შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2020 12:51
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”) 2020 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №შ-20-6/4679 10.09.2020), შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ (რეგისტრაციის ნომერი: 1565890; რეგისტრაციის ადგილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) აქციების 100%-ის შპს „ბაქსელის“ (აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანია, რეგისტრაციის №9900032791) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 36,2%-ის მფლობელია კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8%-ის მფლობელია „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ის აქციების 100%-ს ფლობს კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“. შესაბამისად, კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“ პირდაპირ და არაპირდაპირ შპს „კავკასუს ონლაინში“ ფლობს წილის 100%-ს.
შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 10 სექტემბრის №შ-20-6/4679 შეტყობინების თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარ მესაკუთრეებს განზრახული აქვთ, აქციების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „ნელგადო ლიმითიდში“ „ვეკო ინვესთმენთის“ სახელზე რეგისტრირებული აქციები დაუბრუნდეს ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას და შემდგომ ხვიჩა მაქაცარიამ გადასცეს შპს „ბაქსელს“ „ნელგადოს ლიმითიდის“ აქციების 100%. შეტყობინების თანახმად, აქციების 100%-ის გადაცემა (აქციების ხვიჩა მაქაცარიასთვის დაბრუნების ჩათვლით) განხორციელდება ერთი ტრანზაქციის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც კომისია გასცემს თანხმობას „ბაქსელის“ მიერ „ნელგადოს“ აქციების 100%-ის შეძენაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ტრანზაქციაზე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიისაგან მოითხოვა წინასწარი თანხმობა.
ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-12/649 გადაწყვეტილებით, კომისიამ განუხილველად დატოვა შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 51%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.
ამასთან ერთად, ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 270000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 და 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 20 სექტემბრამდე.
შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 10 სექტემბრის შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის, კომპანია „ნელგადოს ლიმითედის“ აქციების 49%-ის მფლობელია კომპანია „ვეკო ინვესთმენთი“, რომლის აქციებსაც სრულად განკარგავს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. შესაბამისად, დგინდება, რომ არ მომხდარა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა.
კომისია მიიჩნევს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 10 სექტემბრის შეტყობინება ავტორიზებული პირის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ, არსებითად წარმოადგენს იგივე შეტყობინებას, რომელიც კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-12/649 გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე შეტყობინებით, კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებით (2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11, 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებები) მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების (შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა) წინაპირობად აყენებს ავტორიზებული პირის არაპირდაპირი წილის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიის წინასწარი თანხმობის გაცემას, რაც დაუშვებელია. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ავტორიზებული პირებისთვის. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის შესრულების ვალდებულება ავტორიზებულ პირს დაკისრებული აქვს კანონმდებლობით და თავად კომისიის გადაწყვეტილებებით, არ სჭირდება კომისიის დამატებითი თანხმობა, შესაბამისად კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული შპს „კავკასუს ონლაინის“ არაპირდაპირი წილის 49%-ის მისი პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნებას არათუ არ სჭირდება კომისიის წინასწარი თანხმობა და აღნიშნული ქმედების განხორციელება არათუ ავტორიზებული პირის უფლება, არამედ კანონით და კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა.
შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენამდე, რაიმე ფორმით შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილი და ჯეროვანი განხილვა შეუძლებელია, ვინაიდან ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი წილი (49%) გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევით და შესაბამისად ამ წილის რეგისტრირებული მფლობელი და წილის მფლობელთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი/მოცემულობა განსხვავებულია. აღნიშნული საკითხის განხილვა, მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის/მოცემულობის აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც არ ასახავს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სამართლებრივ მოცემულობას ავტორიზებული პირის წილის მფლობელობასთან დაკავშირებით, არის არაზუსტი, ხოლო განმცხადებელი კი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ზუსტი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის.
ამასთანავე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განუხილველად დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 100%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ გადაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
