წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 676

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 15:11

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”)  2020 წლის 16 ივლისს 20/07/16-009   განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის N შ-20-6/3696 16.07.2020), შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა წილობრივ სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ წილის პირდაპირი მფლობელი იურიდიული პირები არიან „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51 % (რეგისტრირებული მისამართზე 850 New Burton Road, Suite 201,  Dover, DE, USA)  და შპს „ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49 % (რეგისტრირებული მისამართზე 850 New Burton Road, Suite 201, Dover, DE, USA). შპს „ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” -ს 100%-ს წილის მფლობელია შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი“ რომლის საბოლოო ბენეფიციარები, შპს „მაგთიკომის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არიან შემდეგი ფიზიკური პირები :

გიორგი ჯოხთაბერიძე - 54%, ედვარდ სპენსერ ჩერჩილი  - 15%, ბენჟამინ ალბერტ მანზონი 4.34%,  იგორ ალექსეევი - 2.17%,   ირაკლი ოთარ რუხაძე,   ნატალია რუხაძე - 9.3%,   ნათელა სახოკია - 9.3%, ვლადისლავ ალექსეევი - 3.72%, ვიქტორია კორჟილოვა - 2.17%

შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 16 ივლისს წარმოდგენილი განცხადების 20/07/16-009 თანახმად:

1. STG   (BVI)    Holding    Limited   (BVI   - 2018269)   ღებულობს  Park   Street   Capital Partnership   L. P. [ BVl]-სგან 100% წილს რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს "Sector Telecom Georgia" LLC (Delaware - 6401133) - ის წილის 67.39%-ს.

2.   "Sector Telecom  Georgia"  LLC (Delaware  -  6401133)  - ის წილის  27.39%-ს   STG  (BVI) Holding Limited (BVI - 2018269) ნასყიდობის საფუძველზე გადასცემს ლორდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილს (Monaco   -     504709756).   შედეგად  "Sector   Telecom   Georgia" LLC (Delaware)   წილები გადანაწილდება შემდეგნაირად: ლორდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Monaco) - 60%; STG  (BVI) Holding  Limited (BVI) - 40%;

3.    შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“   (Delaware - 3915889, რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს „მაგთიკომის“ წილის   51%-ს)   წილის   21%-ს   "ITC   Cellular   LLC" (Delaware  -  2564683,   რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ 46%-ს)  ნასყიდობის საფუძველზე გადასცემს გიორგი ჯოხთაბერიძეს (რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის” 54 %-ს ) შედეგად შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ წილების გადანაწილდება შემდეგნაირად: გიორგი ჯოხთაბერიძე - 75%,        "ITC Cellular, LLC "-  25%

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანია ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით. ამას ადასტურებს ისიც, რომ სადავო ნორმა კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის IV თავში, რომელიც აწესრიგებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ნორმის სათაურია ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება.

ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ. რაც შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა

მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

კომისიის 2020 წლის 06 აგვისტოს #გ-20-03/2521, 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 და 2018 წლის 27 ივლისის №16/2567-18 წერილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „მაგთიკომს“,  ეცნობათ, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით) შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ    (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების,  ასევე, შერწყმის   განზრახვის   შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წინასწარ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.“

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნაქტის თანახმად „კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის,  აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას,  კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ  განხორციელებული  საქმიანობისა  და  მათი  სამომავლო  გეგმების  შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.“

ზემოაღნიშნული  საკანონმდებლო  დანაწესებიდან  გამომდინარე, 2020  წლის 04  აგვისტოს კომისიამ მიმართა შპს „მაგთიკომს“ (წერილით) სადაც მიუთითა რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხილვისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, შპს „მაგთიკომის“ ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაციის და დოკუმენტაციის, ლეგალიზებული/აპოსტილიზებული , ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით, კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციისა და ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ავტორიზებული პირის წილის პირდაპირი/არაპირდაპირი შეძენის საკითხი.

აღნიშნული წერილის პასუხად „შპს მაგთიკომმა“  კომისიას მიმართა   NED-20/08/07-010 07.08.2020 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4030 07.08.2020) სადაც ისევ არ იქნა წარმოდგენილი შპს „მაგთიკომის“  ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით)  და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისი ლეგალიზებული/აპოსტილიზებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სრულყოფილი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ     შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“   (Delaware) და „ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” (Delaware)   კომპანიების არასრული დოკუმენტაცია 2017 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით თარგმანის გარეშე. აღნიშნულთან   დაკავშრებით   2020   წლის   11   აგვისტოს   კომუნიკაციების   კომისიამ   შპს

„მაგთიკომს“ მიმართა განმეორებითი წერილით N გ-20-08/2581 სადაც შპს „მაგთიკომს“ ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდება კანონით განსაზღვრულ ვადაში (15 სამუშაო დღე), რომელიც აითვლება კომისიის მომართვის დღიდან (2020 წლის 04 აგვისტო). ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის  დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა განცხადების განუხილვევლად დატოვების კანონისმიერი საფუძველია.

დღემდე, შპს „მაგთიკომს“ არ წარმოუდგენია კომისიის წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განუხილველად   დარჩეს   შპს   „მაგთიკომის“   განცხადება,   შპს   „მაგთიკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა წილობრივ სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ გადაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაგთიკომისთვის“  ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ასლის  შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)

ვახტანგ აბაშიძე წევრი

მერაბ ქათამაძე  თავმჯდომარე - მ.შ.

ელისო ასანიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები