წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 649

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 11:39

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”)  2020 წლის 13 ივლისს №01-02/10803 განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №შ-20-6/3626 13.07.2020), შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი   მესაკუთრის, კომპანია  „ნელგადო   ლიმითედის“  აქციების 51%-ის   შპს„ბაქსელის“  (აზერბაიჯანში  რეგისტრირებული  კომპანია, რეგისტრაციის №9900032791) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 36,2%-ის მფლობელია კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8%-ის მფლობელია „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო  ნომრით  1502554. შპს„კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, „ინტერნეიშენალ  ონლაინ  ნეთვორქს  ლიმითიდ“-ის აქციების  100%-ს  ფლობს  კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“. შესაბამისად, კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“ პირდაპირ და არაპირდაპირ შპს „კავკასუს ონლაინში“ ფლობს წილის 100%-ს.

ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527  გადაწყვეტილებით, შპს„კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის  Nგ-20-18/87  და  12  მარტის   Nგ-20-18/320   გადაწყვეტილებების  დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს  ონლაინის“  წილის  პირდაპირ  და  არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“  ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე;

ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა უზრუნველეყო შპს „კავკასუს ონლაინის“  63,8%-იანი  წილის  მფლობელი  კომპანიის   „International   Online   Networks LLC”-ის (ს/კ1502554)     და    36,2%-იანი    წილის  მფლობელი კომპანიის „ნელგადო ლიმითედის“ (ს/კ1565890) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის, ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე განახლებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე;

კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 17 ივლისის Nგ-20-08/2330 წერილით მოითხოვა შპს „კავკასუს ონლაინისაგან“ წარმოედგინა ბენეფიციარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილებასთან, რის შემდეგაც კომისიას მიეცემოდა შესაძლებლობა, განეხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 51%-ის შეძენასთან დაკავშირებით.

შპს „კავკასუს   ონლაინმა“ 2020  წლის  6   აგვისტოს   Nშ-20-6/3998   წარმოადგინა ბენეფიციარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია.

კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ  წარმოდგენილ იქნა:

1)   2020 წლის 29 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

2)   2020 წლის 29 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „ნელგადო ლიმითიდ“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

3)   2020 წლის 6 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „„Welco Investment and Finance S.A.“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

4)   2020 წლის 6 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „HARRIMAN HOLDINGS LTD”-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

5)   2020 წლის 6 ივლისის ტრასტის დეკლარაციის ასლი, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

ასევე, 2020 წლის 11 აგვისტოს Nშ-20-6/4101 წერილით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილ იქნა 2020 წლის 6 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „HARRIMAN HOLDINGS LTD”-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული კორექტირებული თარგმანი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2020 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, კომპანია „ნელგადოს ლიმითედის“ აქციების 49%-ის მფლობელია „Welco Investment and Finance S.A.“, რომლის აქციებსაც სრულად განკარგავს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ არ მომხდარა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა.

კომისია მიიჩნევს, რომ „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენამდე, რაიმე ფორმით შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის  სრულყოფილი და  ჯეროვანი     განხილვა    შეუძლებელია, ვინაიდან ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი წილი (49%) გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის 2016 წლის  6  ოქტომბრის  N677/11  გადაწყვეტილების დარღვევით და შესაბამისად ამ წილის რეგისტრირებული მფლობელი და წილის მფლობელთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი  წესრიგი/მოცემულობა განსხვავებულია.    აღნიშნული საკითხის განხილვა, მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი  წესრიგის/მოცემულობის  აღდგენის  შემდეგ  იქნება  შესაძლებელი.  შპს„კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი    ინფორმაცია,    რომელიც    არ    ასახავს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სამართლებრივ მოცემულობას ავტორიზებული პირის წილის მფლობელობასთან დაკავშირებით, არის არაზუსტი, ხოლო  განმცხადებელი კი ვალდებულია   ადმინისტრაციულ   ორგანოს წარუდგინოს ზუსტი ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის. ამასთანავე,   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული   საქმიანობისა   და  მათი   სამომავლო   გეგმების   შესახებ,   აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განუხილველად   დარჩეს   შპს   „კავკასუს ონლაინის“   განცხადება,   შპს  „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 51%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ გადაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“  ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები