შპს „რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 11:48
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”) 2020 წლის 14 ივლისს №01-02/229 განცხადებით მიმართა შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №შ-20-6/3650 14.07.2020), შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 51%-ის შპს „ბაქსელის“ (აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანია, რეგისტრაციის №9900032791) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140, ხოლო კომპანია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის აქციათა 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“. შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 36,2%-ის მფლობელია კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8%-ის მფლობელია „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554.
„ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ის აქციების 100%-ს ფლობს კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“. შესაბამისად, კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“ შპს „რკინიგზის ტელეკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 100%-ს.
ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 25 ივლისის Nგ-20-18/526 გადაწყვეტილებით, შპს,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 და 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილებით შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე;
ამავე გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა უზრუნველეყო მისი 100 % წილის მფლობელის კომპანია,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“- ის (1586140 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე განახლებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლეგალიზებული/აპოსტილიზებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 14 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 20 ივლისის Nგ-20-8/2343 წერილით მოითხოვა შპს „რკინიგზის ტელეკომისაგან“ წარმოედგინა ბენეფიციარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/526 გადაწყვეტილებასთან, რის შემდეგაც კომისიას მიეცემოდა შესაძლებლობა, განეხილა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მოთხოვნა წინასწარ თანხმობაზე კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 51%-ის შეძენასთან დაკავშირებით.
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ N01-02/233 10.08.2020 წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის Nშ-20-6/4066 10.08.2020) წარმოდგენილი იქნა 2020 წლის 29 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი კომპანია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. ამასთან ერთად, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წერილში აღნიშნავს, რომ ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის აქციების 100%-ის მფლობელ, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილია შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 6 აგვისტოს Nშ-20-6/3998 წერილით, კერძოდ:
1) 2020 წლის 29 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
2) 2020 წლის 29 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „ნელგადო ლიმითიდ“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
3) 2020 წლის 6 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „„Welco Investment and Finance S.A.“-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
4) 2020 წლის 6 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის ასლი „,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ზე, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
5) 2020 წლის 6 ივლისის ტრასტის დეკლარაციის ასლი, აპოსტილით დამოწმებული და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2020 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 49%-ის მფლობელია „Welco Investment and Finance S.A.“, რომლის აქციებსაც სრულად განკარგავს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ არ მომხდარა შპს„რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა.
კომისია მიიჩნევს, რომ „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%- ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენამდე, რაიმე ფორმით შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილი და ჯეროვანი განხილვა შეუძლებელია, ვინაიდან ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი წილი (49%) გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევით და შესაბამისად ამ წილის რეგისტრირებული მფლობელი და წილის მფლობელთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი/მოცემულობა განსხვავებულია. აღნიშნული საკითხის განხილვა, მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის/მოცემულობის აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც არ ასახავს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სამართლებრივ მოცემულობას ავტორიზებული პირის წილის მფლობელობასთან დაკავშირებით, არის არაზუსტი, ხოლო განმცხადებელი კი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ზუსტი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის. ამასთანავე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განუხილველად დარჩეს შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 51%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გადაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
