შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2020 18:35
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020
შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სმსჰაბის“ განცხადება კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-19-6/5032, 30.12.2019), რომლის თანახმად, შპს „სმსჰაბი“ არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც რეკლამირებას ეწევა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით (აგზავნის სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის სმს-ებს) როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაიხსნა 2019 წლის 10 ოქტომბერს და ერთ ვეში მოახერხა შემდეგ კომპანიებთან თანამშრომლობა: „ვენდუ“,„ლიმბახი“, „ვილა კრწანისი რეზიდენსი“ და ა.შ. კომპანიამ 10 000 ლარიანი ბრუნვა დააფიქსირა და ასევე, მოლაპარაკებები ქონდა სამომავლო გრძელვადიან თანამშრომლობაზე ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: „ნიკორა“, „ლუტეცია“, „ვისოლ ჯგუფი“, „ელიტ ელექტრონიქსი“ და სხვა.
შპს „მაგთიკომთან“ 2019 წლის პირველ ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სმსჰაბი“ სარგებლობს შპს „მაგთიკომის“ სმს პორტალით („მაგთიკომი“ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით უზრუნველყოფს მომსახურებას).
შპს „სმსჰაბის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/5032, 30.12.2019) თანახმად, შპს „მაგთიკომმა“ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პირველი დეკემბრიდან, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ხდებოდა ფასების გაზრდა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე. ახალი ფასებით იმუშავებდა ყველა ის კომპანია, რომელიც ბაზარზე აღნიშნულ მომსახურებას უწევდა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. შპს „სმსჰაბი“ დათანხმდა აღნიშნულ პირობას და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, იმ დათქმით, რომ 2019 წლის პირველი დეკემბრიდან გაძვირდებოდა ასაღები ერთეული სმს-ის ფასი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის დეკემბერის თვეში განცხადების ავტორისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკურენტი ფირმები ძველი ტარიფით განაგრძობდნენ მუშაობას, ხოლო გაძვირება მხოლოდ მათ კომპანიას შეეხო. ასეთ მდგომარეობაში, ფასების სხვაობიდან გამომდინარე, კომპანია ვერ ახერხებს კონკურენცია გაუწიოს კონკურენტ კომპანიებს. ამ ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დეკემბრის თვე, ვინაიდან ყველაზე მეტი ოდენობის სმს-ები ამ თვეში იგზავნება. ხოლო, ფასების მხოლოდ შპს „სმსჰაბისთვის“ გაძვირებამ გამოიწვია შემდეგი: კომპანია ვერ უწევს მომსახურებას თავის კლიენტებს; ვერ აფორმებს ხელშეკრულებებს ახალ ორგანიზაციებთან; კომპანია გახდა გადახდისუუნარო; თანამშრომლების მიმართ კომპანიას დარჩა ფინანსური ვალდებულებები; კომპანიას აღარ გააჩნია რესურსი შპს „მაგთიკომთან“ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (2 მილიონი სმს-ების თანხის ჩარიცხვა ყოველთვიურად).
შპს „სმსჰაბის“ განცხადების თანახმად, კომპანია ითხოვს ძველ ტარიფზე დაუყოვნებლივ გადასვლას, რათა კომპანიამ შეძლოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე, შპს „მაგთიკომისგან“ ითხოვს ფულად ანაზღაურებას, რომელიც ფაქტობრივად მიადგა კომპანიას ტარიფების გაზრდით.
კომისიის 2020 წლის 9 იანვარის Nგ-20-23/11 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, 15 საათზე, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი გ. ჩხეიძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა შპს „სმსჰაბის“ ინტერესების დასაცავად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმსჰაბის“ დირექტორმა ბ.ლომიძემ კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომიდან გამომდინარე ითხოვს ძველ ტარიფზე დაბრუნებას, ვიდრე ყველა მსგავსი კომპანია არ მოექცევა ერთიანი ტარიფის სივრცეში, არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობებით.
კომისიის 2020 წლის 23 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სმსჰაბის“ დირექტორი ბ.ლომიძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, დ. ძიძიგური და საზოგადოებრივი დამცველი გ.ჩხეიძე.
კომისიის 2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე.იმედაძემ, აღნიშნა, რომ წარმოების ფარგლებში, შპს„მაგთიკომს“ დაევალა შპს „სმსჰაბთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსი მომსახურების (სმს პორტალის მეშვეობით და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით დამკვეთისთვის მომსახურების მიწოდების) თაობაზე სხვა კომპანიებთან (მომხმარებლებთან), მათ შორის, შპს „ჯეო სმსთან“ და შპს „ემ ეს ჯგუფთან“ დადებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი წერილობითი დასკვნის წარმოდგენა. შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულებები შპს „რითეილ ჯგუფთან“, შპს „ემ ეს ჯგუფთან“, შპს „ჯეო ეს ემ ესთან“ და შპს „მისო ევრო კრედიტთან“. ე.იმედაძემ აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შპს „სმსჰაბის“ საჩივრის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომი“ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებას, ზემოთ მითითებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომხმარებლებისათვის. ხელშეკრულებების ანალიზი ტარიფების ნაწილში ცხადყოფს, რომ უმეტესწილად ტარიფები განისაზღვრება ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მოცულობაზე მიბმით და სხვადასხვა მოცულობის შემთხვევაში ერთეულის ფასი განსხვავებულია. 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში შპს „სმსჰაბის“ მიერ ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მოცულობამ შეადგინა 1,159,778 და 1,397,346 ერთეული. შესაბამისად, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი შეფასებით, აღნიშნულ მოცულობაზე შპს „სმსჰაბის“ ხელშეკრულების მიმდინარე პირობებით განსაზღვრული ტარიფი არ წარმოადგენს ცალსახად დისკრიმინაციულ ფასს, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულებები ანალოგიურ კომპანიებთან აღნიშნულ მოცულობაზე ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, უფრო მაღალ ტარიფსაც კი ითვალისწინებს. შპს „სმსჰაბთან“ მიმართებაში მოკლე ტექსტურ შეტყობინებით მომსახურებაზე შპს „მაგთიკომის“ მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფების დისკრიმინაციულობა არ იკვეთება.
კომისიის 2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე შპს „სმსჰაბის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „სმსჰაბი“ დამწყები კომპანია იყო და შპს „მაგთიკომს“ სტანდარტული ტარიფით რომ დაედო ხელშეკრულება, მათი კომპანია ვერ შევიდოდა ბაზარზე. შესაბამისად, შპს „მაგთიკომმა“ დაუშვა გამონაკლისი და მათ კომპანიას განსხვავებული ხელშეკრულება დაუდო. შეთანხმების შესაბამისად, შპს „სმსჰაბს“ განესაზღვრა ყველაზე დაბალი ფასი 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩაუდეს ვალდებულება, რომ თვეში მინიმუმ 2 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა დაეგზავნა.
ბ. ლომიძემ ასევე ითხოვა, კომისიამ კიდევ ერთხელ გადახედოს ხელშეკრულებებს და ასევე მოითხოვა შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნას ანგარიშ-ფაქტურები, რომელშიც იწერება - Bulk SMS და ღირებულება, მასში არ ჩანს SMS ბრუნვა. ბ. ლომიძემ აღნიშნა, რომ ანგარიშ- ფაქტურას აუცილებლად უნდა ერთვოდეს ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეები ადასტურებენ კონკრეტულ თვეში მიღებული SMS-ების რაოდენობას, რომლის ღირებულებაც იყო კონკრეტული თანხა.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს „სმსჰაბს“ უკეთესი ფასი აქვს იმ ორ კომპანიასთან შედარებით, რომელსაც თავად შპს „სმსჰაბი“ ასახელებს. ასევე, ლ. გიორგაძემ განმარტა, რომ სისტემიდან ამობეჭდილი ინვოისები არის ავტომატურად ბილინგის მიერ დაგენერირებული, რის თაობაზეც იწერება ანგარიშ-ფაქტურა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე შპს „მაგთიკომს“ დაევალა დამატებით კომისიაში წარმოედგინა მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკითხის განხილვა გადაიდო და გაგრძელდა 2020 წლის 6 თებერვალს.
კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სმსჰაბის“ წარმომადგენელი ბ. ლომიძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე და საზოგადოებრივი დამცველი გ. ჩხეიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 20-10-373; 06/02/2020) მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც მხარეებს კომისიის 2020 წლის 6 თებერვალს გადაეცათ, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შპს „სმსჰაბის“ საჩივრის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ კომპანია ითხოვდა ძველ ტარიფზე დაბრუნებას, ვიდრე ყველა მსგავსი კომპანია არ მოექცევა ერთიანი ტარიფის სივრცეში, არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობებით.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, ზეპირი მოსმენის სხდომის ფარგლებში შპს „სმსჰაბის“ დირექტორმა ბექა ლომიძემ დააზუსტა შემდეგი გარემოებები: შპს „მაგთიკომის“ შპს „სმსჰაბთან“ დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო შეღავათიანი პერიოდი შპს „სმსჰაბის“ ბაზარზე შესვლისთვის, ხოლო 2019 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედიოდა ახალი ტარიფები რომელთან დაკავშირებითაც შპს „სმსჰაბს“ მოლოდინი ჰქონდა რომ მინიმალური ტარიფი ყველა მსგავსი კომპანიისთვის ერთნაირი იქნებოდა. შესაბამისად, შპს „სმსჰაბმა“ ითხოვა კომისიისგან შეემოწმებინა ის მინიმალური ტარიფები, რომლითაც მოხდა არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა წარმოდგენილ 4 კომპანიასთან 2019 წლის დეკემბრის თვეში. ასევე, დამატებით მტკიცებულებად შპს „სმსჰაბმა“ მოითხოვა შპს „მაგთიკომის“ მიერ ანგარიშ-ფაქტურების და ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა შპს „ემ ეს ჯგუფთან“, შპს „ჯეო ეს ემ ესთან“ რომლითაც მხარეები ადასტურებენ კონკრეტულ თვეში მიღებული sms- ების რაოდენობას, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „სმსჰაბის“ მოთხოვნა და შპს
„მაგთიკომს“ დამატებით დაევალა ორმხრივ ხელმოწერილი მიღება ჩაბარების აქტების წარმოდგენა, რომელიც კომისიას ჩაბარდა 2020 წლის 3 თებერვლის წერილით შ 20-6/479.
როგორც (N 20-10-373; 06/02/2020) მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომი“ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ ინიცირებული მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებას კლიენტი კომპანიებისთვის როგორიცაა მაგალითისთვის შპს სმსჰაბი“.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №3 დადგენილების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს განცხადება მომსახურების მიწოდების თაობაზე რიგითობის წესით, თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
ამასთანავე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 20-10-373; 06/02/2020) მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზი ტარიფების ნაწილში ცხადყოფს, რომ არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების ტარიფი განისაზღვრება მომხმარებლის მიერ ინიცირებულ რაოდენობაზე მიბმით და სხვადასხვა მოცულობის პირობებში ერთეულის ფასი განსხვავებულია.
მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები ცხადყოფს რომ პირველი დეკემბრიდან ტარიფების ცვლილება სხვა კომპანიებთან არ მომხდარა, და ზემოთ მოყვანილი მოცულობაზე მიბმული ტარიფებით ხორციელდებოდა ურთიერთობა მათ შორის დეკემბრის თვეშიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი, ისევე როგორც ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების 102-ე მუხლი, შეიცავს აკრძალული ქმედებების ერთიდაიგივე სიას, კერძოდ, დომინანტ ეკონომიკურ აგენტებს ეკრძალებათ შემდეგი სახის საქმიანობის განხორციელება: გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისათვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 20-10-373; 06/02/2020) მოხსენებითი ბარათის თანახმად, ასევე, დამატებით შესწავლილი იყო ევროკავშირის სასამართლოს პრაქტიკა, ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული ფასების არსებობისას. ერთ-ერთი ასეთი ქეისის (EU Court of Justice, MEO v. Autoridade da Concorrencia, C-525/16, 19 April 2018) შესწავლისას ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ1 დაადასტურა, რომ დომინანტური ფირმის მიერ ფასების დისკრიმინაცია მხოლოდ მაშინ არღვევს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების 102- ე მუხლს, თუ მას შეუძლია მოახდინოს კონკურენციის შეზღუდვა მისი კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის.
როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც საქმიანობენ დომინანტური ან პოტენციურად დომინანტ ბიზნესთან, ევროკავშირის სასამართლოს განჩინება მიუთითებს, რომ ფასების დისკრიმინაცია უპირობოდ არ ნიშნავს კონკურენციის შემზღუდავ მდგომარეობას და უნდა შემოწმდეს კონკურენციის შემზღუდველი გარემოებების არსებობა.
ზემოთ მოყვანილი კანონის მუხლების და ევროპის სასამართლო პრაქტიკით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დეტალურად იქნა შესწავლილი შპს „მაგთიკომის“ მიერ ბაზარზე შეთავაზებული არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინების ტარიფები, როგორც შპს „სმსჰაბთან“ ასევე მსგავს კომპანიებთან (მომხმარებლებთან) მიმართებაში.
შპს „სმსჰაბის“ მოთხოვნა მათი ტარიფების შედარება გაკეთებულიყო მხოლოდ ორ კონკურენტ კომპანიასთან შპს „ემ ეს ჯგუფთან“, შპს „ჯეო ეს ემ ესთან“ და მხოლოდ მინიმალურ ტარიფებზე - აღნიშნული შედარება ადასტურებს, რომ შპს „სმსჰაბისთვის“ 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაწესებული ტარიფი უფრო მაღალია ვიდრე ამ ორი კომპანიის მინიმალური ტარიფი 1 მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის, თუმცა სხვა კლიენტ კომპანიებთან მიმართებაში როგორიცაა შპს „რითეილ ჯგუფი“ და შპს „მისო ევრო კრედიტი“ ასეთი ფასთა სხვაობა არ ფიქსირდება.
1 შენიშვნა: იგულისხმება მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო - European Court of Justice
(ECJ)
ასევე, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში შპს „სმსჰაბის“ მიერ ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მოცულობამ შეადგინა 1,159,778 და 1,397,346 ერთეული, შესაბამისად ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ მოცულობაზე შპს „სმსჰაბის“ ხელშეკრულების მიმდინარე პირობებით განსაზღვრული ტარიფი არ წარმოადგენს ცალსახად დისკრიმინაციულ ფასს, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულებები ანალოგიურ კომპანიებთან აღნიშნულ მოცულობაზე უფრო მაღალ ტარიფსაც კი ითვალისწინებს.
შესაბამისად, შპს „სმსჰაბის“ მიერ მოცულობის ზრდის პირობებშიც (მაგალითად 2 მილიონ და მეტ ერთეულზე შემთხვევაშიც) შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების აქტები ცხადყოფს რომ შპს „სმსჰაბისთვის“ განსაზღვრული ტარიფი არ განაპირობებს ამ კომპანიის დისკრიმინაციულ, არაკონკურენტულ პირობას არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდების საცალო ბაზარზე.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით შპს „სმსჰაბის“ მოთხოვნა, რომ მათი ტარიფების შედარება მოხდეს მხოლოდ ორ კონკურენტ კომპანიასთან და მხოლოდ მინიმალურ ზღვრულ ტარიფზე ასევე დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, რადგან არ ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ სხვა კლიენტ კომპანიებს რომელთან შედარებითაც შპს „სმსჰაბს“ აქვს უპირატესი სახელშეკრულებო პირობა. ასევე ის ტარიფი რომელიც შპს „მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული იყო ხელშეკრულებით 1 დეკემბრამდე შეიძლება განხილული იყოს ასევე დისკრიმინაციულად რაც შპს “სმსჰაბს“ აყენებს უპირატეს პოზიციაში.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, მთავარ ამოცანას აღნიშნული საჩივრის განხილვისას წარმოადგენდა იმის დადგენა, ხდებოდა თუ არა კონკურენციის მიზანმიმართული შეზღუდვა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს “სმსჰაბთან“ დადებული ხელშეკრულების პირობებით, შესაბამისად, შეფასდა შემდეგი გარემოებები:
როგორც შპს „სმსჰაბი“ აღნიშნავს შპს „მაგთიკომმა“ მოლაპარაკების საფუძველზე შესთავაზა უპირატესი პირობები რათა გაეადვილებინა მათი შესვლა აღნიშნულ ბაზარზე, შესაბამისად შპს „სმსჰაბს“ გააჩნდა გარკვეული მოლაპარაკების ძალა და პირობა. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ საცალო ბაზარზე შპს „სმსჰაბს“ მსგავსი მომსახურების შეძენა შეუძლია სხვა მობილური ოპერატორებისგან როგორიც არის შპს „სილქნეტი“ ან შპს „ვიონი საქართველო“
კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილებით, მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას; მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის საცალო სეგმენტი რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბაზარზე ფაქტობრივად ყველა მონაწილისთვის, ასევე
არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბაზრის წინასწარი ანალიზი ცხადყოფს რომ შპს „მაგთიკომი“ ანალოგიური მომსახურების მიწოდებას ახორციელებს მრავალ კლიენტ კომპანიასთან ზემოთ მოყვანილი დიფერენცირებული ტარიფებით და არ იკვეთება შპს „მაგთიკომის“ დაინტერესება რომ შეზღუდოს კონკრეტულად შპს „სმსჰაბის“ მდგომარეობა ბაზარზე ან მოახდინოს მათი განდევნა ბაზრიდან. შესაბამისად არ დასტურდება დისკრიმინაციული ტარიფებით კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები.
კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ აღნიშნა, რომ შპს „სმსჰაბი“ წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ ბოლო მომხმარებელს. ამ ბაზარზე შპს „მაგთიკომს“ აქვს დისკრიმინაციული, განსხვავებული ფასები ყველა მომხმარებლისთვის. დისკრიმინაციული ფასის არსებობა საცალო ბაზარზე დარღვევას არ ნიშნავს, რასაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი და საერთაშორისო კანონმდებლობაც ადასტურებს. შპს „მაგთიკომს“ ზოგ ორგანიზაციასთან მიმართებით აქვს უფრო მაღალი ფასი, ზოგ შემთხვევაში - უფრო დაბალი. ბაზარზე ფასები დიფერენცირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ შპს „სმსჰაბი“ უარეს პირობებში ჰყავს ჩაყენებული. ე. იმედაძემ ასევე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად არ დასტურდება კონკურენციის შეზღუდვა.
კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე ბ.ლომიძემ აღნიშნა, რომ აქვს განსხვავებული ხელშეკრულება და არ აქვს დადგენილი SMS შეძენის ზღვრული ოდენობები, როგორც მის კონკურენტებს. ხელშეკრულების შესაბამისად, რა რაოდენობაც არ უნდა გაეგზავნა, უნდა გადაეხადა კონკრეტული თანხა. რადგანაც 1 დეკემბრიდან შეიცვალა ფასი, მას ისევ ყველაზე საუკეთესო პირობა უნდა დარჩენოდა, მაგრამ იღებდა ვალდებულებას ყოველთვიურად მინიმუმ 2 მილიონი SMS-ის გაგზავნაზე. რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, შპს „მაგთიკომის“ ტიპიური ხელშეკრულება გულისხმობდა მინიმუმ 5 მილიონი SMS-ის გაგზავნას. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ვერ იტყვის, რომ სხვა პირებთან შედარებით უკეთეს პირობებშია. ბ. ლომიძეს მაინც მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომი“ დისკრიმინაციული ფასით ემსახურება მათ კომპანიას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. შპს „სმსჰაბის“ განცხადება/საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/5032, 30.12.2019);
2. შპს „სმსჰაბის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/49, 09.01.2020) თანდართული დოკუმენტაციით (2019 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სმსჰაბს“ შორის დადებული);
3. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მაგთიკომის“ შესახებ;
4. შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საგადასახადო ანგარიშფაქტურა და 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საბილინგო ინფორმაცია/ინვოისი);
5. შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/207, 20.01.2020) და მიღება-ჩაბარების აქტები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/479, 03.02.2020);
6. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-373; 06/02/2020);
7. შპს „სმსჰაბის“ დირექტორის ბ.ლომიძის მიერ კომისიის 2020 წლის 23 იანვრის და 6 თებერვლის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
8. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ლ.გიორგაძის მიერ კომისიის 2020 წლის 23 იანვრისა და 6 თებერვლის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
9. საზოგადოებრივი დამცველის გ.ჩხეიძის მიერ კომისიის 2020 წლის 23 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაგთიკომი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 01/02/2010);
მტკიცებულება: ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაგთიკომის“ შესახებ.
2. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სმსჰაბს“ შორის 2019 წლის 1 ოქტომბრის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „სმსჰაბი“ წარმოადგენს მომხმარებელს;
მტკიცებულება: 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სმსჰაბს“ შორის დადებული.
3. შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდების საცალო ბაზარზე შპს „სმსჰაბისთვის“ განსაზღვრული ტარიფი არ განაპირობებს ამ კომპანიის დისკრიმინაციულ, არაკონკურენტულ პირობას.
მტკიცებულება:კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-373; 06/02/2020).
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს განცხადება მომსახურების მიწოდების თაობაზე რიგითობის წესით, თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავ, რომ მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას. მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის საცალო სეგმენტი რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბაზარზე ფაქტობრივად ყველა მონაწილისთვის, ასევე არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბაზრის წინასწარი ანალიზი ცხადყოფს, რომ შპს „მაგთიკომი“ ანალოგიური მომსახურების მიწოდებას ახორციელებს მრავალ კომპანიასთან დიფერენცირებული ტარიფებით და არ იკვეთება შპს „მაგთიკომის“ დაინტერესება შეზღუდოს შპს „სმსჰაბის“ მდგომარეობა ბაზარზე ან მოახდინოს მათი განდევნა ბაზრიდან. შესაბამისად არ დასტურდება დისკრიმინაციული ტარიფებით კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები. ამასთან, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ცხადყოფს, რომ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდების საცალო ბაზარზე შპს „სმსჰაბისთვის“ განსაზღვრული ტარიფი არ განაპირობებს ამ კომპანიის დისკრიმინაციულ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სმსჰაბის“ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შპს „სმსჰაბის“ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „სმსჰაბისთვის“ და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდძე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
