შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2020 12:44
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020
შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 2 დეკემბერს №შ-20-6/6074 განცხადებით მიმართა შპს„ეარნეტმა“ (ს/კ 437058103), შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ეარნეტი“ (ს/კ 437058103) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი თემურ კაკრიაშვილი - წლის 33%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი შოთა მიქაძე - წილის 33%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი ლაშა ტუღუში - წილის 34%-ის მფლობელი. ლაშა ტუღუშს და შოთა მიქაძეს განზრახული აქვთ შეიძინონ თემურ კაკრიაშვილის კუთვნილი, შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 33%, კერძოდ, ლაშა ტუღუშმა - შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5% და შოთა მიქაძემ - შპს„ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%.
შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) მიერ წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი, ერთ- ერთი პარტნიორის - თემურ კაკრიაშვილის მიერ წილის დათმობაზე თანხმობის გაცხადების შესახებ.
შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) განცხადების თანახმად გათვალისწინებული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, პარტნიორებს შორის კომპანიის წილები შემდეგნაირად გადანაწილდება: ლაშა ტუღუში - 50,5%, შოთა მიქაძე - 49,5%.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ეარნეტი“ (ს/კ437058103), ასევე ეარნეტის პარტნიორი შოთა მიქაძე სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. რაც შეეხება შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) პარტნიორ ლაშა ტუღუშს, იგი ამავე დროს არის ავტორიზებულ პირ შპს „ბრეინ ტექნოლოჯის“ (ს/კ405358018) წილის 100%-ის მფლობელი.
შპს „ბრეინ ტექნოლოჯის“ (ს/კ405358018) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება და შესაბამის საქმიანობას კომპანია ახორციელებს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან 2020 წლის 10 თვეში შეადგინა 644 983 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 2 702 აბონენტი, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 21 აბონენტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 2668 აბონენტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - 13 აბონენტი.
შპს „ეარნეტთან“ (ს/კ 437058103) აფილირებული ავტორიზებული პირი შპს „ბრეინ ტექნოლოჯი“ (ს/კ 405358018) მიმდინარე ეტაპზე საქმიანობას არ ახორციელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნას თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ეარნეტს“ (ს/კ 437058103), შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ეარნეტს“ (ს/კ 437058103), რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეარნეტი“ (ს/კ 437058103) ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ეარნეტისათვის“ (ს/კ437058103) გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ეარნეტისათვის“ (ს/კ 437058103) ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ეარნეტისათვის“ (ს/კ 437058103) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
