბონენტი, ოზურგეთში - 40 აბონენტი, ჩხოროწყუში - 14 აბონენტი, აბაშა - 5 აბონენტი, სამტრედია - 5 აბონენტი, ბათუმი - 1 აბონენტი, კასპი - 1 აბონენტი.
შპს „სერვისბოქსის“ შემოსავალმა 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 5 644 109 ლარი.
შპს „მალტისოფტს“ 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა საცალო ინტერნეტის 7 028 აბონენტი, კერძოდ: თბილისში - 3915 აბონენტი, რუსთავში - 1318 აბონენტი, ქუთაისში - 1341 აბონენტი, ფოთში - 135 აბონენტი, გორში - 169 აბონენტი, ზესტაფონში - 110 აბონენტი, ზუგდიდში - 39 აბონენტი, კასპში - 1აბონენტი.
შპს „მალტისოფტის“ შემოსავალმა 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 162 170 ლარი (კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2019 წლის ნოემბრის თვიდან).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსის“ წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სერვისბოქსის“ წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სერვისბოქსს“, შპს„სერვისბოქსის“ წილის 80%-ის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სერვისბოქსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სერვისბოქსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სერვისბოქსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
