შპს „სერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2020 13:50
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020
შპს „სერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „სერვისმა“ (რეგისტრირებულია საბურთალოს რ-ის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 თებერვალს, რეგ. №5ა/4-2027; ს.კ. № 211383304) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/3724, 17.07.20) საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია რადიოკაშირის უზრუნველყოფისთვის და გამოყენებული იქნება აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით დააკავშიროს ჰაერში მყოფი სხვადასხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავი საბაზო გამოთვლის ცენტრთან.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
განმცხადებლის მოთხოვნით, სიხშირული რესურსი გამოყენებული იქნება იმ მიზნით, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით დააკავშიროს ჰაერში მყოფი სხვადასხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავი საბაზო გამოთვლის ცენტრთან. შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებით მოსთხოვა დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდება, რომ შპს „სერვისს“ უფლება აქვს აეროპორტის ტერიტორიაზე დაამონტაჟოს აპარატურა და ასევე მომსახურება გაუწიოს სხვადასხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავებს. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კომისიამ, განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № გ-20-03/2554, 10.08.20). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სერვისის“ განცხადება №შ-20-7/3724, 17.07.20 არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სერვისისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სერვისისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
