წვდომის მენიუ

თ. ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 92

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 14:39

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020

თ. ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

 I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თ. ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-206/361; 27.01.2020), სადაც აღნიშნულია, რომ თ. ჯორბენაძემ 2020 წლის 15 იანვარს წერილით მიმართა ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ და მოსთხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ პროექტში - „მედიააკადემია“ mediacritic.ge ჩართულ პირთა რაოდენობის შესახებ; ბ) აღნიშნულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დასახელებული 2 მუდმივი და 4 მოწვეული ავტორის; გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დასახელებული მუდმივი და მოწვეული ავტორების ვინაობა. აღნიშნული წერილის პასუხად, ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ. ფუტკარაძის 2020 წლის 17 იანვრის წერილით, თ. ჯორბენაძეს განემარტა, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ არ წარმოადგენდა არც ადმინისტრაციულ ორგანოს, არც საჯარო დაწესებულებას ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებულ ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე არ გავრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. ამასთან, მომჩივანის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მას მიეწოდა ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ შეფასებით არ დაარღვევდა პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ, ამავე წერილით, თ. ჯორბენაძეს ეცნობა, რომ ვებ გვერდზე mediacritic.ge ბლოგებს, რეცენზიებსა და რეპლიკებს წერს 2 მუდმივი და 4 მოწვეული ავტორი და ეს ციფრი მუდმივად იქნებოდა ცვალებადი. მომჩივანის განცხადებით, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა წინამდებარე ადმინისტრაციული საჩივრით. მომჩივანის განმარტებით, ა(ა)იპ „მედიააკადემია“ ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსების ფარგლებში წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და მასზე ვრცელდება ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების ვალდებულება, ასევე მას  ევალება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დელეგირებული ყველა პრინციპის განუხრელად დაცვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „საჯარო დაწესებულებაა, რომლის ხელმძღვანელი ან საშტატო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს“. მომჩივანი ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პირი გახლდათ ჩართული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ახალ პროექტში (შტატით თუ უშტატოდ) და რამდენი იყო მათი თანამდებობრივი სარგო. მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის  2018  წლის  28  დეკემბრის  სხდომაზე  ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 2,469,673.10 ლარით, შესაბამისად, ხსენებული დაფინანსების ფარგლებში ა(ა)იპ „მედიააკადემია“ მიიჩნეოდა საჯარო დაწესებულებად, რის გამოც მასზე გავრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების დეფინიცია და, შესაბამისად, მასში დაცული ინფორმაციის საჯაროობაც შემოსაზღვრულია გაცემული სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებით“. საჯარო დაწესებულების ცნების ცენტრალურ თუ ადგილობრივ ფინანსურ მხარდაჭერასთან კავშირი განპირობებულია ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის საჯაროობისა და ჯანსაღი საზოგადოებრივი ანალიზის ხელშეწყობის უზრუნველყოფით“, ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება ემსახურება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობას, საზოგადოების მხრიდან კონტროლისათვის გარკვეული პირობების შექმნას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე N ბს-1020 (კ-18)). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიზნებისათვის, მოწინააღმდეგე მხარე არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ დასაბუთებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში,  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  პრინციპს  უპირისპირდება ინფორმაციის დაცვის ინტერესი. როდესაც ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ან სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გულისხმობს ორივე ინტერესის გათვალისწინებას. კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულია ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ამ ორ უფლებას შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებას უჩნდება ვალდებულება პროპორციულობის ტესტის გამოყენებით განსაზღვროს, ხომ არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა ინფორმაციის ღიაობას. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისთვის, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შემქნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომჩივანის აზრით, ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, თუნდაც პერსონალური მონაცემების დაცვის საფუძვლით, საჯარო დაწესებულებას (ა(ა)იპ „მედიააკადემიას“) მაინც თავისუფლად შეეძლო მისთვის მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია იმგვარად, რომ ვერ მომხდარიყო შტატით თუ შტატგარეშედ დასაქმებული პერსონალის იდენტიფიცირება (დაშტრიხული სახით). მომჩივანი საჩივარში უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას          და   გაავრცელოს   თავისი   აზრი   ზეპირად,   წერილობით   ან   სხვაგვარი საშუალებით. აღნიშნული დანაწესით, კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებულია ინფორმაციის მიღების უფლება, თუმცა ხსენებული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილების ინტერესების, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სხვათა უფლებების დაცვის გათვალისწინებით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქვეყნოობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს“. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში“. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი“. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. კოდექსის მიზნებისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს: „საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „პირს აქვს უფლება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე, მოითხოვოს ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება“. საჩივარში მითითებულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების გარანტიის შემცველი ნორმები მხოლოდ მაშინ შეიძლება მოქმედებდნენ ეფექტურად, როდესაც მათი გავრცელების სფერო მაქსიმალურად ფართოა და მოიცავს საჯარო ფუნქციის მატარებელ ყველა დაწესებულებას. თუმცა, ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაზე მისი ფუნქციიდან გამომდინარე შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმები. ქვეყნების უმრავლეოსაბაში, სასამართლოები და საკანონმდებლო ორგანოები გამონაკლისს წარმოადგენენ. მომჩივანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მართალია სამართლებრივად ა(ა)იპ „მედიაკადემია“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიზნებისათვის, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ვინაიდან ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად საბიუჯეტო დაფინასების  ფარგლებში,  მოთხოვნილი  საჯარო  ინფორმაციისგაცემაზე წერილობითი უარი, ერთჯერადად უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

 მოთხოვნა

დაკმაყოფილდეს წინამდებარე ადმინისტრაციული საჩივარი და ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ დაევალოს გასცეს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თ. ჯორბენაძის 2020 წლის 15 იანვრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თ. ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივრის (Nშ-206/361; 27.01.2020) განსახილველად მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს, 15 საათზე, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებით ეცნობა თ. ჯორბენაძეს. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი შეტყობინება ჩაბარდა თ. ჯორბენაძეს, რითაც მას მიეცა  აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ის არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და არც კომისიაში შემოსულა მისი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ განიხილა საკითხი თ. ჯორბენაძის დასწრების გარეშე.

 II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1.შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის თედო ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-206/361; 27.01.2020).

2.შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის 2020 წლის 15 იანვრის წერილი  ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

3.ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ფუტკარაძის 2020 წლის 17 იანვრის საპასუხო წერილი.

4.კომისიის შეტყობინება შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტს, თედო ჯორბენაძეს კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე; შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოს, აქვს კანონით მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის  მოთხოვნათა შესრულებაზე  ზედამხედველობა  და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის  პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; ო) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია; ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად; ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება; ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა; ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია; კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან; ნ) ლიცენზიის მფლობელთა ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირთა შორის ლიცენზიით ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით; ო) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი. პ) ელექტრონული  კომუნიკაციების საერთაშორისო  ან/და  რეგიონალურ  ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული  დასაბუთებული  გადაწყვეტილებით  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი; რ) მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობისათვის ამ კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია, როგორც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან, ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.  კომისია,  მოქმედი კანონმდებლობის  თანახმად,  არ  წარმოადგენს  ა(ა)იპ „მედაიაკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ა(ა)იპ „მედაკადემიის“ წესდების (შემდგომში „წესდება“) თანახმად, კომისია ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებლის კლასიკურ უფლებამოსილებებს, რომელიც არ გულისხმობს „მედიააკადემიის“ მიერ მისი წესდების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების   რევიზიას. „მედიააკადემია“ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის დამოუკიდებელი და თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის, როგორც ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დამფუძნებლის უფლებამოსილებები განსაზღვრულია წესდების მე-4 მუხლით. ამასთან, კომისიის, როგორც ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის“ დამფუძნებლის მიერ ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის“ ბიუჯეტის განსაზღვრა, კომისიას ვერ გახდის ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ    ორგანოდ და უფლებამოსილს  დაავალდებულოს ა(ა)იპ,,მედაიააკადემია“, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, გასცეს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის 2020 წლის 15 იანვრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. ვინაიდან „მედიააკადემიას“ არ ყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მისი გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის უფლებამოსილებას სცდება შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის ადმინისტრაციული  საჩივრის  განხილვა.  შესაბამისად,  კომისია ვერ  განიხილავს  შპს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის ადმინისტრაციულ საჩივარს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 178-ე და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

 გადაწყვიტა:

1. თ. ჯორბენაძის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-206/361; 27.01.2020) არ იქნეს მიღებული განსახილველად.

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის თ. ჯორბენაძისთვის ჩაბარების დღიდან.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების თედო ჯორბენაძისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ინტერნეტ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

 

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

 ელისო ასანიძე         წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

 

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები