ვასილ სოფრომაძის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2020 16:41
მიღების თარიღი აპრილი 30, 2020
ვასილ სოფრომაძის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) საჩივრით (შ-20-9/2017, 15.04.2020) მიმართა ვასილ სოფრომაძემ. საჩივარში გარკვეული, ტექნიკური საკითხები დაზუსტდა დაზუსტებული საჩივრით (შ-20-6/2181, 27.04.2020). საჩივრის თანახმად, ვასილ სოფრომაძის შესახებ სხვადასხვა დროს (მათ შორის, 2020 წლის 17 და 18 მარტს) რამდენიმე ვებგვერდზე (facebook.com/faktpresscom,Fact2.ge,Facebook.com/fact2.ge,mins.ge, tiflisnews.ge, geonewest.com) გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი, არაზუსტი სტატიები. კერძოდ, აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსდა განცხადებები ვასილ სოფრომაძის სახელით, თუმცა, საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განცხადებები არ ეკუთვნის ვასილ სოფრომაძეს და მას არ მიუმართავს ვებგვერდებისთვის ამ განცხადებების მისი სახელით გავრცელების თხოვნით. შესაბამისად, საჩივრის ავტორის დასკვნით, ვებგვერდებმა გაავრცელეს ყალბი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც ემსახურება ვასილ სოფრომაძის პიროვნების და ბიზნესის დისკრედიტაციას.
საჩივარში აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორი ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა ვებგვერდებს - facebook.com/faktpress.com, facebook.com/fact2.ge, tiflisnews.ge და geonewest.com და შეატყობინა, რომ გამოქვეყნებული განცხადებები არ ეკუთვნის ვასილ სოფრომაძეს და მოუწოდა მათი ვებგვერდებიდან აღება. აღნიშნული თხოვნა არ შეასრულა არცერთმა ვებგვერდმა, გარდა www.geonewest.com-ისა, რომელმაც აიღო სტატია, თუმცა არ მიუწოდებია მკითხველისთვის ინფორმაცია ყალბი მონაცემების გავრცელების თაობაზე. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, ვერ მოხერხდა ვებგვერდ mins.ge-სთან დაკავშირება, რადგან მისი საკონტაქტო მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი.
საჩივარში ასევე მითითებულია, რომ ვასილ სოფრომაძემ დასახელებულ სტატიებთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილებით სტატიების გამოქვეყნებით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.
საჩივრის ავტორი ითხოვს, კომისიამ აღიაროს მის მიერ მითითებული ვებგვერდების მიერ ვასილ სოფრომაძის უფლებების დარღვევის ფაქტი, ვებგვერდებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, დაევალოთ გამოქვეყნებული წერილების/სტატიების აღება და განცხადების გაკეთება, რომ აღნიშნული წერილები/სტატიები არ ეკუთვნის ვასილ სოფრომაძეს. წარმოდგენილ საჩივარში ასევე მოთხოვნილია, რომ კომისიამ საჩივრის ავტორს აცნობოს ვებგვერდების:faktpress.com,fact2.ge,mins.ge, tiflisnews.ge და www.geonewest.com-ის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
ვასილ სოფრომაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს, რის შესახებაც საჩივრის ავტორს ეცნობა შესაბამისი შეტყობინებით. საჩივრის ავტორს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო ვასილ სოფრომაძის წარმომადგენელმა, იზა აბრამიშვილმა. ვასილ სოფრომაძის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და კომისიას მიაწოდა ინფორმაცია გამოქვეყნებული სტატიების და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების თაობაზე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ვასილ სოფრომაძის საჩივარი (შ-20-9/2017, 15.04.2020);
2. ვასილ სოფრომაძის დაზუსტებული საჩივარი (შ-20-6/2181, 27.04.2020).
III. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა“.
2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა და აქვს კანონით მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; ო) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია; ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად; ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება; ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა; ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია; კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან; ნ) ლიცენზიის მფლობელთა ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირთა შორის ლიცენზიით ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით; ო) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი. პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი; რ) მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობისათვის ამ კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია, როგორც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამრიგად, ვასილ სოფრომაძის საჩივრის განხილვა და დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომისიას რომელიმე საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
კანონმდებლობის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საჩივრები მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიმართ. ანალოგიურად, კომისია, როგორც წესი, კანონით დადგენილი ცალკეული გამონაკლისების გარდა, უფლებამოსილია, პასუხისმგებლობა დააკისროს მხოლოდ მის რეგულირებას დაქვემდებარებულ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილ საჩივარში მოთხოვნილია, კომისიამ აღიაროს ცალკეულ ვებგვერდებზე (facebook.com/faktpresscom, Fact2.ge, Facebook.com/fact2.ge, mins.ge, tiflisnews.ge, geonewest.com) გამოქვეყნებული ინფორმაციით ვასილ სოფრომაძის უფლების დარღვევა, აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის ვებგვერდებს დააკისროს პასუხისმგებლობა და დაავალოს ცალკეული ქმედებების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საჩივარში არ არის დასაბუთებული, რომ საჩივრის ავტორის მიერ იდენტიფიცირებული ვებგვერდები „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირები ან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები არიან, ამ ვებგვერდების მეშვეობით ინფორმაციის გამოქვეყნება ექვემდებარება რეგულირებას კომისიის მხრიდან ან რომელიმე საკანონმდებლო აქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, დააკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნულ სუბიექტებს. შესაბამისად,
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით, კომისიას არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, განიხილოს საჩივარი აღნიშნული ვებგვერდების წინააღმდეგ, აღიაროს მათ მიერ საჩივრის ავტორის უფლების დარღვევა, დააკისროს პასუხისმგებლობა და დაავალოს რაიმე ქმედების განხორციელება.
გარდა ამისა, საჩივარში მოთხოვნილია, კომისიამ საჩივრის ავტორს აცნობოს ვებგვერდების: faktpress.com, fact2.ge, mins.ge, tiflisnews.ge და www.geonewest.com-ის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ითვალისწინებს საჩივრის ავტორის უფლებას და კომისიის შესატყვის ვალდებულებას, მიაწოდოს რომელიმე ვებგვერდის, მისი მფლობელის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, განიხილოს და დააკმაყოფილოს ვასილ სოფრომაძის საჩივარი (შ-20-9/2017, 15.04.2020). შესაბამისად, ვასილ სოფრომაძის საჩივარი (შ-20-9/2017, 15.04.2020) უნდა დარჩეს განუხილველი.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. ვასილ სოფრომაძის საჩივარი (შ-20-9/2017, 15.04.2020) დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ვასილ სოფრომაძისთვის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ორგანიზაციისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების ვასილ სოფრომაძისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
