კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის შესახებ შპს „მდ ჯგუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2020 21:10
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის შესახებ შპს „მდ ჯგუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) განცხადებით (№შ-20-6/2740, 25.05.2020) მიმართა შპს „მდ ჯგუფმა“ კერძო მაუწყებლობის № B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით. განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „მდ ჯგუფს“ სურს კერძო მაუწყებლობის ლიცენზია №B70-ს დატვირთვა გირავნობის უფლებით სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ. შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიის წინასწარ თანხმობას ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვისთვის. განცხადებას თან ერთვის გირავნობის ხელშეკრულების პროექტი.
შპს „მდ ჯგუფისთვის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა გაიმართა 2020 წლის 4 ივნისს, რის შესახებაც ორგანიზაციას ეცნობა შესაბამისი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „მდ ჯგუფს“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორმა, თამაზ კაპანაძემ და მიუთითა, რომ შპს „მდ ჯგუფს“ მაუწყებლობის ლიცენზიის გირავნობით დატვირთვა ესაჭიროება საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. შპს „მდ ჯგუფის“ განცხადება (№შ-20-6/2740, 25.05.2020) თანდართული მასალებით.
2. მონაცემები შპს „მდ ჯგუფის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მდ ჯგუფი“ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირია. იგი ფლობს კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიას.
2. შპს „მდ ჯგუფს“ სურს კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვა სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ და ითხოვს კომისიის წინასწარ თანხმობას აღნიშნულ ტრანზაქციაზე.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ხოლო ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი - კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 481 მუხლის მიხედვით, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის საფუძველზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლი განსაზღვრავს, რომელი სუბიექტი არ შეიძლება იყოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელ პირებს ეკისრებათ არაერთი ვალდებულება და ანგარიშვალდებულება. შესაბამისად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლიცენზიის გამოყენებით მაუწყებლობა არ განახორციელოს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა, აგრეთვე, იმისათვის რომ ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული მაუწყებლობის განხორციელებაზე ანგარიშვალდებული პირი, კანონი ადგენს ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემაზე კომისიის წინასწარი თანხმობის აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 48 მუხლის მიზნებისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემად მიჩნეული უნდა იყოს შემთხვევა, როდესაც იცვლება უშუალოდ ლიცენზიის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელი პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც კრედიტორს (მოგირავნეს) ანიჭებს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული საგნის რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით - მისი საკუთრებაში მიღებით. განსახილველ შემთხვევაში შპს „მდ ჯგუფის“ მაუწყებლობის ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვის შემთხვევაში კრედიტორი - სს „თიბისი ბანკი“ შეიძენს უფლებას, რომ შპს „მდ ჯგუფის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისას გირავნობის ობიექტი (კერძო მაუწყებლობის ლიცენზია) ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მიიღოს საკუთრებაში ან მოახდინოს მისი რეალიზაცია.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 255-ე მუხლის მიხედვით, გირავნობის სახეებია: მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა. ამავე კოდექსის 257-ე მუხლის შესაბამისად კი - მფლობელობითი გირავნობა შესაძლებელია გავრცელდეს მოძრავ ნივთზე. შპს „მდ ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზია არ არის მოძრავი ნივთი. შესაბამისად, იგი შესაძლებელია დაიტვირთოს რეგისტრირებული გირავნობის უფლებით. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გირავნობის ხელშეკრულების პროექტით არ არის გათვალისწინებული, რომ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის უშუალოდ გამოყენების უფლება ენიჭება სს „თიბისი ბანკს“. შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვის შემთხვევაშიც ამ ლიცენზიის მფლობელად კვლავ რჩება შპს „მდ ჯგუფი“, კვლავ იგი განახორციელებს მაუწყებლობას აღნიშნული ლიცენზიის გამოყენებით და იქნება ანგარიშვალდებული კომისიის წინაშე. ამრიგად, შპს „მდ ჯგუფის“ მიერ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვა არ მოითხოვს კომისიის წინასწარ თანხმობას. შესაბამისად, შპს „მდ ჯგუფის“ განცხადება კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ შპს „მდ ჯგუფი“, როგორც ლიცენზიის მფლობელი პირი პასუხისმგებელია, კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის გამოყენებით მაუწყებლობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების შესაბამისად. ამასთანავე, შპს „მდ ჯგუფის“ მაუწყებლობის ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვის შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში დადგა სს „თიბისი ბანკის“ მოთხოვნის შესასრულებლად კერძო მაუწყებლობის რეალიზაცია ან რაიმე ფორმით სხვა პირზე გადასვლა, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის შესაბამისად აუცილებელი იქნება კომისიის წინასწარი თანხმობა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „პ“ ქვეპუნქტების, 481 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მდ ჯგუფის“ განცხადება (№შ-20-6/2740, 25.05.2020) კერძო მაუწყებლობის № B70 ლიცენზიის გირავნობის უფლებით დატვირთვაზე წინასწარი თანხმობის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მდ ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ორგანიზაციისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მდ ჯგუფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
