წვდომის მენიუ

სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 501

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2020 15:18

მიღების თარიღი ივნისი 11, 2020

სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (Nშ-20-9/2729; 25.05.2020) მიმართა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დაზღვევა ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის და დანაზოგების წახალისების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2019 წლის 12 სექტემბერს, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის - ზღვარის ოდენობის 5000 ლარიდან 15000 ლარამდე გაზრდის თაობაზე, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის პირველი ივლისიდან. ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით სსიპ  ,,დეპოზიტების დაზღვევის  სააგენტომ“  დაამზადა  საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, სადაც აღწერილია, რომ ზღვრის ოდენობა იზრდება. მიმდინარე წლის 8 მაისს მაუწყებლებს, კერძოდ: სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანია ,,იმედს", შპს ,,ტელეკომპანია პირველს", ტელეკომპანია „კავკასიას“ და ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გაეგზავნათ წერილი და ეთხოვათ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ, დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის გაზრდის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი განეთავსებინათ სამაუწყებლო ბადეში, როგორც სოციალური რეკლამა, ვინაიდან იგი სრულად შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სოციალური რეკლამის განმარტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ,,მთავარი არხის“ გარდა ყველა ტელეკომპანიამ აცნობათ, რომ ვიდეორგოლი არის სოციალური რეკლამა და მას განათავსებდნენ სამაუწყებლო ბადეში, უსასყიდლოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ფაქტობრივად ანალოგიური შინაარსის ვიდეორგოლის   სოციალური   რეკლამის   სტატუსით   ეთერში   განთავსების   თაობაზე არსებულ დავაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებული იქნა №683/16 გადაწყვეტილება. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს, რომ კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, გადაწყვიტოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ტელეკომპანია „მთავარ არხს“ შორის არსებული შეუთახმებლობა, არის თუ არა მათ მიერ დამზადებული ვიდეორგოლი სოციალური რეკლამა და ვალდებული არის თუ არა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ განათავსოს იგი სამაუწყებლო ბადეში უსასყიდლოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (№20-10-1143, 02.06.2020) შესაბამისად, ვიდეორგოლი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის თაობაზე,  რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და დანაზოგების წახალისებას, ხოლო დანაზოგების წახალისება ემსახურება პირადი ფინანსების გონივრულად მართვას და მოულოდნელი ფინანსური სირთულეების მოგვარებას სესხის აღების გარეშე. ვიდეორგოლი ეხება მიმდინარე, კონკრეტულ პროცესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი მიმართულია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, საზოგადოებრივი სიკეთისა და საზოგადოების   ქცევის   პოზიტიური   თვალსაზრისით   შეცვლისკენ.  იმისათვის, რომ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობა იყოს  უზრუნველყოფილი,  სსიპ

,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი უნდა დაკორექტირდეს, კერძოდ,    ვიდეორგოლიდან    ამოღებულ    იქნეს    მითითება    სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვებგვერდის მისამართზე.   აღნიშნული დასკვნის თანახმად, დეპარტამენტმა გამოიკვლია პპპ ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადე 25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, რის თაობაზეც აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. პპპ  ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ ეთერში განთავსებულია ორი სოციალური რეკლამა, ერთი 81 წამიანი და მეორე 40 წამიანი. აღნიშნული რეკლამები ეთერში გადის საშუალოდ სამ-სამჯერ. შპს ,,მთავარი არხი“ მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ სოციალური რეკლამისთვის კანონით გათვალისწინებული 90  წამიანი ლიმიტი დღის განმავლობაში მაუწყებელს შევსებული არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაუწყებელს ვალდებულება აქვს ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა გამოყოს სოციალური რეკლამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში არის იმის რესურსი, რომ სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი 29 წამიანი ვიდეორგოლი დღეში რამდენჯერმე განთავსდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვა   დაინიშნა 2020 წლის 4 ივნისს, რომელიც, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის  მიზნით, გადაიდო ერთი კვირით და დაინიშნა 11 ივნისს. კომისიის 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე, სსიპ ,,დეპოზიტის დაზღვევის სააგენტოს“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შპს ,,მთავარ არხთან“ შედგა შეთანხმება ვიდეოკლიპის, საიდანაც ამოღებულ   იქნებოდა   სსიპ   ,,დეპოზიტების   დაზღვევის   სააგენტოს“      ვებგვერდზე მითითება, სოციალური რეკლამის სახით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე და შესაბამისად, არ არსებობდა დავა მხარეებს შორის.

II.   კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადება (№შ-6/6114-18; 25.05.2020) თანდართული მასალით (სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ 2020 წლის 8 მაისის №1/9 წერილი შპს ,,მთავარ არხს“; შპს ,,მთავარი არხის“ 2020 წლის 14 მაისის № 0134-20 საპასუხო წერილი;  ვიდეორგოლი).

2.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (№20-10-1143, 02.06.2020).

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი ფაქტები

1. 2020 წლის 8 მაისს, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ“ შპს ,,მთავარ არხს“ მიმართა წერილობით, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში პირველი ივლისიდან, კომერციულ ბანკებში არსებული ფიზიკური პირების ყველა სახის დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის ოდენობა გაიზრდება 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ“ დაამზადა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, რომელიც ემსახურება აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ვინაიდან სააგენტოს მიერ დამზადებული ვიდეორგოლი სრულად შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სააგენტო ითხოვდა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი, როგორც სოციალური რეკლამა, განთავსებულიყო სამაუწყებლო ბადეში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მტკიცებულება:  სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ 2020 წლის 8 მაისის №1/9 წერილი შპს ,,მთავარ არხს“.

2.  შპს  ,,მთავარი  არხის“  2020  წლის  14  მაისის  №  0134-20  საპასუხო  წერილით  სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ უარი ეთქვა მის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაზე, ვინაიდან, ვიდეორგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. შპს ,,მთავარი არხის“ განმარტებით, ვიდეორგოლი ემსახურება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქმიანობისა და მისი ფუნქციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის რეკლამირებას. ამასთან, ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, პანდემიის გამო, შპს ,,მთავარი არხის“ საეთერო ბადე სრულად შევსებულია COVID 19-თან დაკავშირებული სოციალური რეკლამებით და მოკლებული არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობისა და ფუნქციის ამსახველი რეკლამის განთავსებაზე. შპს ,,მთავარი არხის“ განმარტებით, ვინაიდან, კანონით დადგენილი დეფინიციის მიხედვით, კერძო მაუწყებლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ადმინისტრაციულ ორგანოებს მოემსახურონ მათი საქმიანობის, ფუნქციების აღმწერელი საქმიანობის რეკლამირებაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს შემდეგი სახით: ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით    განსაზღვრული    დროის    ხანგრძლივობის    მინიმალური    ზღვრის    მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ვიდეორგოლი,     რომელშიც     მოცემულია     შემდეგი     შინაარსის     აუდიო     ტექსტი:

„საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა სახის ანგარიში ნებისმიერ კომერციულ ბანკში. 2020 წლის 1 ივლისიდან თითოეული ბანკისთვის დაზღვეული თანხის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარიდან 15000 ლარამდე იზრდება. დეპოზიტები დაზღვეულია ავტომატურად, დამატებითი ხარჯების გარეშე. თქვენი დეპოზიტები დაზღვეულია, ახლა უკვე 15 000 ლარამდე. “

ვიდეორგოლის დასაწყისში და ბოლოს მოცემულია მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე“ და მის ლოგოზე, ასევე, მოცემულია სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“  ვებ-გვერდი www.diagency.ge და ტელეფონის ნომერი: 2296736.

4. შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ეთერში განთავსებულია ორი სოციალური რეკლამა - 81 წამიანი და 40 წამიანი. აღნიშნული რეკლამები ეთერში გადის საშუალოდ სამ-სამჯერ. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,მთავარი არხი“ მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში, სოციალური რეკლამისთვის კანონით გათვალისწინებული (3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა)  დრო  დღის  განმავლობაში  მაუწყებელს  შევსებული  არ  აქვს.  შესაბამისად,  შპს ,,მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში არის იმის რესურსი, რომ სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“    მიერ    წარმოდგენილი    29    წამიანი    ვიდეორგოლი    დღეში რამდენჯერმე განთავსდეს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№20-10-1143, 02.06.2020).

5. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ და შპს ,,მთავარ არხს“ შორის შედგა შეთანხმება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარდგენილი ვიდეოკლიპის, საიდანაც ამოღებულ იქნებოდა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“    ვებგვერდზე მითითება, სოციალური რეკლამის სახით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა  არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ     საკუთარ    ან    დამოუკიდებელ    პროგრამასთან    დაკავშირებით    გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ    ადმინისტრაციული    ორგანო    არის    შემსყიდველი    ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 22  პუნქტის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან  10 დღის  ვადაში,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით დადგენილი წესით.

7. კომისიის     2003     წლის     27     ივნისის     N1 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი     წესების“     451 მუხლის     მე-3     პუნქტის   შესაბამისად,  მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე  მხარე  უფლებამოსილია  ცნოს  განმცხადებლის/საჩივრის  ავტორის  მოთხოვნა.  ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ და შპს ,,მთავარ არხს“ შორის შედგა მორიგება  სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარდგენილი ვიდეოკლიპის, საიდანაც ამოღებულ იქნებოდა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“     ვებგვერდზე მითითება, სოციალური რეკლამის სახით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე და   შესაბამისად, მათ შორის დავა არ არსებობს, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ნაწილობრივ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის თაობაზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი მიზნად ისახავს, საქართველოში პირველი ივლისიდან, ნებისმიერ კომერციულ ბანკში არსებული ფიზიკური პირების ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის ოდენობის 5000 ლარიდან 15000 ლარამდე ავტომატურად გაზრდის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და დანაზოგების წახალისებას, ხოლო    დანაზოგების    წახალისება    ემსახურება    პირადი    ფინანსების გონივრულად მართვას და მოულოდნელი ფინანსური სირთულეების მოგვარებას სესხის აღების გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ  წარმოდგენილი  ვიდეორგოლი მიმართულია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, საზოგადოებრივი სიკეთისა და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისკენ.

კომისია აღნიშნავს,  რომ ვიდეორგოლის დასაწყისში და ბოლოს ხდება მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ლოგოზე, ვებ-გვერდზე - www.diagency.ge და ტელეფონის ნომერზე: 2296736. კომისია აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლი ამ ნაწილში არ არის სრულ შესაბამისობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან,  კერძოდ,  შეიცავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომსახურების რეკლამის ნიშნებს. შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლიდან  ამოღებულ უნდა იქნეს მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვებ-გვერდის მისამართზე.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, 661  მუხლის მე-2 პუნქტის, 22  პუნქტის, კომისიის    2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით    დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს  სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2.  წინამდებარე  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის  სსიპ ,,დეპოზიტების  დაზღვევის  სააგენტოსთვის”  და  შპს  ,,მთავარი  არხისთვის“  ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64), მისი დამოწმებული     ასლის     სსიპ     ,,დეპოზიტების     დაზღვევის სააგენტოსთვის” და შპს ,,მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4.    დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    აღნიშნული    გადაწყვეტილების სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის” და შპს ,,მთავარი არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები