წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 170

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2020 17:23

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

 შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების განუხილველად  დატოვების თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 14 თებერვალს წერილით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/807 14.02.2020), შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების შეძენაზე თანხმობის გაცემისა და ავტორიზაციის შეჩერების სანქციის გამოუყენებლობის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე.

როგორც ცნობილია კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის №19-18/605 გადაწყვეტილებით, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „კავკასუს ონლაინის“  ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების შეძენის გამო, შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის №677/11 გადაწყვეტილების დარღვევისათვის. ამავე გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ აღნიშნულ ტრანზაქციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის უზრუნველყოფა.

კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, ასევე  2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის გ-20-18/87 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა  ჯარიმა  90000  (ოთხმოცდაათიათასი)  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო.

შპს „კავკასუს ონლაინი“ თავის 2020 წლის 14 თებერვლის მიმართვაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით, კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინს“ დაავალა კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ განხორციელებული ნასყიდობის ტრანზაქციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ აქციების ფლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებით ფაქტობრივი მდგომარეობა არის უცვლელი. შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინი“ მიმართავს კომისიას   №შ-20-6/807 14.02.2020 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიამ შეაფასოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენა და გასცეს თანხმობა კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების შეძენაზე. ამასთან ერთად,  კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიის გადაწყვეტილებების  შეუსრულებლობის  გამო    შპს  „კავკასუს  ონლაინის“  (ასევე  შპს „რკინიგზის ტელეკომის“) მიმართ არ იქნას გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის სახით ავტორიზაციის შეჩერება. შპს „კავკასუს ონლაინი“ მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც აყენებდა ზუსტად ანალოგიურ მოთხოვნას, თუმცა კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნა, რომლის დეტალური არგუმენტაცია და დასაბუთება მოცემულია კომისიის   2019 წლის 17 ოქტომბრის №19-18/605 გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“ ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 14 თებერვლის წერილში (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/807 14.02.2020) არ არის მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე  მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შესახებ, აღნიშნული წარმოადგენს განცხადებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განუხილველად    დარჩეს    შპს    „კავკასუს    ონლაინის“    განცხადება  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/807 14.02.2020), შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების შეძენაზე თანხმობის გაცემისა და შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ავტორიზაციის შეჩერების სანქციის გამოუყენებლობის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

 მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები