შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2020 13:17
მიღების თარიღი ივლისი 16, 2020
შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომი „კომისია“) შემოსულია შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება N422/20 16.06.2020 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020), სადაც აღნიშნულია რომ 2020 წლის 26 აპრილს კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა შპს„ვიონი საქართველოს“ ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზებისა და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS დასრულების მომსახურების შესახებ მოწვევის ოფერტა (შემდგომში „ოფერტა“).
შპს„ვიონი საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანიამ დააგზავნა წერილი ყველა ავტორიზებულ პირთან და მოითხოვა განახლებულ ურთიერთჩართვის ოფერტაზე აქცეპტი, რაზეც ავტორიზებული პირების დიდი ნაწილის მიერ გამოთქმული იქნა თანხმობა შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ შეთავაზებულ ოფერტაზე და ტარიფებზე (განცხადებასთან ერთად, კომისიაში წარმოდგენილ იქნა რამოდენიმე ავტორიზებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები). რაც შეეხება შპს„მაგთიკომს“ და სს„სილქნეტს“, შეთავაზებულ ოფერტაზე აქცეპტი არ განუცხადებიათ და არც წერილობით მოუწოდებიათ შენიშვნები და კომენტარები. შესაბამისად, შპს„ვიონი საქართველოს“ მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირები, რომლებმაც გამოხატეს თანხმობა შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაზე და ტარიფებზე, შპს„მაგთიკომისა“ და სს„სილქნეტის“ მიერ შპს„ვიონი საქართველოს“ ოფერტასა და ტარიფებზე თანხმობის გამოუცხადებლობის გამო, 1 ივლისიდან აღმოჩნდებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან მათგან განსხვავებით, შპს„მაგთიკომსა“ და სს„სილქნეტს“ საშუალება ექნებათ უფასოდ განახორციელონ შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულება.
შესაბამისად, შპს„ვიონი საქართველო“ ცალსახად თვლის, რომ ორივე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მხრიდან სახეზეა ქმედება, რომლის მიზანიცაა მაქსიმალურად გაწელონ დრო და უფასოდ ისარგებლონ შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული SMS-ის დასრულების მომახურებით, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს შპს „ვიონი საქართველოს“ ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ვიონი საქართველო“ ითხოვს, კომისიამ გასცეს თანხმობა, რაც შპს„ვიონი საქართველოს“ მისცემს საშუალებას შეზღუდოს შპს„მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ ქსელიდან შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულება. აღნიშნული საშუალებას მისცემს შპს„ვიონი საქართველოს“, ისარგებლოს მისი კანონიერი უფლებით და შემოსავალი მიიღოს მის ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულების მომსახურებიდან.
შპს„ვიონი საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია დააფიქსირეს სს„სილქნეტმა“ (წერილიNშ-20-6/3515 07.07.2020) და შპს„მაგთიკომმა“ (Nშ-20-6/3492 06.07.2020).
სს„სილქნეტი“ Nშ-20-6/3515 07.07.2020 წერილით თანხმობას აცხადებს შპს„ვიონი საქართველოს“ ოფერტის პირობებზე და ითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას. თავის მხრივ, სს„სილქნეტი“ სთხოვს შპს„ვიონი საქართველოს“, მოახდინოს სს„სილქნეტის“ ურთიერთჩართვის მოწვევის ოფერტის აქცეპტი.
შპს„მაგთიკომი“ Nშ-20-6/3492 06.07.2020 წერილით აღნიშნავს, რომ შპს„ვიონი საქართველოსთან“ შეთანხმება მიღწეულია არასტანდარტულ სახის SMS-ის დასრულების მომსახურების არსებით პირობებზე, გარდა ასეთი პირობების ამოქმედების თარიღისა. შპს„მაგთიკომი“ ამავე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ოფერტის გამოუქვეყნებლობა, ვინაიდან კომისიასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება ოფერტის პირობებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 16 ივლისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-08/2242 13.07.2020; Nგ-20-08/2244 13.07.2020; Nგ-20-08/2243 13.07.2020) ეცნობათ შპს,,ვიონი საქართველოს“, სს,,სილქნეტს“ და შპს„მაგთიკომს“.
კომისიის 2020 წლის 16 ივლისის მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ შპს„ვიონი საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ესართია, სს„სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, შპს„მაგთიკომის“ კონსულტანტი ლევან გიორგაძე, შპს„მაგთიკომის“ ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ დავითაშვილი.
სხდომაზე მოისმინეს:
სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე იმედაძის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს„ვიონი საქართველომ“ მომართა კომისიას განცხადებით და მოითხოვა მის ქსელში არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვა შპს„მაგთიკომისა“ და სს„სილქნეტისათვის“. ე. იმედაძემ აღნიშნა, რომ განახლებული ოფერტა, რომელიც ასევე მოიცავს არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით საბითუმო მომსახურებასაც, ოპერატორებთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, შეთანხმებული და გამოქვეყნებული იქნა კომისიის ვებ გვერდზე. კერძოდ ეს ეხება შპს„ვიონი საქართველოს“ და სს„სილქნეტს“. ხოლო, რაც შეეხება შპს„მაგთიკომს“, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის მიუხედავად, შეთანხმება ამ ეტაპამდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან პრობლებას წარმოადგენს შპს„მაგთიკომის“ მხრიდან აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფის გაანგარიშების კონკრეტული მეთოდოლოგიის ოფერტაში ასახვა.
აზრი გამოთქვეს:
კ.ბექაურმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა,რომ დაახლოებით სამ თვეზე მეტი ხნის წინ, კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება კომერციულ, სარეკლამო, არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებებთან დაკავშირებით. ამით კომისიამ აღნიშნული მომსახურება ფაქტიურად გამოყო ცალკე ბაზრად და მისცა ავტორიზებულ პირებს საშუალება, დაეწესებინათ ჩვეულებრივი, სამომხმარებლო SMS შეტყობინებებისგან განსხვავებული ტარიფები. ამ ნაბიჯს უნდა მოჰყოლოდა ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარება, ვინაიდან საქართველოში არის ამის შესაძლებლობები და პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ სამი თვეზე მეტი გავიდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან, მას უნდა მოჰყოლოდა მსხვილი ოპერატორების მხრიდან ოფერტის გამოქვეყნება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე სხვა ავტორიზებულ პირებთან. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მსხვილ ოპერატორს დღემდე არ აქვს ოფერტა გამოქვეყნებული, მაშინ, როდესაც ამავე ბაზარზე მომუშავე ორი სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიას, ოფერტა გამოქვეყნებული აქვს. ბაზარზე სულ სამი ოპერატორია, რომლებიც პრაქტიკულად ყველა აბონენტს მოიცავენ - შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“. იმ ორი კომპანიიდან, რომელმაც ოფერტა გამოაქვეყნა, ერთმა - შპს „ვიონი საქართველომ“ საჩივარი შემოიტანა კომისიაში და ითხოვს კომისიისგან ნებართვას, შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე. კ. ბექაურმა მოითხოვა ახსნა-განმარტება კომპანიებისაგან, რა იყო ამის მიზეზი.
ი.ესართიამ, შპს„ვიონი საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ავტორიზებულ პირთან, რომლებმაც შპს„ვიონი საქართველოსთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა, ხელშეკრულებები გაფორმებულია. ეს ხელშეკრულებები ძალაში უნდა შესულიყო 2020 წლის პირველი ივლისიდან, მაგრამ იმის გამო, რომ სს„სილქნეტმა“ და შპს„მაგთიკომმა“ არ განაცხადეს თანხმობა შპს„ვიონი საქართველოს ოფერტაზე პირველი ივნისისთვის და ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ის ოპერატორები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, დისკრიმინაციულ სიტუაციაში ვარდებოდნენ, რადგანაც პირველი ივლისიდან არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის მოუწევდათ თანხის გადახდა. შპს „ვიონი საქართველო“ იძულებული გახდა იმ ავტორიზებული პირებისთვის, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, გაეგზავნა შეტყობინება, რომ შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილნქტთან“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების შეზღუდვამდე არ დაერიცხებოდათ საზღაური, ვინაიდან აღმოჩნდებოდნენ დისკრიმინაციულ სიტუაციაში, ხოლო შპს „ვიონი საქართველო“ დაარღვევდა კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე კომპანია კარგავს შემოსავლებს, რომლის მიღების ლეგიტიმური უფლება გააჩნია.
ი.ესართიამ სს„სილნქტთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეთანხმების პროცესშია ოფერტის პირობები, რაზეც მხარეებმა უკვე თანხმობა განაცხადეს. სს „სილქნეტისგან“ შპს „ვიონი საქართველომ“ მიიღო შეტყობინება, რომ მხარე მზად არის ოფერტა ძალაში შევიდეს 2020 წლის პირველი აგვისტოდან. შპს „ვიონი საქართველო“ პრობლემას ვერ ხედავს, რომ ოფერტა ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდეს, თუმცა იმის გამო, რომ კომპანია კარგავს შემოსავლებს იმ ავტორიზებული პირებიდან, რომლებთანაც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, კომპანიის მოთხოვნაა, რომ პირველ აგვისტომდე სს „სილნქტთან“ შეჩერდეს ლოკალური და საერთაშორისო არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულება. სს„სილქნეტი“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების საფასურს ადგენს პირველი აგვისტოდან, შპს„ვიონი საქართველოს“ კი ფასი დადგენილი აქვს პირველი ივლისიდან. აქედან გამომდინარე შპს„ვიონი საქართველო“ მიიჩნევს, რომ სს„სილქნეტიდან“ აღნიშნულ მომსახურებაზე ქსელში დასრულების სერვისი პირველ აგვისტომდე უნდა იყოს შეზღუდული.
ი. ესართიამ შპს„მაგთიკომთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ შპს„ვიონი საქართველოს“ მისგან არც წერილი მიუღია, არც რაიმე კომუნიკაცია ყოფილა და არც მოლაპარაკებები გამართულა აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ კომპანიასთან უნდა შეიზღუდოს არასტანდარტული მოკლე ტექსტური SMS შეტყობინებების შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში დასრულება.
ნ.ნიჟარაძემ, სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სს „სილქნეტს“ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ უარი არ უთქვამს ოფერტაზე აქცეპტის გაკეთებაზე. სს „სილქნეტის“ ოფერტა გამოქვეყნდა 7 ივლისს, მანამდე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა კომისიასთან. მუშაობის პროცესი დროში გახანგრძლივდა, რამაც გამოიწვია ოფერტის გამოქვეყნების დაგვიანება. მომსახურების თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არ მიაჩნია, რომ არის საფუძველი იმისა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებამდე მივიდეს საქმე. ასეთი რამ არასდროს ყოფილა და იმედოვნებს, რომ არც იქნება. როდესაც გაიმართება საკითხის არსებითი განხილვა, ოფერტის პირობების ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება იქნება მიღწეული რადიკალური ნაბიჯების გარეშე. მისი შუამდგომლობაა, რომ ეს საკითხი მოსამზადებელი სხდომის ფორმატში არ იყოს განხილული და არსებით სხდომამდე კი გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნება.
ლ.გიორგაძემ, შპს„მაგთიკომის“ კონსულტანტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მაგთიკომის მიერ ოფერტის გამოუქვეყნებლობას აქვს გარკვეული მიზეზები, კერძოდ კომისია არ ეთანხმება ოფერტაში არსებულ ფორმულირებას. შპს„მაგთიკომა“ რომ ე.წ. Retail Minus მეთოდოლოგია ჩაწეროს თავის მოწვევის ოფერტაში, მისი საცალო ტარიფებიდან გამომდინარე, ციფრი, რასაც ამ მეთოდოლოგიით დათვლით იღებს, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ზეპირსიტყვიერად შპს „ვიონი საქართველოსთან“ და სს „სილქნეტთან“ არის ბაზარზე შეთანხმებული. ლოკალურ შეტყობინებებზე უფრო დაბალი ტარიფია შეთანხმებული ოპერატორებს შორის, ვიდრე ე.წ. Retail Minus მეთოდოლოგიით გაანგარიშემისას გამოდის. ამით გამოვა, რომ შპს „მაგთიკომმა“ უფრო მაღალი ტარიფი უნდა დაადგინოს ლოკალურ SMS-ებზე. მისი აზრით შეიქმნა რაღაც ჩაკეტილი წრის მსგავსი. თუ შპს „მაგთიკომი“ ჩაწერს იმავე პრინციპს, რაც ორი სხვა ოპერატორის შემთხვევაში კომისიისთვის მისაღები აღმოჩნდა, ბაზარს უნდა შესთავაზოს შეთანხმებულ ტარიფზე უფრო მაღალი ტარიფი. თუ ოფერტაში კონკრეტული მეთოდოლოგია არ ჩაიწერება, კომპანია მზადაა ასახოს კონკრეტული ციფრი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე არის ბაზარზე შეთანხმებული. მათ ვერ შეარჩიეს ისეთი ფორმულირება, რომელიც კომისიისთვისაც მისაღები იქნება და შპს„მაგთიკომისთვისაც“, რათა არ გამოვიდეს კომისიის რომელიმე გადაწყვეტილების ან პრინციპის დარღვევა. მხარეები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მუშაობენ კონკრეტულ ფორმულირებაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ ის, რომ შპს „მაგთიკომი“ რაიმეს არ ასრულება ან არ აქვეყნებს, არასწორია. მოწვევის ოფერტა ორჯერ არის კომისიაში წარმოდგენილი და ბოლოს წარმოდგენილ მოწვევის ოფერტაზე წერილობითი პასუხიც არ აქვთ მიღებული. მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მართლაც ძალიან ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე ქალბატონი ეკა იმედაძე და ბატონი ნიკოლოზ დავითაშვილი, რათა კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერებულიყვნენ.
კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ გასაგებია ბატონი ლევანის ინფორმაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ყოველმხრივ და ამ გარემოების გართულებასა თუ შერბილებაზე დროის დაკარგვა არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შპს „მაგთიკომისათვის“ ცნობილია, რომ კომისიისგან, ასევე იყო შეთავაზება, რომ შესაძლებელია ოფერტაში არ ჩაწეროს ე.წ. Retail Minus მეთოდოლოგია, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითოს რომელიმე მეთოდოლოგია, რომლითაც განსაზღვრავდა საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობას. შპს„მაგთიკომს“, როგორც კომერციულ ორგანიზაციას, ფასწარმოქმნის უფლება აქვს და საბითუმო ფასი შეუძლია განსაზღვროს აბსოლუტურ მნიშვნელობაში იმდენი, რამდენიც სურს, მაგრამ კომისია როგორც სხვა ორი კომპანიის შემთხვევაში, ისე შპს „მაგთიკომის“ შემთხვევაში ითხოვდა, რომ რომელიმე მეთოდოლოგია აესახა ოფერტაში, რაც იძლევა საშუალებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ოპერატორებისთვის ბაზარი იყოს განჭვრეტადი, თუ როგორ მიუდგება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი კომერციული მოლაპარაკებების დროს საბითუმო და საცალო ფასების ფასწარმოქმნას, კონკრეტული სახელშეკრულებო პირობების შეთავაზებისას. კომისია ითხოვდა არა იმ მეთოდოლოგიის მითითებას, რაც ორ სხვა ოპერატორს აქვს, არამედ მსოფლიოში აპრობირებული ნებისმიერი ერთი მეთოდოლოგიის ჩაწერას.
ნ.დავითაშვილმა, შპს„მაგთიკომის“ ტექნიკურმა დირექტორმა, რომელმაც პირველ რიგში სურს დაადასტუროს, რომ ქალბატონ ე. იმედაძესთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა ჰქონდათ ამ პერიოდში და ძალიან ბევრი მიმართულება განიხილეს. რაც შეეხება ე.წ. Retail Minus მეთოდოლოგიას, მან აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, გავლილი იყო სხვადასხვა მეთოდოლოგია, თუმცა ყველა მეთოდოლოგიის შემთხვევაში დგებოდნენ იმ პრობლემის წინაშე, რომელიც კომპანიის წარმომადგენელმა, ლ. გიორგაძემ დაასახელა.
კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ საერთო სურათი გასაგებია, თუმცა აქამდე განხილული არცერთი საკითხი წარმოდგენილ საჩივარს პირდაპირ არ ეხება. მან მოუწოდა გამომსვლელებს, რომ დაკონცენტრირდნენ საჩივარში დასმულ საკითხზე, რომელიც ურთიერთჩართვის შეზღუდვის მოთხოვნას ეხება. მოსამზადებელ სხდომაზე უნდა დაფიქსირდეს, დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა სჭირდება თუ არა კომისიას;
ე.იმედაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტს საკმარისი ინფორმაცია აქვს საკითხის არსებითად განსახილველად. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ სს„სილქნეტის წარმომადგენელ ბატონ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან კომუნიკაციის დროს აღინიშნა, რომ თუ შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში შეიზღუდება არასტანდარტული SMS-ების დასრულება, ეს შეზღუდვა შეიძლება იყოს დამაზიანებელი გარკვეული საინფორმაციო SMS-ების, სახელმწიფოს ან ბანკების მიერ დაგზავნილი SMS-ების შემთხვევაშიც.
კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ ეს არსებით სხდომაზე განსახილველი საკითხია. დარწმუნებულია, რომ თუ შეზღუდვაზე თანხმობა გასცა კომისიამ, შპს „ვიონი საქართველო“ გადააწყობს მომსახურებას ისე, რომ პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმოს აღნიშნულ კომპანიებთან, რათა მნიშვნელოვანი საინფორმაციო SMS -ები არ შეფერხდეს და გამოძებნოს შესაბამისი მექანიზმი.
ი.ესართიამ დაადასტურა, რომ ნამდვილად ასეა და დაამატა, რომ წარმოადგენს აბონენტების რაოდენობას, რომლებსაც შეიძლება გარკვეული პრობლემა შეექმნას. ეს არის შპს„მაგთიკომიდან“ და სს„სილქნეტიდან“ შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში პორტირებული აბონენტები.
კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ყოველივე მოგვარებადია, იდენტიფიცირებადია, თუმცა გარკვეული შრომის გაწევა იქნება საჭირო. თუ კომისიამ Bulk SMS-ების დასრულების ურთიერთჩართვის შეზღუდვაზე თანხმობა განაცხადა, კომისია უნდა იყოს დარწმუნებული, რომ საინფორმაციო Bulk SMS-ების პრობლემა არ შეექმნება არცერთ აბონენტს და დაცული იქნება მომხმარებლის ინტერესი.
ვ.აბაშიძემ, კომისიის წევრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიისთვის, როგორც მარეგულირებელი ორგანისთვის, სიტუაცია ნათელია. არსებობს ორი თეორიული შანსი - არსებითი სხდომისთვის გარკვეული საკითხები შეჯერდეს და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ პრობლემა ავტორიზებულმა პირებმა მით უფრო, რომ მათ მიერ წამოწყებულია Bulk SMS-ების დარეგულირების თემა და, მეორე - თუ ვერ შეძლეს შეთანხმება და კომისიას მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება რეალურად ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. მეორე გზამ შეიძლება მიიყვანოს ავტორიზებული პირები პოტენციური შემოსავლების დაკარგვამდე. რამდენად საინტერესოა ავტორიზებული პირებისთვის შექმნილი ბაზრის სეგმენტიდან ფაქტიურად რეალური შემოსავლები დაიკარგოს?! ეს არის შექმნილი შესაძლებლობა, როგორიც იყო თავის დროზე საერთაშორისო ზარების დასრულებაზე შექმნილი რეგულაცია, რამაც ქვეყანაში და კომპანიაში ვალუტის შემოდინების წყარო გააჩინა. ამ შემთხვევაში სურათი ბევრად ნათელია და მისი თხოვნაა, რომ კომპანიებმა აირჩიონ, რა გზით წავლენ.
მ.ქათამაძემ, კომისიის წევრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ახალი სეგმენტი ბაზარზე, რომელიც როგორც დიდ, ისე მცირე ბიზნესის ოპერატორებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უჩენს. ამ სეგმენტის შემოღების ინიციატორები არიან თავად ავტორიზებული პირები, რასაც კომისია დაეთანხმა. რამდენადაც განმარტებიდან გაიგო, შპს „მაგთიკომი“ ვერ პოულობს ისეთ მეთოდს, რომლითაც დაადგენდა ტარიფს და დააფიქსირებდა ოფერტაში. შესაძლოა შპს „მაგთიკომისთვის“ დღეს მისაღებია ფიქსირებულად ტარიფის ჩაწერა, რაც ამ ტარიფის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ თუ იქნება მეთოდოლოგია, მაშინ მეთოდოლოგიით უნდა დაითვალოს და ეს არ იქნება მხოლოდ კომპანიის მიერ საკუთარი მოსაზრებით მიღებული გადაწყვეტილება. კომპანიის მოსაზრება უნდა დაეფუძნოს გარკვეულ მეთოდოლოგიას.
კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ თუ კომისიას არსებითი განხილვისთვის დამატებით დოკუმენტაცია არ სჭირდება და ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას, მისი წინადადებაა, რომ დასრულდეს მოსამზადებელი სხდომა და საკითხის არსებითი განხილვა ჩაინიშნოს მომდევნო ხუთშაბათს, 2020 წლის 23 ივლისს. შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების, ასევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს„ვიონი საქართველოს“, სს,,სილქნეტის“, შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
4. კომისია განმარტავს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების მობილურ ქსელში დასრულების მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტი მიმდინარე ეტაპზე რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შეუძლიათ მიაწოდონ ასეთი მომსახურება სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით; საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში მოკლე ტექსტური შეტყობინების ნებისმიერი მიზნითა თუ დანიშნულებით გაგზავნისას, ოპერატორების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, განურჩევლად გამოყენებული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა. ამდენად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საკუთარ ქსელში დასრულების მომსახურების მიწოდება წარმოადგენს ურთერთჩართვის განუყოფელ ნაწილს, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ვიონი საქართველო“, სს ,,სილქნეტი“ და შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების პირობებსან და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს„მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე შპს,,ვიონი საქართველოს“ Nშ-20-6-/3146 17.06.2020 განცხადების განხილვა გაიმართოს 2020 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე;
2. საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს „ვიონი საქართველოს“, სს,,სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ 2020 წლის16 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
