წვდომის მენიუ

შპს „ქომინეტის“ (ს/კ 438730857) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის (ს/კ438733765) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 685

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2020 11:38

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020

შპს „ქომინეტის“ (ს/კ 438730857)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის (ს/კ438733765)  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2020 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართ შპს „ქომინეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4216),  შპს „ქომინეტის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (სატელეკომუნიკაციო სადგური GEPON OLT P-3310, GEPON SFP (OLT-GSFP-20), ოპტიკური სპლიტერი 1X8 SC, როუტერები, სატელეკომუნიკაციო ანძის ლითონის კონსტრუქცია, სექტორული ანტენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელი (22 კმ.) და სხვა) შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ქომინეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „სმარტ ტვ“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქომინეტის“ წილის 60%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ავთანდილ თირქია, ხოლო წილის 40%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თათია გიორგაძე. შპს „ქომინეტის“  დირექტორია თათია გიორგაძე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სმარტ ტვ“-ს წილის 51%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ავთანდილ თირქია, ხოლო წილის 49%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თათია გიორგაძე. შპს „სმარტ ტვ“-ს დირექტორია თათია გიორგაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „სმარტ ტვ“, ასევე შპს „სმარტ ტვ“-ის პარტნიორები ავთანდილ თირქია და თათია გიორგაძე სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქომინეტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას. კომპანია აბონენტებს მომსახურებას უწევს სამტრედიის მუნიციპალიტეტში. აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 340 აბონენტი. აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შეადგენს 3,9%-ს. შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 6 თვის მონაცემებით შეადგინა 46734 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქომინეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ქომინეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ქომინეტს“, შპს „ქომინეტის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ შეძენაზე;

2. შპს „ქომინეტის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ქომინეტმა“ უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქომინეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ქომინეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები