შპს ,,დათაჰაუს გლობალისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2020 18:08
მიღების თარიღი იანვარი 30, 2020
შპს ,,დათაჰაუს გლობალისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „დათაჰაუს გლობალმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/190, 17/01/2020) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 5000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.
შპს „დათაჰაუს გლობალი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ბ.ა) ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, უფლება გაიცემა არაგეოგრაფიულ ნომრებზე მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; არაგეოგრაფიული ნომრების გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,25 ლარს 1 - სააბონენტო ნომერზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნომრებისთვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირები- სათვის, განსაზღვრულია ციფრებით „500-599“.
კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1250 ლარის (0,25 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-21 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორი ანარ აღაიაროვი. სხდომაზე კომისიის წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. კომპანიის დირექტორის განმარტებით შპს „დათაჰაუს გლობალს“ სურს გახდეს ვირტუალური ოპერატორი. ამ მიზნით ითხოვს ნუმერაციის რესურსს. ნუმერაციის რესურსის მიღების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები ადგილობრივ ოპერატორებთან და მათ პარტნიორებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ რიგში, პარტნიორებთან შეთანხმების საგანი იყო მობილური ნუმერაციის რესურსის მიღება და შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან ვირტუალური ოპერატორის ტიპთან დაკავშირებით.
კომპანიის დირექტორის განმარტებასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქათამაძემ აღნიშნა, რომ შპს „დათაჰაუს გლობალის“ წარმომადგენლის განმარტება იყო ბუნდოვანი და არ იყო დასაბუთებული, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ნუმერაციის რესურსი. მან სხდომაზე აღნიშნა რომ იგი მხარს ვერ დაუჭერს ნუმერაციის რესურსის გაცემის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ვერ მოისმინა დასმულ შეკითხვებზე დასაბუთებული პასუხები ოპერატორისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე, წინააღმდეგი, კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე):
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დათაჰაუს გლობალს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N521 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 559 995 000 - 559 999 999, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 30 იანვრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. ეცნობოს შპს „დათაჰაუს გლობალს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
