წვდომის მენიუ

შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ წინააღმდეგ შპს ,,ინექსფონის“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 146

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 16:00

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ წინააღმდეგ შპს ,,ინექსფონის“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე

 I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,ინექსფონის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ20-6/701; 10.02.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ინექსფონსა“ და შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფს“ შორის დაიდო პირდაპირი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანიებს შორის უპრობლემოდ ხორციელდებოდა ზარები 2019 წლის დეკემბრამდე. შპს,,ინექსფონის“ განმარტებით 2019 წლის დეკემბრის თვიდან იმატა ტექნიკურმა პრობლემებმა, კერძოდ, შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ აბონენტებს უჭირთ შპს ,,ინექსფონის“ აბონენტებთან დაკავშირება. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან, ზარის მიმღები შპს ,,ინექსფონის“ აბონენტები არიან, აბონენტებს ჰგონიათ, რომ შპს ,,ინექსფონის“ ქსელს აქვს  ხარვეზი,  რის  გამოც კომპანიის  მისამართით  შემოდის  უამრავი  პრეტენზია.  შპს,,ინექსფონის“ განმარტებით, შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ აბონენტები პატიმრები არიან და პრობლემის დაფიქსირება შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფთან“ არ შეუძლიათ. აღნიშნული უარყოფითად აისახება შპს ,,ინექსფონის“ იმიჯზე და შემოსავლებზე.

 შპს ,,ინექსფონის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთხელ მიმართეს შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ წარმომადგენლობას პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა, კომპანია დღემდე უარყოფს მის მხარეს არსებულ ხარვეზს. შპს ,,ინექსფონის“ განმარტებით, შპს,,ინექსფონის“ მობილური აპლიკაციის საშუალებით მსჯავრდებულის ახლობლები ზარს მობილურზე ღებულობენ ისე, რომ რეალურად მსჯავრდებული რეკავს შპს ,,ინექსფონის“ ფიქსირებულ ქსელზე, რაც პატიმრებს აძლევს უზარმაზარ შეღავათს. შპს ,,ინექსფონის“ განმარტებით, ტრაფიკის დიდი ნაწილი შპს ,,ინექსფონის“ ქსელში გადმოვიდა, რის გამოც შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფს“ შემოსავალი შეუმცრიდა, დაბლოკა და შეუზღუდა მომსახურება შპს ,,ინექსფონს“. შპს ,,ინექსფონის“ განცხადებით, ამჟამად შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფისგან“ ღებულობენ შემომავალ ზარებს, მაგრამ აღნიშნული იმის მეათედია, რაც უნდა იყოს.

შპს  ,,ინექსფონი“  ითხოვს  კომისიამ  მიიღოს  შესაბამისი  ზომები  და  დაეხმაროს შპს ,,ინექსფონს“ პრობლემის მოგვარებაში. საჩივარს ერთვის შემომავალი ზარების სტატისტიკა 2019 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვლამდე. შპს ,,ინექსფონის“ საჩივარს თან ერთვის CD დისკი, რომელზეც დატანილია აბონენტების მიერ შპს ,,ინექფონთან“ დაფიქსირებული საჩივრების ამსახველი აუდიოჩანაწერი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად,   გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

 კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის მიხედვით შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ აბონენტებს არ აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად დაუკავშირდნენ შპს ,,ინექსფონის“ მომხმარებლებს. ამასთანავე,   საჩივრის  ავტორი უთითებს    შპს  ,,ინექსფონისთვის“ მომსახურების შეზღუდვაზე  ანუ ურთიერთჩართვისშეზღუდვაზე, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან  დაკავშირებული  დავის  განხილვის ვადაა  1  თვე,  ხოლო  შპს,,ინექსფონის“ საჩივრის განხილვის ვადა იწურება 2020 წლის 10 მარტს. ამასთანავე, შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ აბონენტების მიერ შპს ,,ინექსფონის“ ქსელში ზარების დასრულების შეუძლებლობის მიზეზის დადგენა მოითხოვს შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას და შესწავლას, რასაც სჭირდება დრო. გარდა ამისა, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შპს ,,ინექსფონის“ საჩივრის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომის 2019 წლის 13 თებერვალს გამართვის გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც შპს ,,ინექსფონის“ საჩივრის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმაცია კომისიის დღის წესრიგის პროექტში კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 11 თებერვალს.

შპს ,,ინექსფონს“ და შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფს“ საკითხის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომის   გამართვის   თაობაზე   ეცნობათ   კომისიის  შეტყობინებებით   (Nგ-20-03/417;11.02.2020; Nგ-20-03-418; 11.02.2020) და ამავე შეტყობინებებით განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ინექსფონის“ დირექტორი  რ.  ახვლედიანი  და  შპს  ,,ო  ენდ  ემ  ჯგუფის“  დირექტორი  გ. გუნია. შპს,,ინექსფონის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომისიაში საჩივრის წარდგენის შემდეგ, მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია იყო. მათი მოლაპარაკების პროცესი     საკმაოდ     წარმატებულად     წარიმართა.     მისი     განმარტებით,     ტექნიკურ მპრობლემასთან ჰქონდათ საქმე და საკითხი მოგვარდა. შპს ,,ინექსფონის“ დირექტორმა განაცხადა, რომ არ გააჩნდა პრეტენზია შპს „ო ენდ ემ ჯგუფის“ მიმართ და შესაბამისად, არ სურდა კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა.

 II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა)  ქვეპუნქტის    თანახმად,    ადმინისტრაციული    წარმოების  დაწყების  ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინექსფონის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არ გააჩნდა პრეტენზია შპს „ო ენდ ემ ჯგუფის“ მიმართ და შესაბამისად, არ სურდა კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვის საფუძველია ავტორიზებული პირის საჩივარი/განცხადება და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს კომისიამ დაიწყოს მისი საჩივრის განხილვა შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ წინააღმდეგ, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ინექსფონის“ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

 III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს ,,ინექსფონის“ საჩივარი შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფის“ წინააღმდეგ;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებულის ასლის შპს ,,ინექსფონისთვის“ და შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3.     გადაწყვეტილება     ძალაში     შედის     გადაწყვეტილების     დამოწმებული     ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის მისი დამოწმებულის ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები