წვდომის მენიუ

შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 484

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2020 17:14

მიღების თარიღი ივნისი 04, 2020

შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

 

I.    საქმის აღწერა

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში:   „კომისია“) ერთობლივი განცხადებით (№ შ-20-6/2512, 13.05.2020) მიმართეს შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ სს „სილქნეტის“, შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ წინააღმდეგ დავის დაწყების მოთხოვნით.  აღნიშნული  განცხადება დაზუსტდა კომპანიების ერთობლივი განცხადებებით (№შ-20-6/2642, 20.05.2020 და №შ-20-6/2921, 03.06.2020). საბოლოოდ დაზუსტებული განცხადების (შემდგომში: „ერთობლივი საჩივარი“) თანახმად, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მოთხოვნას აყენებენ შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ.

2.  ერთობლივ  საჩივარში მოთხოვნილია, შპს  „სერვისბოქსს“  დაეკისროს პასუხისმგებლობა 2020 წლის იანვრიდან 1 მაისის ჩათვლით მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. საჩივრის ავტორების მტკიცებით, შპს „სერვისბოქსის“ მიერ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა კონკურენტი კომპანიების რეპუტაციის შელახვას და მას შედეგად მოჰყვა - აბონენტების უკმაყოფილება, გადინება და საჩივრები კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში. აბონენტები მიიჩნევდნენ, რომ მომსახურების შეწყვეტა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ ბრალეულობით მოხდა. ამასთანავე, კომპანიებს მიადგათ მატერიალური ზიანი.

3. გარდა ამისა, ერთობლივი  საჩივრის ავტორები ითხოვენ შპს „სერვისბოქსს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა შპს„ახალი   ქსელების“,   შპს   „ახტელის“   და   შპს   შპს„საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. კერძოდ, ერთობლივ საჩივარში მითითებულია, რომ შპს„სერვისბოქსი“ აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებს შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს აბონენტები და აზიანებს საჩივრის ავტორ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი ქსელების“, შპს

„ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ შპს „სერვისბოქსის“ ანგარიშზე.

4. ერთობლივ საჩივარში დაყენებულია მოთხოვნა, სს „სილქნეტს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა 2020 წლის 1 მაისიდან მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. საჩივრის ავტორების მტკიცებით,  სს  „სილქნეტის“  მიერ  აღნიშნული  ინფორმაციის  გავრცელებას  მოჰყვა  შპს

„ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ჩამოყალიბება. კერძოდ, ერთობლივი საჩივრის მიხედვით სს „სილქნეტმა“ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ აბონენტებს მიაწოდა მცდარი   ინფორმაცია,   რომ   არ დაებრუნებინათ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“ მათსავე საკუთრებაში არსებული სატელევიზიო მოდემები.

5. ამავდროულად, ერთობლივი საჩივრის ავტორები ითხოვენ, სს „სილქნეტს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „სიჯისის“ მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ სს „სილქნეტი“ 2020 წ. 1 მაისიდან აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებს შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს აბონენტები და აზიანებს აღნიშნულ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი    ქსელების“,    შპს    „ახტელის“    და    შპს    „ცენტრალური    კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ სს „სილქნეტის“ ანგარიშზე. საჩივრის ავტორები ითხოვენ სს „სილქნეტს“ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან „მარტივის“ გამოყენებით  შექმნილ  აპლიკაციაში  შპს  „ახალი  ქსელების“, შპს „ახტელის“  და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მონაცემების უნებართვო გამოყენება.

6. ერთობლივ  საჩივარში  ასევე  მოთხოვნილია,  სს  „სილქნეტს“,  როგორც ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს, დაეკისროს პასუხისმგებლობა მისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, ერთობლივი საჩივრის ავტორების მტკიცებით, სს „სილქნეტი“ 2020 წლის 1 მაისიდან სასაქონლო ნიშან „მარტივის“ გამოყენებით ახდენს მომსახურების ტარიფების სუბსიდირებას. გარდა ამისა, იგი სუბსიდირებული ტარიფით მომსახურებას სთავაზობს მხოლოდ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომხმარებლებს, რითაც ასევე ირღვევა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. ერთობლივ საჩივარს ერთვის აბონენტების განცხადებები, სატელეფონო ჩანაწერები, სააბონენტო ქვითრების ასლები   და სხვა მტკიცებულებები.

7.  შპს „სერვისბოქსის“ პოზიციით, ერთობლივი საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი განხილვა არ ექვემდებარება კომისიის კომპეტენციას, ვინაიდან, საჩივარი არსებითად ქონებრივი ხასიათის დავას უკავშირდება, ხოლო ასეთი ტიპის დავები განიხილება სასამართლოს მიერ. შესაბამისად, შპს „სერვისბოქსი“ მიიჩნევს, რომ ერთობლივი საჩივარი კომისიამ  არ  უნდა მიიღოს  განსახილველად.  ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ ერთობლივ საჩივარში დაყენებული ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ არის კომისიის განსახილველი საკითხი და საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.

8. კომისიას ასევე განცხადებებით მიმართა შპს „სერვისბოქსმა“ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) წინააღმდეგ (შემდგომში: შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი). საჩივრის ავტორი ითხოვს, ავტორიზებულ პირებს - შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ დაეკისროთ პასუხისმგებლობა შპს „სერვისბოქსის“ მიმართ კეთილსინდისიერი კონკურენციის ვალდებულების დარღვევის, აბონენტების იძულებით და მოტყუებით გადაბირებისათვის.

9. შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის მიხედვით, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ სათანადო ინფორმაციის მიწოდების გარეშე უცვლიან აბონენტებს შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მიმღებ დეკოდერს და აბონენტები გაუთვითცნობიერებლად ხდებიან შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მომსახურების მიმღები. ამასთან, შპს „სერვისბოქსის“ მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები ტექნიკურ ხარვეზებს უქმნიან მის აბონენტებს, რის გამოც მათ ეთიშებათ შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტტელევიზია (IPTV).

10.  გარდა ამისა, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ იგი ინტერნეტს ყიდულობს შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია   შპს „სისტემ ნეტისგან“. საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 13 მაისს 17:00 საათზე გათიშა შპს „სერვისბოქსის“ პორტები, რამაც გამოიწვია შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მომსახურების გათიშვა აბონენტებთან. ამასთან, გაითიშა მხოლოდ ის პორტები, რომლებიც ემსახურებოდა შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის აბონენტებს, უშუალოდ შპს „სერვისბოქსს“ კი - ინტერნეტის მიწოდება არ შეწყვეტია.

11. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციით, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი დაუსაბუთებელია, საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები არ ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენას. შპს „სისტემ ნეტის“ მითითებით, შპს „სერვისბოქსისთვის“ ინტერნეტმომსახურების მიწოდების შეწყვეტა განპირობებული იყო შპს „სერვისბოქსის“ მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. ამრიგად, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „სისტემ ნეტი“ მიიჩნევენ, რომ შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი კომისიამ არ უნდა მიიღოს განსახილველად.

12. საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომები გაიმართა 2020 წლის 28 მაისს და 4 ივნისს. 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება ერთობლივი საჩივრისა და შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის საკითხების გაერთიანების თაობაზე.

13. შპს „სერვისბოქსმა“ იშუამდგომლა კომისიის წინაშე, ცალკე წარმოებად გამოეყოს მის მიერ წარდგენილი საჩივარი. შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, ერთობლივი საჩივრის ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნები და სამართლებრივი საფუძვლები მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული და ვრცელ განხილვას საჭიროებს. ამასთან, ერთობლივი საჩივრის ავტორმა კომპანიებმა, შესაძლოა, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები და მოთხოვნები, რაც გაახანგრძლივებს წარმოებას.

14.  შუამდგომლობის   მიხედვით,   შპს   „სერვისბოქსის“   საჩივარში   წარმოდგენილია დამოუკიდებელი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც სჭირდება ცალკე შეფასება და არ უნდა განიხილებოდეს ერთობლივ საჩივართან ერთად. ამასთანავე, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის უკანონო და კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების შედეგად, იგი ყოველდღიურად კარგავს აბონენტებს. გარდა ამისა, შპს „სერვისბოქსმა“ იშუამდგომლა 2020 წლის 4 ივნისის მოსამზადებელი სხდომა გადაზრდილიყო მთავარ სხდომაში და გადაწყვეტილება მიღებულიყო იმავე დღეს ან - თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა - კომისიის უახლოეს მომდევნო სხდომაზე.

II.   სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-

2  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს  მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება „მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით „თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად“.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

1.  შპს „სერვისბოქსის შუამდგომლობა“ როგორც აღინიშნა, შპს „სერვისბოქსმა“ იშუამდგომლა კომისიის წინაშე. მისი საჩივრის განხილვის საკითხის ცალკე გამოყოფის, 2020 წლის 4 ივნისის მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდისა და ამავე სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან დაკავშირებით. კომისიამ  2020 წლის 28 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ ერთობლივი საჩივარი და შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი განეკუთვნება ერთგვაროვან და სამართლებრივად    ერთმანეთთან    დაკავშირებულ    საკითხებს,    ვინაიდან    აღნიშნულ საჩივრებში ავტორიზებულ პირებს წარდგენილი აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ერთსა და იმავე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებს შორის კეთილსინდისიერ კონკურენციას, მათ აბონენტებს, აბონენტებისათვის მცდარი და გასაგები ინფორმაციის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტანდარტებს. დასახელებული მოთხოვნების დასაბუთებულობის განხილვა მოითხოვს ერთგვაროვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი მსგავსი სტანდარტების დადგენასა და შეფარდებას.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „სერვისბოქსის“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი უნდა იქნეს ცალკე განხილული, ვინაიდან ეყრდნობა დამოუკიდებელ, ცალკე შესაფასებელ ფაქტობრივ გარემოებებს. კომისიის მიერ საკითხის გაერთიანება უკავშირდება არა ერთობლივად შესაფასებელ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ - ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სახეზეა, ვინაიდან, დავა შეეხება ავტორიზებული პირების მოთხოვნებს არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან და აბონენტებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საჩივრების ერთობლივი განხილვა არ გულისხმობს კომისიის მიერ წარმოების გაუმართლებელ გახანგრძლივებას. ავტორიზებული პირების განცხადებების როგორც ერთობლივი, ისე - ცალ-ცალკე განხილვის პირობებში კომისია ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იმგვარად, რომ არ დაზარალდეს       ბაზარზე     კეთილსინდისიერი     და     ჯანსაღი     კონკურენციის     და მომხმარებლების           ინტერესები.    ამასთანავე,    ოპერატიულობა    და    მოკლე    დროში გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს საკითხის ცალმხრივი, ზედაპირული გამოკვლევის ხარჯზე. კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილებები მიიღოს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „სერვისბოქსის“ ცალკე გამოყოფის წინაპირობები. შესაბამისად, შპს „სერვისბოქსის“ შუამდგომლობა საჩივრის გამოყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შპს „სერვისბოქსმა“ ასევე იშუამდგომლა, რომ კომისიას მოსამზადებელი სხდომა გადაეზარდა მთავარ სხდომაში და მის საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოსამზადებელი სხდომა დავის არსებითი განხილვის სხდომაში შეიძლება გადაიზარდოს, თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში კომისიას შპს „სერვისბოქსის“, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები შესწავლილი აქვს მხოლოდ მოსამზადებელი სხდომის ფორმატში. შესაბამისად, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები არ არის შესაბამისი წესით დადგენილი და იმგვარად გამოკვლეული, რომ კომისიას მიეცეს საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დავის არსებითი განხილვისა და კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე მიღების წინაპირობები. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სერვისბოქსის“ შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის დავის არსებითი განხილვის სხდომაში გადაზრდისა და გადაწყვეტილების 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, დავის განხილვის დანიშვნისას კომისია მხედველობაში მიიღებს შპს „სერვისბოქსის“ შუამდგომლობაში გამოხატულ პოზიციას საკითხის სწრაფად გადაწყვეტის საჭიროების თაობაზე.

2.  საჩივრების განსახილველად მიღების საკითხი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დადგინდეს, მიეკუთვნება თუ არა ერთობლივ საჩივარში და შპს „სერვისბოქსის“ საჩივარში დაყენებული მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება საჩივრის მიღების ან დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის დავა, რომელიც უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.

კომისიის  უწყებრივი  რეესტრის  მიხედვით, შპს  „ახალი  ქსელები“,  შპს  „ახტელი“,  შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანია“, შპს „სისტემ ნეტი“, შპს „სერვისბოქსი“ და სს„სილქნეტი“ განეკუთვნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, რამდენად უკავშირდება საჩივრებში დაყენებული მოთხოვნები კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომისიის ძირითად ამოცანებს მიეკუთვნება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში: „რეგლამენტი“) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედით, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.

ამრიგად,    კომისიის    კომპეტენციებს    განეკუთვნება    ელექტრონულ    საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ისევე როგორც მომხმარებელთა უფლებების, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლების დაცვა.

ა) ერთობლივი საჩივარი

როგორც აღინიშნა, ერთობლივ საჩივარში მოთხოვნილია, შპს „სერვისბოქსს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. საჩივრის ავტორების მტკიცებით, შპს „სერვისბოქსის“ მიერ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა კონკურენტი კომპანიების რეპუტაციის შელახვას და მას შედეგად მოჰყვა - აბონენტების უკმაყოფილება, მათი გადინება და საჩივრები კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში. აბონენტები მიიჩნევდნენ, რომ მომსახურების შეწყვეტა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ ბრალეულობით მოხდა. ამასთანავე, კომპანიებს მიადგათ მატერიალური ზიანი.

ერთობლივ საჩივარში დაყენებული მოთხოვნა უკავშირდება საჩივრის ავტორებსა და შპს „სერვისბოქსს“ შორის კეთილსინდისიერ კონკურენციას, აგრეთვე მომხმარებელთათვის საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ საჩივრის ამ ნაწილის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და იგი უნდა იქნეს განსახილველად მიღებული.

გარდა ამისა, ერთობლივი საჩივრის ავტორები ითხოვენ,  შპს„სერვისბოქსს“  და  სს„სილქნეტს“ დაეკისროთ პასუხისმგებლობა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს„სიჯისის“ მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. კერძოდ, ერთობლივ საჩივარში მითითებულია, რომ შპს „სერვისბოქსი“ და სს „სილქნეტი“ აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებენ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ აბონენტები და აზიანებენ საჩივრის ავტორ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ შპს „სერვისბოქსისა“ და სს „სილქნეტის“ ანგარიშზე.

როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონისა და რეგლამენტის თანახმად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. გარდა ამისა, კომისიის კომპეტენცია არ არის ავტორიზებულ პირებს შორის ქონებრივი, სამოქალაქო დავების გადაწყვეტა. ასეთის არსებობის შემთხვევაში ავტორიზებულმა პირებმა დარღვეული უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს ან დავის გადაწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებს.

განსახილველ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტოს საკუთრებითი დავა იმის თაობაზე, თუ რომელ ავტორიზებულ პირს ეკუთვნის ქონებრივი უფლება ამა თუ იმ მონაცემთა ბაზაზე, თუ აბონენტთა საიდენტიფიკაციო ნომრების ერთობლიობაზე. აღნიშნულის გადასაწყვეტად ერთობლივი საჩივრის ავტორებმა შესაძლებელია იდავონ სამოქალაქო   წესით   და   ეს   არ   მიეკუთვნება   კომისიის   განსახილველ   საკითხებს. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კომისიის კომპეტენციაა მომხმარებლების უფლებების დაცვა, მათ შორის, მომხმარებელთა ისეთი უფლების  დაცვა, როგორიც არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება ზუსტ, უტყუარ, ამომწურავ და არადამაბნეველ ინფორმაციაზე.

მომსახურების ანგარიშსწორების პირობების შესახებ ზუსტ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მომხმარებლის მნიშვნელოვანი უფლებაა და განაპირობებს მის შესაძლებლობას, დაიცვას კანონიერი ინტერესები მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას. შესაბამისად, ანგარიშსწორების ფორმას და მის შესახებ სრულყოფილი, არადამაბნეველი ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების დაცვისათვის. აქედან გამომდინარე, კომისიას აქვს კომპეტენცია, განიხილოს მომხმარებლებთან ანგარიშსწორების დამაბნეველი საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, იმის მიუხედავად, თუ ვის აქვს საკუთრებითი უფლება აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომრების მონაცემთა ბაზაზე. ამრიგად, კომისია მიიჩნევს, რომ ერთობლივი საჩივარი უნდა იქნეს  მიღებული განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც  შეეხება შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტთა ანგარიშსწორებისთვის დამაბნეველი საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებას.

ერთობლივ საჩივარში ასევე მოთხოვნილია სს „სილქნეტს“  დაეკისროს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მან შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ აბონენტებს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“ მათსავე საკუთრებაში არსებული სატელევიზიო მოდემების თაობაზე და მოუწოდა, არ დაუბრუნებინათ მოდემები აღნიშნული კომპანიებისთვის.

როგორც აღინიშნა, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება მომხმარებლების უფლებების, მათ შორის, ზუსტ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევის საკითხის განხილვა. ამავდროულად, კომისიის კომპეტენცია ვრცელდება მომხმარებლებისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც უკავშირდება/არსებით გავლენას ახდენს მათთვის ხარისხიანი საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე. განსახილველ შემთხვევაში საჩივარში მითითებული შესაძლო მცდარი ინფორმაცია უკავშირდება მომხმარებლებთან განთავსებული ტექნიკური აპარატურის მესაკუთრის ვინაობას. ამ საკითხზე დავა არსებითად აღნიშნულ ტექნიკურ აპარატურაზე ქონებრივი დავის იდენტურია. საჩივარში მითითებული შესაძლოდ მცდარი ინფორმაციის მიწოდება უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს მომხმარებლებისთვის გაწეული საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხზე და მომსახურების გაწევის პირობებზე. ამ ინფორმაციამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ტექნიკური მოწყობილობების მესაკუთრის ქონებრივ ინტერესებზე, რაც, როგორც აღინიშნა,  შესაძლებელია,  დაცული იყოს  სამოქალაქო წესით და არა კომისიისათვის საჩივრით მიმართვის გზით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთობლივი საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტებისათვის ტექნიკური აპარატურის მესაკუთრის თაობაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებას.

ერთობლივ საჩივარში ასევე მოთხოვნილია, რომ სს „სილქნეტს“, როგორც ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს, დაეკისროს პასუხისმგებლობა მისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევისათვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად“.

დასახელებული ნორმის მიზანია, კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილოს შესაბამისი წარმოების გზით და ამისათვის საჭირო სპეციფიკური ბაზრის პარამეტრების შესწავლის კვალდაკვალ. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა კომისიას აღჭურავს უფლებამოსილებით, არ იმსჯელოს კონკურენციის უზრუნველმყოფ და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთხელ უკვე მიღებულია გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს კომისიის უფლებამოსილებას, უშუალოდ  საჩივრის განხილვის  პროცესში მოაქციოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28 მუხლის შესაბამისი პროცედურები, იმ შემთხვევაში, თუ უკვე დადგენილია   საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი წინაპირობები არ არსებობს და სს „სილქნეტის“ მიერ მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების საკითხი უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებლად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, ერთობლივი საჩივარი მოთხოვნის ამ ნაწილში არ განიხილება და ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ბ) შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი 

როგორც აღინიშნა, შპს „სერვისბოქსი“ ითხოვს შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ დაეკისროთ პასუხისმგებლობა შპს „სერვისბოქსის“ აბონენტებისთვის სათანადო ინფორმირების გარეშე მომსახურების მიმწოდებლის შეცვლისთვის, აგრეთვე მათთვის განზრახ ტექნიკური ხარვეზების შექმნისთვის, რათა გაუარესდეს შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული  ინტერნეტტელევიზიის მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, შპს „სერვისბოქსი“ ითხოვს, დაეკისროს პასუხისმგებლობა  შპს  „სისტემ ნეტს“  შპს„სერვისბოქსის“ მიმართ კონკურენციის შემზღუდველი მოქმედებების განხორციელებისთვის, რაც, მისი მტკიცებით, შპს „სერვისბოქსისთვის“ ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტაში გამოიხატა.

როგორც აღინიშნა, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციის, ისევე როგორც მომხმარებლების   უფლებების   დაცვის   საკითხები.   ამასთან,   შპს   „სერვისბოქსი“,  შპს„ახტელი“, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „სისტემ ნეტი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები არიან. შპს „სერვისბოქსის“ საჩივარში დასახელებული საკითხები უკავშირდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის კეთილსინდისიერ კონკურენციას, მომხმარებლებისათვის მომსახურების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვა მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციებს და იგი მიღებული უნდა იქნეს განსახილველად.

3.  დავის განხილვის დღის დანიშვნა

კომისია მიიჩნევს, რომ   წინამდებარე დავის მაქსიმალურად სწრაფად განხილვა და გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის, აგრეთვე - მომხმარებლების ინტერესების დაცვისათვის. შესაბამისად, დავის განხილვის დღედ დაინიშნოს 2020 წლის 11 ივნისი. ამასთან, დავის განხილვასთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად გამორკვევის მიზნით მხარეებს ეთხოვოთ, წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებები 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

III.   სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2003   წლის   27 ივნისის  №1  დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „სერვისბოქსის“ შუამდგომლობა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის ცალკე გამოყოფის, კომისიის 2020 წლის 4 ივნისის მოსამზადებელი სხდომის არსებით განხილვად გადაზრდისა და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების ამავე სხდომაზე მიღების თაობაზე.

2. შპს  „სერვისბოქსის“  და  სს  „სილქნეტის“  მიმართ  შპს  „ახალ  ქსელების“,  შპს„ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივარი (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად საჩივრის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) შპს „სერვისბოქსისათვის“ მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ბ) შპს „სერვისბოქსისა“ და სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტთა ანგარიშსწორებისთვის დამაბნეველი საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებას.

3. შპს „სერვისბოქსის“  და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“,  შპს„ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივ საჩივარზე (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტებისათვის ტექნიკური აპარატურის მესაკუთრის თაობაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) სს „სილქნეტის“ მიერ მისთვის, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.

4. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020)  მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.

5. შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს" და შპს „სისტემნეტს“ შორის, და შპს „ახალი ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „სერვისბოქსს" და სს „სილქნეტს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 11 ივნისს, 15:00 საათზე.

6.   შპს    „ახალ ქსელებს“,    შპს    „ახტელს,    შპს    „საქართველოს    ცენტრალური კავშირგაბმულობის   კორპორაციას, შპს „სისტემნეტს“, შპს „სერვისბოქსს" და სს„სილქნეტს“ ეთხოვოთ წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრება 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით;

7.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

9.  გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები