შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2020 11:47
მიღების თარიღი იანვარი 23, 2020
შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავმა“ კომისიას შპს ,,სერვისბოქსის“ წინააღმდეგ საჩივრით (შ-19-6/4954, 24.12.2019) მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავს“ შპს ,,სერვისბოქსთან“ გაფორმებული აქვს მაუწყებლობის ტრანზიტზე მომსახურების ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვის თანხა გადახდილი აქვს და არ გააჩნია დავალიანება, 2019 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეტობინების გარეშე, გაითიშა სატელევიზიო არხების მიწოდება, რომელიც დღემდე არ მიეწოდებათ. საჩივარში, ასევე, აღნიშნულია, რომ მათი ინფორმაციით, მომსახურება შეწყვეტილი აქვს შპს ,,სერვისბოქსის“ ყველა აბონენტს, რომლებიც სარგებლობენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ინტერნეტით. საჩივრის ავტორის განცხადებით, დარღვეულია, მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები, რომელიც დაცულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავი“ მოითხოვა: კომისიამ დაუყონებლივ აღკვეთოს შპს ,,სერვისბოქსის“ უკანონო და თვითნებური მოქმედება; შპს ,,სერვისბოქსმა“ დაუყონებლივ აღადგინოს მომსახურება; კომისიამ მის მიმართ გამოიყენოს სანქცირების ღონისძიებები.
ვინაიდან, შპს ,,სერვისბოქსი“ წარმოადგენდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და IP ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას უწევდა შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავს“, შესაბამისად, შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავი“ წარმოადგენდა შპს ,,სერვისბოქსის“ მომხმარებელს და არსებობდა მათ შორის დავა მომსახურების მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №19-16/750 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სერვისბოქსის“ წინააღმდეგ შპს ,,ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო რუსთავის“, საჩივარის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 16 იანვარი, ხოლო 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე -2020 წლის 23 იანვარი.
2020 წლის 22 იანვარს, შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავმა“ განცხადებით (შ-20-5/281, 23.01.2020) მიმართა კომისიას, რომლითაც უარი განაცხადა თავის საჩივარზე, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავი“ არ წარმოადგენს შპს ,,სერვისბოქსის“ მომხმარებელს და აღარ გააჩნია ინტერესი შპს ,,სერვისბოქსის“ წინააღმდეგ კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მიმართ.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავი“ უარს აცხადებს საჩივარზე და აღარ გააჩნია ინტერესი კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მიმართ, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 42 - ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-16/750 გადაწყვეტილებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სერვისბოქსისა“ და შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავისთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს ,,სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
