წვდომის მენიუ

შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) და შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს (ს/კ 400036402) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 618

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2020 14:27

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2020

შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) და შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს (ს/კ 400036402) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს,რომ კომისიას 2020 წლის 31 ივლისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს„MAXNET“-მა და შპს„NETFLEX   ნეტფლექს“-მა, (განცხადების კომისიაში  რეგისტრაციის   №შ-20-6/3912 31.07.2020), შპს„MAXNET“-ის და შპს„NETFLEX ნეტფლექს“-ის შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს„MAXNET“ და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს„MAXNET“-ს ავტორიზაცია  გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს„NETFLEX ნეტფლექს“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „NETFLEX ნეტფლექსი“, ხოლო შპს „NETFLEX ნეტფლექს“-ის წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ლევან გაბუნია.

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  თანახმად,  შპს  „MAXNET“, შპს„NETFLEX ნეტფლექსი“ და ფიზიკური პირი ლევან გაბუნია სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

შპს„MAXNET“ და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi

ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა: შპს„MAXNET“ – 8 747 აბონენტი; შპს„NETFLEX ნეტფლექსი“ – 454 აბონენტი.

შპს„MAXNET“-ის შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 6 თვეში შეადგინა 752 106 ლარი, ხოლო შპს„NETFLEX ნეტფლექსი“-ს შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 6 თვეში შეადინა - 56 901 ლარი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა და ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

ვინაიდან   შპს„MAXNET“ და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“  საქმიანობენ  სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ამ კომპანიების შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემო უცვლელი რჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „MAXNET“-ის და შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს   შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული  ტრანზაქცია  შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „MAXNET“-ისა და შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „NETFLEX ნეტფლექსი“, ხოლო შპს „NETFLEX ნეტფლექს“-ის წილის 100%- ის მფლობელია ფიზიკური პირი ლევან გაბუნია, შპს „MAXNET“-თან შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელი გახდება ფიზიკური პირი ლევან გაბუნია.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეთ თანხმობა შპს „MAXNET“-ს და შპს „NETFLEX ნეტფლექს“-ს, შპს „MAXNET“-ისა და შპს „NETFLEX ნეტფლექსი“-ს შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს„MAXNET“-ს და შპს„NETFLEX ნეტფლექს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „MAXNET“-ისა და შპს „NETFLEX ნეტფლექს“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს„MAXNET“ და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“  ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს„MAXNET“-ისა და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“-ს   შერწყმის   შემთხვევაში,  შპს„MAXNET“-მა და შპს„NETFLEX ნეტფლექს“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   ამ   გადაწყვეტილების   დამოწმებული  ასლის  შპს„MAXNET“-ისა და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“-სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„MAXNET“-ისა და შპს„NETFLEX ნეტფლექსი“-სათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები