შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან (№შ-20-6/4151, 13.08.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2020 16:51
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020
შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან (№შ-20-6/4151, 13.08.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) საჩივრით (№შ-20-6/4151, 13.08.2020) მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“. საჩივარში მითითებულია, რომ 2020 წ. 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.
2. კომისიამ 2020 წლის 20 აგვისტოს № გ-20-16/632 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) განსახილველად მიიღო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებლის ეთერში კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3. საჩივრის თანახმად, სადავო გადაცემაში გამოყენებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, ამავე მაუწყებლის გადაცემა „ახალი დღის“ ლოგო და ვიზუალური მხარე უცვლელი სახით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები მის სატელევიზიო გადაცემაზე, გადაცემის შეფუთვასა და ლოგოებზე. ამრიგად, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „ფორმულამ“ დაარღვია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს შპს „ფორმულასთვის“ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება (№შ-20-6/4307, 19.08.2020) წარმოადგინა შპს „ფორმულამ. იგი მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი დაუსაბუთებელია. წერილობითი მოსაზრების თანახმად, საჩივარში არასწორად არის მითითებული სადავო გადაცემის ეთერში განთავსების თარიღი, ვინაიდან გადაცემა ეთერში განთავსდა არა 2020 წლის 11 აგვისტოს, არამედ - 2020 წლის 26 ივლისს. ამასთან, „ფსკერი“ იუმორისტული ჟანრის გადაცემაა, რომლის მიზანია მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული კუთხით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის იუმორისტული ჟანრის დადგმების მიწოდება. გარდა ამისა, ყოველ გადაცემაში წამყვანი განმარტავს, რომ სიუჟეტები დადგმულია.
5. შპს „ფორმულას“ მტკიცებით, მაუწყებლის ეთერში სადავო გადაცემა განთავსდა იმგვარად, რომ მასზე დატანილი იყო როგორც გადაცემა „ფსკერის“, ისე - შპს „ფორმულას“ ლოგო. შპს „ფორმულა“ მიუთითებს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი იძლევა ილუსტრაციის სახით ნაწარმოებების მოკლე ნაწყვეტების გამოყენების შესაძლებლობას. მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული პრაქტიკაა იუმორისტულ ჟანრში პაროდიის/იმიტაციის გაკეთება, მეტი სიზუსტისათვის ლოგოს და გადაცემის შეფუთვის გამოყენება, რაც არ არის საავტორო უფლებების დარღვევა. ამის მაგალითად შპს „ფორმულა“ მიუთითებს, რომ აშშ-ში Fox & Friends-ის პაროდია განთავსდა NBC-ს (National Broadcasting Company) ეთერში გადაცემა Saturday Night Live (SNL)-ში.
6. შპს „ფორმულას“ მითითებით, თუ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიაჩნია, რომ დაირღვა მისი საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება.
7. შპს „ფორმულამ“ წარმოადგინა გადაცემა „ფსკერის“ 2020 წლის 26 ივლისის გადაცემის ნაწყვეტის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი, აგრეთვე NBC-ის არხზე გასულ გადაცემა “Saturday Night live-ის“ აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი.
8. დავის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 27 აგვისტოს, 15:00 საათზე. სხდომაში მონაწილეობდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი და შპს „ფორმულას“ წარმომადგენლები ივანე გოგელია და ნიკა ქავთარაძე.
9. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ბერძენიშვილმა მხარი დაუჭირა საჩივარს და განმარტა, რომ შპს „ფორმულას“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო უფლებების, მაუწყებლის ლოგოს, მისი გადაცემის ლოგოსა და ვიზუალური შეფუთვის გამოყენება მაყურებლის შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან, მაყურებელს, შესაძლოა, მიეჩნია, რომ სადავო კონტენტი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ან მისი თანამონაწილეობით არის შექმნილი. საჩივრის ავტორის წარმომდგენლის მტკიცებით, საავტორო უფლებების ამგვარი გამოყენება არამართლზომიერია და მისი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებაში გამართლებული ჩარევა იქნება. წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კონსტიტუციით, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდ ყურადღებას უთმობს ცრუ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით სხვა მაუწყებლის მიერ მომზადებული კონტენტის გავრცელება აზიანებს მის ინტერესებს.
10. შპს „ფორმულას“ წარმომადგენელმა ივანე გოგელიამ განმარტა, რომ სადავო კონტენტის გავრცელებით შპს „ფორმულას“ შეცდომაში არ შეუყვანია მაყურებელი, ვინაიდან აშკარაა რომ გადაცემა სატირულ-იუმორისტული შინაარსის არის, ასევე კონტენტზე დატანილი იყო შპს „ფორმულას“ და გადაცემა „ფსკერის“ ლოგოები. წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი უფრო მეტად, შეიძლება უკავშირდებოდეს სასაქონლო ნიშნების გამოყენებას, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო, გადაცემის ლოგო და ვიზუალური კომპონენტები შინაარსობრივად სასაქონლო ნიშნებია და არა საავტორო უფლებით დაცული ობიექტები. ამასთანავე, მისი მითითებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის არსის გათვალისწინებით, ასეთი ობიექტების პაროდიული მიზნით გამოყენება არ არის აკრძალული. შპს „ფორმულას“ წარმომადგენელმა ნიკა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დარღვეულა და საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული კონტექსტი და ის გარემოება, რომ ლოგოები სატირულ- იუმორისტული მიზნით იქნა გამოყენებული
|
II. |
კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები |
|
|
1. |
ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ; |
|
|
2. |
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, |
13.08.2020) |
თანდართული მასალებით;
3. შპს „ფორმულას“ წერილობითი მოსაზრება (№შ-20-6/4307, 19.08.2020) თანდართული მასალებით;
4. მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელია.
5. შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (მტკიცებულება:
ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ).
6. შპს „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 26 ივლისს განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რომელშიც გაშარჟებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთ-ერთი გადაცემა („ახალი დღე“), გამოყენებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, გადაცემა „ახალი დღის“ ლოგო და ვიზუალური შეფუთვა. აღნიშნულ კონტენტში გაკეთებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ახალი დღის“ პაროდია, თითქოს აღნიშნულ გადაცემაში მომზადებულია სიუჟეტი ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატთან დაკავშირებით (მტკიცებულებები: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) თანდართული მასალებით, შპს „ფორმულას“ წერილობითი მოსაზრება (№შ-20-6/4307, 19.08.2020) თანდართული მასალებით).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
6. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.
7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
8. „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება, გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაუშვას ასეთი ნაწარმოებების რეპროდუცირება იმ პირობით, თუ ასეთ რეპროდუცირება არ აყენებს ზიანს ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებასა და უსაფუძვლოდ არ ლახავს ავტორის კანონიერ ინტერესებს.
9. ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით და მათ შორის უკვე არსებული ან მომავალში დადებული სპეციალური შეთანხმებებით, შეიძლება ნებადართული იყოს ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ილუსტრაციის სახით გამოყენება დასახული მიზნით გამართლებული მოცულობით, სასწავლო ხასიათის გამოცემებში, საეთერო გადაცემებში, ან ხმის ან გამოსახულების ჩანაწერებში, იმ პირობით, თუ ასეთი გამოყენება თავსებადია კეთილსინდისიერ საქმიანობასთან.
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები.
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და რომელიც გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით;
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა განმარტებულია, როგორც „საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით“.
13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
14. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
15. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობე- ლის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენე- ბული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით: მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
16. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლი მე-2 პუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.
17. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.
როგორც აღინიშნა, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჩივრით ითხოვს, შპს „ფორმულასთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას. მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი უკავშირდება შპს „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევას. თავის მხრივ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის დაკმაყოფილებისა და შპს „ფორმულასთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია, იმის შეფასება, ირღვევა თუ არა შპს „ფორმულას“ მიერ სადავო კონტენტის ეთერში განთავსებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მტკიცებით, შპს „ფორმულამ“ ეთერში განათავსა კონტენტი, რომელშიც გამოყენებული იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, ამავე მაუწყებლის გადაცემა „ახალი დღის“ ლოგო და ვიზუალური შეფუთვა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მიიჩნევს, რომ დასახელებული ქმედებით დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და რომელიც გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამრიგად, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლება აქვს, ისარგებლოს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარანტიით და გამოიყენოს საკუთარი გადაცემები, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის მოითხოვოს ანაზღაურება და ნება დართოს ან აკრძალოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამოყენება.
ამავდროულად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა განმარტებულია, როგორც „საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით“. შესაბამისად, ნებისმიერი მაუწყებლის, მათ შორის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა გულისხმობს ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობას, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ დასტურდება, რომ შპს „ფორმულამ“ საკუთარ ეთერში განათავსა ან რაიმე ფორმით გამოიყენა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რომელიმე გადაცემა, მათ შორის, გადაცემა „ახალი დღე“, მისი აუდიო/ვიზუალური ჩანაწერი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ფორმულამ“ საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, გადაცემა „ახალი დღის“ პაროდიას დაადო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, მისი გადაცემის ლოგო და ვიზუალური შეფუთვა.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადაცემის ლოგოს, ვიზუალური შეფუთვის ან/და რომელიმე სხვა კომპონენტის გამოყენება არ ნიშნავს უშუალოდ გადაცემის გამოყენებას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიზნებისთვის, ვინაიდან არც გადაცემაზე დატანილი ლოგო და არც ვიზუალური შეფუთვა დამოუკიდებლად არ არის ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემოდა ეთერში ან კაბელით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრით არ დასტურდება შპს „ფორმულას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის დარღვევის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემის უნებართვოდ გამოყენების ფაქტი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, ამავე მაუწყებლის გადაცემის ლოგო და ვიზუალური შეფუთვა, შესაძლოა, საქართველოს კანონის 50-ე მუხლისაგან დამოუკიდებლად ექვემდებარებოდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დაცვას. კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, ამავე მაუწყებლის გადაცემის ლოგო და ვიზუალური შეფუთვა ექვემდებარება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით საავტორო უფლების დაცვას, როგორც ნაწარმოები, რომელიც მართალია, ცალკე აღებული, დამოუკიდებლად არ შეფასდება, როგორც მაუწყებლის გადაცემა, თუმცა ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგია. შესაბამისად, აღნიშნული საავტორო უფლებების ობიექტების გამოყენებაზე ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს განსაკუთრებული უფლების შინაარსს, რომელიც გულისხმობს უფლებას: ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპ- როდუცირების უფლება); ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების
გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); ნაწარმოების გა- დამუშავება (გადამუშავების უფლება); ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
ამავდროულად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლება შეეხება ნაწარმოების დანიშნულებისამებრ გამოყენებას და უზრუნველყოფს საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტის ქონებრივი ინტერესების დაცვას. აღნიშნული საკანონმდებლო გარანტიის მიზანია, საავტორო უფლების მფლობელმა სრულყოფილად ისარგებლოს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრებით და მისი უნებართვოდ გამოყენებით არ მიადგეს ზიანი - ქონებრივი დანაკლისი. ქონებრივი დანაკლისი შეიძლება გამოიხატოს, როგორც უშუალოდ საავტორო უფლების მფლობელის მიერ ნაწარმოების დანიშნულებისამებრ გამოყენების ქონებრივი ღირებულების შემცირებაში, ისე - იმ ანაზღაურების მიუღებლობაში, რასაც ნაწარმოების გამომყენებელი ნებართვის აღების შემთხვევაში გადაუხდიდა საავტორო უფლების მფლობელს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის ნაწარმოების გამოყენებად არ მიიჩნევა ნაწარმოების პაროდიული, სატირული და კარიკატურული გამოყენება, თუ საავტორო უფლების მფლობელს არ ადგება ქონებრივი დანაკლისი და ხელი არ ეშლება ნაწარმოების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში. პაროდიის, სატირის და კარიკატურის შემთხვევაში ნაწარმოების გამოყენების მიზანი არ არის მისი პირველადი დანიშნულებით გამოყენება და ამ გზით სარგებლის მიღება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ნაწარმოები გამოიყენება სატირულ- იუმორისტული, კრიტიკული და პოლემიკური მიზნებით. ამასთანავე, საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტისათვის ნაწარმოების დანიშნულებისამებრ გამოყენების ხელშეშლისა და ზიანის მიყენების გონივრული რისკების არსებობისას, შესაძლებელია, პაროდიული და კარიკატურული მიზნით გამოყენებაც ჩაითვალოს ნაწარმოების გამოყენებად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევებში ამოქმედდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავს სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირების, აგრეთვე ნაწარმოებიდან ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენების პირობებს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისა და ზოგადად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების გამოყენების კონტექსტს. მაგალითად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც მაუწყებლის ან/და მისი გადაცემის ლოგოს მეორე მაუწყებელი იყენებს პაროდიის, გაშარჟების, კრიტიკის, პოლემიკის, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნებისთვის, და შემთხვევები, როდესაც ლოგოს გამოყენება ხდება მისი პირველადი დანიშნულებით - ამავე მაუწყებლის ან მისი რომელიმე გადაცემის ამოსაცნობ, განმასხვავებელ ნიშნად. ნაწარმოებზე საავტორო უფლებას ზიანი არ ადგება მისი პაროდიის, გაშარჟების,
პოლემიკისა თუ კრიტიკის მიზნებით გამოყენებისას. საავტორო უფლების პაროდიული გამოყენებით ზიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც საავტორო უფლების მქონე სუბიექტს თავად ეზღუდება მისი სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა ან ამით რაიმე ქონებრივ დანაკლისს განიცდის. თავის მხრივ, რომელიმე პაროდიით ან სატირით პირისთვის არამართლზომიერი რეპუტაციული ზიანის მიყენება, ისევე როგორც ამ ფორმით არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, შესაძლებელია, სათანადო წინაპირობების არსებობისას დაექვემდებაროს სამოქალაქოსამართლებრივი ან კონკურენციის სამართლის ნორმების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, თუმცა ეს კავშირში არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვასთან.
აღსანიშნავია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის ამგვარი განმარტება სრულად შეესატყვისება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტს. მაგალითად, „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება, გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაუშვას ასეთი ნაწარმოებების რეპროდუცირება იმ პირობით, თუ რეპროდუცირება არ აყენებს ზიანს ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებასა და უსაფუძვლოდ არ ლახავს ავტორის კანონიერ ინტერესებს. დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულება ყურადღებას ამახვილებს ნაწარმოების „ჩვეულებრივ“, დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ზიანის მიყენებასა და ავტორის კანონიერი ინტერესების შელახვაზე. მსგავს სტანდარტს ითვალისწინებს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის 2495-რს დადგენილებით) 162-ე მუხლის პირველი პუნქტიც.
ნაწარმოების გამოყენება პაროდიის, კარიკატურისა და სატირული მიზნებით ასევე მართლზომიერად შეიძლება იქნეს მიჩნეული ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 22 მაისის დირექტივით 2001/29/EC „საინფორმაციო საზოგადოებაში საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების ზოგიერთი ასპექტის ჰარმონიზაციის შესახებ“ (OJ L167/10). აღნიშნული დირექტივის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „k” ქვეპუნქტის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საავტორო უფლებების დაცვა შეზღუდონ, როდესაც ნაწარმოები გამოყენება კარიკატურის და პაროდიის მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ დასახელებული დირექტივის დებულების განმარტებისას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ნაწარმოებების კარიკატურის და პაროდიის მიზნებისთვის გამოყენების მართლზომიერად მიჩნევას სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების, გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინტერესის დაცვას უკავშირებს (ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე C‑201/13 Deckmyn and Vrijheidsfonds, პარ. 25).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის სხვაგვარი განმარტება და პაროდიის მიზნებისთვის ნაწარმოებების უნებართვოდ გამოყენების აკრძალვა, პაროდიას საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტის თანხმობაზე დამოკიდებულს აქცევს და ფაქტობრივად გამორიცხავს ამგვარი ფორმით პაროდიის განხორციელების შესაძლებლობას. ამგვარი გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეაფერხებს გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილ რეალიზაციას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ამა თუ იმ ინფორმაციის/ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა განეკუთვნება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საჭიროებს სათანადო გამართლებას (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე “Ashby Donald and Others v. France”, განაცხადი No. 36769/08). ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, სატირა არტისტული გამოხატვისა და სოციალური კომენტირების მნიშვნელოვანი ფორმაა და საჯარო ინტერესების საკითხებთან დაკავშირებულ სატირულ გამოხატვაში ჩარევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე “Vereinigung Bildender Künstler v. Austria“, განაცხადი No. 68354/01 ასევე იხ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Alves da Silva v. Portugal”, განაცხადი No. 41665/07). შესაბამისად, კანონმდებლობის იმგვარი განმარტება, რომელიც ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს ნაწარმოებების სატირული და პაროდიის მიზნებით გამოყენებას არ იქნება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, ნაწარმოების გამოყენებად არ მიიჩნევა და ნებართვას არ საჭიროებს მისი გამოყენება პაროდიული, სატირული მიზნებისთვის, როდესაც არ ხდება მისი პირველადი დანიშნულებით სარგებლობა და რითაც ხელი არ ეშლება საავტორო უფლების მფლობელს ნაწარმოების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში და არ ადგება ქონებრივი დანაკლისი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაროდიული და სატირული მიზნებისთვის გამოყენება ჩაითვლება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ გამოყენებად, იგი მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო, მისი გადაცემა „ახალი დღის“ ლოგო და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტები შპს „ფორმულას“ მიერ გამოყენებულ იქნა პაროდიული მიზნით. კერძოდ, შპს „ფორმულას“ სადავო გადაცემაში ზემოთდასახელებული ნაწარმოებები ჩასმული იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაშარჟებისათვის. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შპს „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება. მისი მოტივაცია არ ყოფილა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგოს, გადაცემის ლოგოსა და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების გამოყენება საკუთარი მაუწყებლობის ან/და გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად. ამასთან, საჩივრის ავტორმა სათანადო დამაჯერებლობით ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნულმა ხელი შეუშალა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დასახელებული ნაწარმოებების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. შესაბამისად, არ დგინდება შპს „ფორმულას“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერი გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება შპს „ფორმულას“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) არ უნდა დაკმაყოფილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის 21 პუნქტის, მე-15 მუხლის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20-6/4151, 13.08.2020) შპს „ფორმულას“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და შპს „ფორმულასთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
