წვდომის მენიუ

ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 319

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2020 19:07

მიღების თარიღი მარტი 12, 2020

ა(ა)იპ  - ინფორმაციის  თავისუფლების  განვითარების  ინსტიტუტის  ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-20-6/1090; 2.03.2020), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მედიააკადემიის“ (შემდგომში - ა(ა)იპ „მედიააკადემია“) მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შესახებ.

ადმინისტრაციულ საჩივარში მოთხოვნილია, ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის ქსეროასლის ან ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემულ იქნეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებით (NFOI01/20-010) გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია (მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები), კერძოდ: ა) ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ დასაქმებული თანამშრომლების საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით - განცხადების მე-2 პუნქტი; ბ) ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია (ხელშეკრულების საგნისა და ყოველთვიური ანაზღაურების მითითებით) - განცხადების მე-4 პუნქტი; გ) ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2018 და 2019 წლის რეკლამის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ცალ-ცალკე, დამზადებისა და განთავსების ადგილის მითითებით - განცხადების მე-6 პუნქტი; დ) ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, ასეთი არსებობის შემთხვევაში - განცხადების მე-7 პუნქტი; ე) „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, თითოეულის დეტალური ხარჯების მითითებით, მათ შორის მოწვეული ექსპერტების ანაზღაურების ჩათვლით - განცხადების მე-8 პუნქტი.

ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოთხოვნილია   სრულყოფილი   სახით,   რაც   გულისხმობს   ზემოთმოყვანილ  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ სრულყოფილი პასუხის გაცემას, ვინაიდან ა(ა)იპ „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით და ხსენებული მოთხოვნა არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (შემდგომში - სზაკ) გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას, ანუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მიჩნეული არის ღია საჯარო ინფორმაციად და ექვემდებარება გაცემას.

ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა: 2020 წლის 24 იანვარს ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ გაეგზავნა წერილი NFOI01/20-010, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა საჯარო ინფორმაცია 9 პუნქტად. კერძოდ:

1. ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2018 და 2019 წლების დამტკიცებული ბიუჯეტი და მათი შესრულების ანგარიშები ცალ-ცალკე და 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი.

2. ა(ა)იპ    „მედიააკადემიაში“    დასაქმებული    თანამშრომლების    საშტატო    ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით.

3.  ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ დასაქმებულ თანამშრომლებზე 2018-2019 წლებში გაცემული ფულადი ჯილდოები და დანამატები.

4. ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია (ხელშეკრულების საგნისა და ყოველთვიური ანაზღაურების მითითებით).

5. ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წარდგენილი ანგარიშები.

6. ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2018 და 2019 წლების რეკლამის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ცალ-ცალკე, დამზადებისა და განთავსების ადგილის მითითებით.

7. ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, თითოეულის დეტალური ხარჯების მითითებით, მათ შორის მოწვეული ექსპერტების ანაზღაურების ჩათვლით.

9. „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიააკადემიასა“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისას შორის არსებული ოფიციალური მიმოწერის ასლები.

ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მე-9 პუნქტიდან ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის 31 იანვრის წერილით ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს ინფორმაცია მიეწოდა ერთ, მესამე პუნქტზე და ეცნობა, რომ დასაქმებულ თანამშრომელზე ფულადი ჯილდოები და დანამატები 2018-2019 წლების განმავლობაში არ გაცემულა. ამასთან, განცხადების პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაცია ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიეწოდა კომისიის 2020 წლის 13 იანვრის Nგ-20-01/70 წერილით. დანარჩენ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს განემარტა, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ წარმოადგენდა ცალკე ორგანიზაციას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნით ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს უნდა მიემართა მისთვის. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ადმინისტრაციულ საჩივარში განმარტავს,    რომ    კანონით    მინიჭებული    უფლებამოსილების    ფარგლებში,    ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ უარი გაასაჩივრა კომისიაში, როგორც ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოსთან და მოითხოვა, კომისიას დაევალებინა ა(ა)იპ „მედიააკადემიიასათვის“ იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მოთხოვნილ იქნა მათი 2020 წლის 24 იანვრის NFOI01/20-010 განცხადების მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით (სულ 5 პუნქტი).

ა(ა)იპ „მედიააკადემია“ საკუთარ წერილში, ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად უთითებს, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არ ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, არ წარმოადგენს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ფინანსდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით და ამდენად, მასზე არ ვრცელდება სზაკ-ში არსებული ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები.

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აზრით, უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელი და შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად არის აღიარებული და მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. ამ უფლების მთავარი არსი - ინფორმაციის თავისუფლად მიღების გარანტიაა. თავის მხრივ, ინფორმაციის თავისუფლად მიღების გარანტიაში იგულისხმება ყველა სახის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს საიდუმლო საჯარო ინფორმაციას. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების მთავარი პრინციპი, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის დაინტერესებული სუბიექტების მიერ გაცნობის შესაძლებლობაა. აღნიშნული, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის წინაპირობაა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით:

„ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.“ აღნიშნულზე დაყრდნობით მოთხოვნილი ინფორმაცია არის ადმინისტრაციულ ორგანოთა დავალდებულება, გასცენ საჯარო ინფორმაცია. სზაკ-ით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციით გაწერილ ნორმათა დაკონკრეტება ხდება სზაკ-ის საშუალებით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში, ტერმინ „საჯარო ინფორმაციის“ დეფინიციაა მოყვანილი: კერძოდ, საჯარო ინფორმაციაა: „ოფიციალური დოკუმენტი ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებების ან მოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებილი, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია“. ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნავს, რომ სწორედ მოყვანილი დეფინიციისა და შესაბამისი კანონის ფარგლებში მოქმედებს, როდესაც იგი ითხოვს ა(ა)იპ „მედიააკადემიისაგან“ საჯარო ინფორმაციის მიღებას. სზაკ-ის მესამე თავი მთლიანად ეთმობა ინფორმაციის თავისუფლების სამართლებრივ ბუნებას და მისი მოწესრიგების სფეროს. ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის   სუბიექტს   წარმოადგენენ   ერთი   მხრივ   ამავე   კოდექსის   37-ე   მუხლის საფუძველზე „ყველა“, რაშიც როგორც ფიზიკური, ისე იურდიული პირი იგულისხმება, ხოლო მეორე მხრივ - საჯარო დაწესებულება. საკ-ის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს „ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში“. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ცნება განმარტებულია სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, „ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.“

კომისიის   2018   წლის   2   აგვისტოს   N455/22   გადაწყვეტილებით   დაფუძნდა  ა(ა)იპ „მედიააკადემია“. კომისია წარმოადგენს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, რომელსაც აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და დამოუკიდებელია სხვა სახელწმიფო ორგანოებისაგან. მის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობა. ამავე კანონის 141 მუხლი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებებს მედიაწიგნიერების სფეროში. ამ მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს კომისიის უფლებამოსილებას მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელებითა  და  საშუალებებით  მომსახურებაზე ფიზიკური და იურდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, მათ შორის, მედიაწიგნიერების განვითარება, ხელშეწყობა.“

ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ  კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დაფუძნების თაობაზე ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმებს, რითიც კომისიამ ამ ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება მოახდინა ა(ა)იპ „მედიააკადემიაზე“, ამდენად ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არის კანონით დადგენილი საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია, მოქმედებს მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში და წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. შესაბამისად, მასზე სრულად ვრცელდება საჯარო კანონმდებლობით დადგენილი წესები, მათ შორის, სზაკ-ის მე-3 თავი.

ადმინისტრაციულ საჩივარში მხარე ზემოაღნიშნული მსჯელობის მართებულობის დასადასტურებლად უთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ  2018  წლის  18  იანვრის  გადაწყვეტილებით  საქმეზე  Nბს-674-670(2კ-17) უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შექმნილ სს „.. ფონდს“ დაევალა საჯარო ინფორმაციის გაცემა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სს „.. ფონდი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით, ვინაიდან ფონდი ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს, დაფუძნებულია სწორედ ამ მიზნების შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და „ის გარემოება, რომ ფონდი კერძო სამართლის იურდიული პირია და მისი საქმიანობის მიზნებს შორის სახელდება მოგება, არ ცვლის ვითარებას“. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „მედიაკადემია“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი, ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ის შექმნილია კომისიის კონკრეტულ ფუნქციათა შესასრულებლად, რაც გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

ადმინისტრაციულ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის 31 იანვრის წერილში თანამშრომლების თანამდებობრივ სარგოების შესახებ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. პერსონალური     მონაცემის     განმარტება     მოცემულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. საშტატო ნუსხაში ჩამოთვლილი პოზიციების დასახელება თანამდებობრივი სარგოს მითებით არ იძლევა პირის პირდაპირი თუ არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას. ადმინისტრაციულ საჩვარში, ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი არც ერთი სახის ინფორმაციით არ არის შესაძლებელი მოხდეს პირის იდენტიფიცირება. ამასთან, საჯარო ინფორმაციის მიღება საჯარო დაწესებულებიდან შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ინფორმაცია არ შეიცავს საიდუმლო მონაცემებს. საიდუმლო ინფორმაცია არის ინფორმაციის სახე, რომელიც კანონით დადგენილი შემთხვევების გათვალისწინებით არ წარმოადგენს ღია ინფორმაციას. უფრო კონკრეტულად, საჯარო ინფორმაცია საიდუმლოდ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, თუ კანონი ინფორმაციის გამხელისაგან   დაცვის   კონკრეტულ   კრიტერიუმებს   ადგენს,   შეიცავს   საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს და აწესებს მისი გამხელისაგან დაცვის პირდაპირ მოთხოვნას. შესაბამისად, სზაკ-ზე დაყრდნობით შესაძლებელია იმ ხუთი ტიპის გამოყოფა, რომელიც საიდუმლო ინფორმაციად შეიძლება იქნეს მიჩნეული: 1) სახელმწიფო საიდუმლოება (არეგულირებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი); 2) პერსონალური მონაცემები (არეგულირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი) 3) კომერციული საიდუმლოება (სზაკ-ის 272  მუხლი); 4) პროფესიული საიდუმლოება (სზაკ-ის 273 მუხლი); 5) აღმასრულებელი პრივილეგიით დაცულ მონაცემები (სზაკ-ის 29-ე მუხლი). ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ დასახელებული ხუთივე პუნქტიდან, არცერთი არ იქნა მოთხოვნილი ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიერ საჯარო დაწესებულებიდან. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას (სზაკ-ის 177-ე მუხლი) და ასაჩივრებს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს. ამასთან, ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ დაცულია სზაკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი პასუხობს სზაკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.

მოთხოვნა: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ასევე სზაკ-ის 37-ე,   38-ე,   მე-40   და   44-ე   მუხლის   თანახმად,   დაევალოს   კომისიის   მიერ   ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც მოთხოვნილ იქნა ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ა(ა)იპ - „მკედიააკადემიაში“ გაგზავნილი 2020 წლის 24 იანვრის NFOI01/20-010 განცხადების მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით.

ადმინისტრაციულსაჩივარზედართულისაბუთების ნუსხა:

დანართი N1 - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ გაგზავნილი განცხადების NFOI01/20-010  ასლი; დანართი N2  - ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის 31 იანვრის წერილი; დანართი N3 - კომისიის 2020 წლის 13 იანვრის წერილი;

დანართი N4 - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი ამონაწერი;

დანართი N5 - რწმუნებულება ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ნ. მერებაშვილი-ფიშერისათვის, ქ. კუკავასათვის და ს. ჩხაიძისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივრის (Nშ-20-6/1090; 2.03.2020), განსახილველად მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 12 მარტს, 15 საათზე, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებით (Nგ-20-03/835; 6/03/2020) ეცნობა ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, რომელსაც შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 6 მარტს. კომისიის 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები ნ. მერებაშვილი-ფიშერი და ს. ჩხაიძე, რომლებმაც სხდომაზე აღნიშნეს: ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არის კომისიის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს 455/22 გადაწყვეტილებით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი, რომელზეც განხორციელდა მედიაწიგნიერების სფეროში კომისიის უფლებამოსილებების დელეგირება. ა(ა)იპ „მედიააკადემია“ კომისიის მიერაა დაფუძნებული, მისი აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება ასევე კომისიის მიერ და არის ანგარიშვალდებული კომისიის წინაშე (აწვდის ბიუჯეტს და ა.შ.), აღმასრულებელი დირექტორი ხელს აწერს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ გამოცემულ აქტებს, ხოლო ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ არ არსებობს ამ აქტის გამომცემი პირის ზემდგომი პირი, მიმართეს კომისიას, როგორც ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან ა(ა)იპ „მედიააკადემია“ მხარის განმარტებით, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. მხარემ ასევე მითითება გააკეთა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელი ორგანო განიხილება ზემდგომ ორგანოდ და ეს არის კუმულაციური ეფექტი. ამასთან, ყველა ზემოაღნიშნული გარემოება, კუმულაციაში იძლევა ისეთი განმარტების საშუალებას, რომ კომისია არის ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. თავად ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არის ვიწრო გაგებით  ანგარიშვალდებული   კომისიის    წინაშე,    ვინაიდან    კომისია    არის    ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დამფუძნებელი, შეიმუშავებს მისი წესდებას, უმტკიცებს ბიუჯეტს და ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს. ამასთან, მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მართალია ა(ა)იპ

„მედიააკადემიის“ წესდებაში, დამფუძნებლის კომპეტენციებს შორის არ არის მითითებული,     რომ     დამფუძნებელს     აქვს     ვალდებულება     განიხილოს    ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, მაგრამ აღნიშნული გამომდინარეობს სზაკ-იდან. ამასთან, მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სზაკ-ის შესაბამისად, როდესაც საქმე მიდის სასამართლოში   ზემდგომ   ორგანოში   გასაჩივრების   გარეშე,   სასამართლომ   შეიძლება სარჩელი ცნოს დაუშვებლად. სასამართლოში მათთვის იმის მტკიცება, რომ კომისია არ არის ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო მაშინ, როდესაც ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არის კომისიის დაფუძნებული, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ჯერ უნდა განეხილა კომისიას.

კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვინაიდან განიხილებოდა ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი, იმის განხილვა, წარმოადგენდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს „მედიააკადემია“ სცილდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღების ეტაპს. ამასთან, საჩივარში არ იყო მითითებული ზუსტი პრეცედენტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული ყოფილიყო განმარტება, რომ იურდიული პირის დაფუძნების ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ავტომატურად გულისხმობს აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს იურდიული პირის ზემდგომ ორგანოდ განხილვას. ა(ა)იპ-ს დამფუძნებლობა არ ნიშნავს, რომ დამფუძნებელი არის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. კომისია     არის     ადმინისტრაციული     ორგანო    და  გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ კომისია ვერ განიხილავს ვერცერთ საკითხს, რაც მას კანონმდებლობით არ აქვს დელეგირებული. ამასთან, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლითაც  განსაზღვრულია,  რომ კომისიის  ფუნქციაა განიხილოს  ა(ა)იპ „მედიააკადემიის“  საჩივრები, ან  აქვს  უფლებამოსილება, გააუქმოს  ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიამ მხარეს მიუთითა დაესახელებინა  სამართლებრივი  საფუძველი,  რითაც  კომისია  განიხილებოდა  ა(ა)იპ  - „მედიააკადემიის“  ზემდგომ  ადმინისტრაციულ   ორგანოდ.   მხარემ   მიუთითა   ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდებაზე, სადაც არ არის მსგავსი ჩანაწერი. ამასთან კომისიამ, აღნიშნა, რომ     კომისიის     უფლებამოსილებები     გაწერილია     „მაუწყებლობის     შესახებ“     და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში, კომისიის დებულებაში, სადაც კომისიისთვის ასეთი უფლებამოსილება გაწერილი არ არის. შესაბამისად, იმ ქმედებას, რაც არც კანონში, არც კანონქვემდებარე აქტში ან სხვა სამართლებრივ აქტში პირდაპირ ვალდებულებად არ აქვს განსაზღვრული კომისიას, ვერ განახორციელებს.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-20-6/1090; 2.03.2020).

2. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2019 წლის 25 დეკემბრის   NFOI12/19-253      კომისიაში      გაგზავნილი      განცხადება      (კომისიაში რეგისტრირებული: (შ.19-6/5031, 30.12.2019).

3. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2019 წლის 25 დეკემბრის   NFOI12/19-252      კომისიაში      გაგზავნილი      განცხადება      (კომისიაში რეგისტრირებული: (შ.19-6/5036, 30.12.2019).

4. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2020 წლის 24 იანვრის NFOI01/20-010  ა(ა)იპ „მედიააკადემიაში“ გაგზავნილი განცხადება.

5. ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის 31 იანვრის ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის გაგზავნილი  წერილი.

6. კომისიის 2020 წლის 13 იანვრის Nგ-20-01/70 ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის გაგზავნილი წერილი.

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ა(ა)იპ -ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შესახებ;

8. რწმუნებულება ა(ა)იპ -ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ნ. მერებაშვილი-ფიშერის, ქ. კუკავასა და ს. ჩხაიძისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

9. კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის Nგ-18-07/4139 ა(ა)იპ „მედიააკადემიისათვის“ გაგზავნილი წერილი.

10. კომისიის 2019 წლის 11 დეკემბრის Nგ-19-01/3892 ა(ა)იპ „მედიააკადემიისათვის“ გაგზავნილი წერილი.

11. კომისიის შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების  განვითარების ინსტიტუტისათვის   გაგზავნის    დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოს, აქვს კანონით მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის  მოთხოვნათა შესრულებაზე  ზედამხედველობა  და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; ო) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია; ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად; ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება; ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა; ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია; კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან; ნ) ლიცენზიის მფლობელთა ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირთა შორის ლიცენზიით ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით; ო) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი. პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული  დასაბუთებული  გადაწყვეტილებით  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი; რ) მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობისათვის ამ კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია, როგორც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან, ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.  კომისია,  მოქმედი  კანონმდებლობის  თანახმად, არ  წარმოადგენს  ა(ა)იპ „მედაიაკადემიის“    ზემდგომ    ადმინისტრაციულ    ორგანოს,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის.

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2018  წლის  2  აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებით    დამტკიცებული ა(ა)იპ  „მედაკადემიის“    წესდების  (შემდგომში „წესდება“) თანახმად, კომისია ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებლის კლასიკურ უფლებამოსილებებს,  რომელიც    არ  გულისხმობს „მედიააკადემიის“ მიერ მისი წესდების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას, ვინაიდან კომისიის, როგორც ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დამფუძნებლის უფლებამოსილებებში, რომელიც   განსაზღვრულია წესდების მე-4 მუხლით მსგავსი უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული. „მედიააკადემია“ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის დამოუკიდებელი და თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ დაავალდებულებს ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ ქმედების განხორციელებას, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემას.

კომისია არ წარმოადგენს ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი დაავალდებულოს ა(ა)იპ ,,მედაიააკადემია“, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, გასცეს ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2020 წლის 24 იანვრის NFOI01/20-010 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ვინაიდან „მედიააკადემიას“ არ ყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მისი გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის უფლებამოსილებას სცდება ა(ა)იპ - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. შესაბამისად, კომისია ვერ განიხილავს ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციულ საჩივარს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 178-ე და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-20-6/1090; 2.03.2020) დარჩეს განუხილველი.

2.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  ა(ა)იპ  - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის ჩაბარების დღიდან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ინტერნეტ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №6) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.   კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (მე-3   პუნქტის   გარდა)   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები