წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 626

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 15:09

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით   (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-20-6/3944, 03.08.2020) მიმართა შპს „ტელეკომპანია მეხუთე  არხმა“  (ს/ნ  445571060)  მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის შესაბამისად  ავტორიზაციის  გავლის    თაობაზე.    კერძოდ,  განცხადების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია  მეხუთე   არხი“   ითხოვს   მაუწყებლობის   სფეროში   ავტორიზაციას   შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობ/შემეცნებითი. ტურიზმი, დეველოპმენტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, არქიტექტურა, დიზაინი) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);

ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;

ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდება;

3. შპს „რედპოინტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4. შპს „რედპოინტის“ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;

5. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

6. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება. განცხადების მე-3 პუნქტში დასაზუსტებელი იყო მაუწყებლობის თემატიკები. განცხადების მე-7 პუნქტში არ იყო მითითებული მაუწყებლობის დაწყების ვადა გავრცელების ტექნოლოგიის შესაბამისად.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზე იყო გაწერილი გეგმა; ფულად გასავლებში მითითებული არ იყო მულტიპლექსის და სატელიტის ხარჯები; დაფინანსების გეგმაში, გასავლებში არამატერიალურ აქტივებში ასახული არ იყო ის თანხები რაც საჭირო იქნება იმ კონტენტის (ფილმები, მუსიკა, გადაცემები და ა.შ......) შესაძენად, რაც არ იქნებოდა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ დამზადებული.

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია - დეკლარაციის მე-5 პუნქტში არ იყო მითითებული ბენეფიციარი მესაკუთრის მონაცემები;

გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას;

დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია - კომისიაში წარმოდგენილი იყო 5 ფურცლისგან შემდგარი დოკუმენტი, ნაცვლად 8 ფურცლისა. დეკლარაციაში არ იყო მითითებული შპს „რედპოინტის“ მონაცემები;

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

გ)  მულტიპლექსოპერატორთან  გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობისა და შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ;

დ)   თანამგზავრულ   ოპერატორთან   გაფორმებული   შეთანხმების   წერილი/ხელშეკრულება   შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/2515, 06.08.2020წ.).

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 11 აგვისტოს (№შ-20-6/4081). თუმცა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში ფიქსირდება შემდეგი ხარვეზები, კერძოდ არასრულყოფილად არის შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის მე-5 პუნქტი, ასევე არ არის წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ცნობებში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ.

კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ დირექტორი რამაზ ურუშაძე.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი ეთქვას შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხს“ (ს/ნ 445571060) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები