წვდომის მენიუ

შპს „რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 750

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2020 13:04

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს „რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია”)  2020 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №შ-20-6/4699 11.09.2020), შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 100%-ის შპს „ბაქსელის“ (აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანია, რეგისტრაციის №9900032791) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  თანახმად,   შპს   „რკინიგზის   ტელეკომის“   წილის   100%-ის   მფლობელია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140, ხოლო კომპანია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის აქციათა 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“. შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 36,2%-ის მფლობელია კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით   1565890,   ხოლო   შპს   „კავკასუს   ონლაინის“   წილის  63,8%-ის მფლობელია „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554. „ინტერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ის აქციების 100%-ს ფლობს კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“. შესაბამისად, კომპანია „ნელგადო ლიმითიდი“ შპს „რკინიგზის ტელეკომში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 100%-ს.

შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 11 სექტემბრის №შ-20-6/4699 შეტყობინების თანახმად, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეებს განზრახული აქვთ, აქციების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „ნელგადო ლიმითიდში“ „ვეკო ინვესთმენთის“ სახელზე რეგისტრირებული აქციები დაუბრუნდეს ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას და შემდგომ ხვიჩა მაქაცარიამ გადასცეს შპს „ბაქსელს“ „ნელგადოს ლიმითიდის“ აქციების 100%. შეტყობინების თანახმად, აქციების 100%-ის გადაცემა (აქციების ხვიჩა მაქაცარიასთვის დაბრუნების ჩათვლით) განხორციელდება ერთი ტრანზაქციის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც კომისია გასცემს თანხმობას „ბაქსელის“ მიერ „ნელგადოს“ აქციების 100%-ის შეძენაზე.   შესაბამისად, აღნიშნულ ტრანზაქციაზე, შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ კომისიისაგან მოითხოვა წინასწარი თანხმობა.

ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-12/651 გადაწყვეტილებით, კომისიამ განუხილველად   დატოვა   შპს   „რკინიგზის ტელეკომის“   განცხადება, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 51%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/646 გადაწყვეტილებით,  შპს  „რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნა  სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89, 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 და 2020 წლის 25 ივლისის Nგ-20-18/526 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ამავე გადაწყვეტილებით,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“  დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა,  კერძოდ,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“   ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ  ხვიჩა  მაქაცარიას  კუთვნილი  წილის  49%-ის  (31230  აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 20 სექტემბრამდე.

შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 11 სექტემბრის შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის, კომპანია „ნელგადოს ლიმითედის“ აქციების 49%-ის მფლობელია კომპანია „ვეკო ინვესთმენთი“, რომლის აქციებსაც სრულად განკარგავს ფიზიკური   პირი   ნასიბ   ჰასანოვი.  შესაბამისად,   დგინდება,   რომ   არ   მომხდარა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანია „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 11 სექტემბრის შეტყობინება ავტორიზებული პირის საბოლოო ბენეფიციარი  მესაკუთრის ცვლილების შესახებ, არსებითად წარმოადგენს იგივე შეტყობინებას, რომელიც კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-12/651 გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე შეტყობინებით, კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებით (2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89, 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 და 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/526  და  2020  წლის  20  აგვისტოს Nგ-20-18/651 გადაწყვეტილებები) მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების (შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ  პირ  ხვიჩა  მაქაცარიას  კუთვნილი  წილის  49%-ის  (31230  აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა) წინაპირობად აყენებს ავტორიზებული პირის არაპირდაპირი წილის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიის წინასწარი თანხმობის გაცემას, რაც დაუშვებელია. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ავტორიზებული პირებისთვის. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის შესრულების ვალდებულება ავტორიზებულ პირს დაკისრებული აქვს კანონმდებლობით და თავად კომისიის გადაწყვეტილებებით, არ სჭირდება კომისიის დამატებითი თანხმობა, შესაბამისად, კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული შპს „რკინიგზის ტელეკომის“ არაპირდაპირი წილის 49%-ის მისი პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნებას არათუ არ სჭირდება კომისიის წინასწარი თანხმობა და   აღნიშნული ქმედების განხორციელება არათუ ავტორიზებული პირის უფლება, არამედ კანონით და კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენამდე, რაიმე ფორმით შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების  წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილი და ჯეროვანი განხილვა შეუძლებელია, ვინაიდან  ავტორიზებული    პირის    მნიშვნელოვანი    წილი    (49%)    გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის 2016 წლის  6  ოქტომბრის  N677/11 გადაწყვეტილების დარღვევით და შესაბამისად ამ წილის რეგისტრირებული მფლობელი და წილის მფლობელთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი/მოცემულობა განსხვავებულია. აღნიშნული საკითხის განხილვა, მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი    წესრიგის/მოცემულობის    აღდგენის    შემდეგ  იქნება შესაძლებელი. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც არ ასახავს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სამართლებრივმოცემულობას    ავტორიზებული    პირის    წილის    მფლობელობასთან დაკავშირებით, არის არაზუსტი, ხოლო განმცხადებელი კი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ზუსტი ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის. ამასთანავე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განუხილველად  დარჩეს შპს „რკინიგზის ტელეკომის“  განცხადება, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ წილის 100%-ის შპს „ბაქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გადაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“  ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები