შპს „ვიონი საქართველოს“ (ს/კ 204450584) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2020 17:12
მიღების თარიღი მაისი 07, 2020
შპს „ვიონი საქართველოს“ (ს/კ 204450584) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”) 2020 წლის 13აპრილის №322/20 და 2020 წლის 16 აპრილის №326/20 (დაზუსტებული) წერილებით მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1996 14.04.2020 და №შ-20-6/2039 16.04.2020), შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია, წარმოადგენს შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 51%-ის მფლობელს.
შპს „ინვესტიკო ალიანსე“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია, წარმოადგენს შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 29%-ის მფლობელს.
შპს „მირენ ინვესტ“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია, წარმოადგენს შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%- ის მფლობელს.
შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების თანახმად, შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ს აქვს განზრახვა შეიძინოს შპს „მირენ ინვესტ“-ის კუთვნილი შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20% სრულად.
შპს „ვიონი საქართველომ“ 2020 წლის 22 აპრილის №330/20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2109 22.04.20) წარმოადგინა შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ს, შპს „მირენ ინვესტ“-ს, შპს „ინვესტიკო ალიანსე“-სა და შპს „მობიტელს“ (შემდგომში შპს „ვიონი საქართველო“) შორის 2013 წლის 14 იანვარს გაფორმებული დოკუმენტი პარტნიორთა შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზს“ მიეცა შეუქცევადი უფლება შპს „მირენ ინვესტის“ საკუთრებაში არსებული შპს „ვიონი საქართველოს“ წილის გამოსყიდვის თაობაზე. 2020 წლის 19 მარტს შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზმა“ გამოიყენა თავისი უფლება გამოსყიდვის უფლების ფარგლებში, პარტნიორული შეთანხმების პირობების შესაბამისად და შპს „მირენ ინვესტს“ გაუგზავნა შეტყობინება, სადაც მიუთითებდა, რომ იგი შეიძენდა შპს „მირენ ინვესტის“ საკუთრებაში არსებულ შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ს. ამასთან ერთად, შპს „ვიონი საქართველომ“ მიმართა კომისიას აღნიშნულ ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
დამატებით, 2020 წლის 22 აპრილს შპს „მირენ ინვესტმა“ კომისიას მიმართა წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-20-6/2113 22.04.2020), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მირენ ინვესტი“ არ ყოფილა ინფორმირებული შპს „ვიონი საქართველოს“ 20% წილის შეძენასთან დაკავშირებით კომისიაში განცხადების წარდგენის თაობაზე და არ გამოუხატავს თანხმობა მის საკუთრებაში არსებული შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის გასხვისებასთან დაკავშირებით შესაბამისად, შპს „მირენ ინვესტმა“ მოითხოვა კომისიისაგან, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20% ს შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ მიერ შეძენის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვებას რადგან შპს „მირენ ინვესტს“ არ გამოუხატავს თანხმობა ან/და ნება აღნიშნული წილის გასხვისების თაობაზე.
აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით კომისიის 2020 წლის 23 აპრილის №20 სხდომაზე სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის 7 მაისს.
2020 წლის 7 მაისის კომისიის სხდომაზე განახლდა შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%- ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა.
2020 წლის 5 მაისს შპს „ვიონი საქართველომ“ წერილით 344/20 05.05.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/2401 05.05.2020) მიმართა კომისიას და დააფიქსირა პოზიცია რომ არ ეთანხმება შპს „მირენ ინვესტის“ მიერ აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის აუცილებლობის მოთხოვნას რადგან 2013 წლის პარტნიორთა შეთანხმება არ ითვალისწინებდა მირენის მიერ მიცემული თანხმობის გაუქმების შეაძლებლობას.
დამატებით 2020 წლის 7 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის №4171/15-04-01 წერილის (კომისიაში რეგისტრაციია №შ-20-6/2444 07.05.2020) თანახმად, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ვიონი საქართველო“-ში 20% წილის მფლობელის შპს „მირენ ინვესტ“-ის, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დიდი ოდენობით და შპს „ვიონი საქართველო“-ში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ასეთი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, კომისიას საკითხის შესწავლის მიზნით უნდა წარედგინოს მთელი რიგი დოკუმენტაცია, მათ შორის ავტორიზებული პირი წილის ან აქციის მფლობელთა შესახებ. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყოველი კონკრეტული ტრანზაქციის განხილვისას, ტრანზაქციის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომისიას სჭირდება სხვადასხვა მოცულობის ინფორმაცია, წილის ან აქციის მფლობელთა შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ავტორიზებული პირი ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს წილის შეძენის შესახებ, ხოლო ნასყიდობის ტრანზაქციის მეორე მხარე (გამყიდველი) საჯაროდ უარს აცხადებს (უარი გაცხადებულია როგორც წერილობით, ასევე კომისიის საჯარო სხდომაზე) ტრანზაქციის განხორციელებაზე და სადავოდ ხდის მისი ნების გამოვლენას, შეუძლებელი (ტრანზაქციის მხარეთა მონაწილეობის/ჩართულობისა და მათგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე კომისიას არ შეუძლია სრულყოფილად შეისწავლოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ტრანზაქციის გავლენა) და ამასთანავე უსაგნოა (ამ მოცემულობაში კომისიის დროითი და ადამიანური რესურსის ხარჯვა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის არაეფექტური ხარჯვა იქნება და მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება) აღნიშნული ტრანზაქციის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენის შესწავლა. ამასთანავე, აზრს მოკლებულია, განმცხადებლისთვის დამატებითი ვადის მიცემა, რადგანაც ტრანზაქციის ერთი მხარე (გამყიდველი) უარს აცხადებს ტრანზაქციის განხორციელებაზე.
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი განხილულ იქნას მხარეებს შორის არსებული სადაო საკითხის დარეგულირების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განუხილველად დარჩეს შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
