წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 684

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2020 10:44

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.            საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 14 აგვისტოს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ–20-6/4181-20) მიმართა ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, შპს „ტელეიმედისათვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში არ განთავსების თაობაზე და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ.

ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ააიპ „ადამინის უფლებათა ცენტი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა სოციალური რეკლამა, რომლის მიზანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერა უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული, არამედ ემსახურება საქვველმოქმედო მიზნებს.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, 2020 წლის 2 ივლისს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა მატერიალური ფორმით ტელეკომპანია „იმედში“ წარადგინა სოციალური რეკლამა და განცხადება, რითაც მოთხოვნილი იყო, რომ კანონით დადგენილი წესით ეთერში გასულიყო სოციალური რეკლამა. აღნიშნულის მიუხედავად ტელეკომპანია „იმედს“ დღემდე არ გაუშვია სოციალური რეკლამა და განცხადების პასუხად არ უცნობებია უარის მოტივიც. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით ტელეკომპანიას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

საჩივრიდან ასევე ირკვევა, რომ ორგანიზაციამ 2020 წლის 30 ივლისს, კვლავ მიმართა ტელეკომპანიას წერილობით და მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, აპირებდა თუ არა კომპანია  სოციალური  რეკლამის  გაშვებას.  აღნიშნული  განცხადების  პასუხად  ტელეკომპანია „იმედს“ ეთხოვა პასუხის მოწოდება 2 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა დღემდე ოფიციალური პასუხი ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიუღია.

ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2020 წლის 14 აგვისტოს საჩივარში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–20-6/4181-20) ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ხოლო, ამავე კანონის 65-ე მუხლის საფუძველძე მაუწყბელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. 

საჩივარში განმარტებულია, რომ სადაო სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის მიმართული, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. სადაო სოციალური რეკლამით, ორგანიზაცია არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას. აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ამგავრი ქმედებით არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ითხოვა კომისიამ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2020 წლის 20 აგვისტოს. სხდომაზე, ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დაზუსტდა მოთხოვნა, კერძოდ: შესწავლილ იქნას შპს     „ტელეიმედის“       მიერ     „მაუწყებლობის     შესახებ“     საქართველოს     კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ასევე, დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ეთერში გაუშვან ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  ვინაიდან,  ააიპ  „ადამიანის  უფლებათა  ცენტრი“  სადაოდ  ხდიდა  ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „ტელეიმედის“  მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განუთავსებლობას, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული  ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი. შესაბამისად, კომისიამ 2020 წლის 20 აგვისტოს N გ-20-23/633  გადაწყვეტილებით ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ–20-6/4181-20, 14.08.2020)  შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ  მიიღო განსახილველად და დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2020 წლის 3 სექტემბერს, 15.00 სთ-ზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 და 27 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის N/ს-20-6/4356, 24.08.2020 და შ-20-6/4398, 27.08.2020), რომელშიც აღნიშნული, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა სადაო სოციალური რეკლამა, დასასრულს უახლოვდება, ამდენად, მოცემულ ეტაპზე ორგანიზაციამ ინტერესი დაკარგა სადაო სუციალური რეკლამის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან  გამომდინარე,  ორგანიზაცია  უარს  აცხადებს  მის  მოთხოვნაზე  და  კომისიას მიმართავს თხოვნით, განუხილველად დატოვოს ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტის“ 2020 წლის 14 აგვისტოს საჩივარი (N/ს-20-6/4181, 14.08.2020).

II.          გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური   ადმინისტრაციული  წარმოების    წესით,   გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო     საკითხების    გადაწყვეტა  არ მოითხოვს ორგანიზებული  პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  შესაბამისად,  მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

3.    „მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის  ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4.    კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   N1   დადგებილებით   დამტკიცებული   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  კომისია მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

5.    კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   N1   დადგებილებით   დამტკიცებული   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი უარს აცხადებს საჩივარზე და აღარ გააჩნია ინტერესი კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მიმართ, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგებილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44 მუხლის მე-2 პუნქტის და 451  მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შეწყდეს   შპს   ,,ტელეიმედის“   მიმართ   ააიპ   „ადამიანის   უფლებათა   ცენტრის“   საჩივრის განხილვის  მიზნით  კომისიის  2020  წლის  20  აგვისტოს  Nგ-20-23/633  გადაწყვეტილებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2.    დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  ააიპ „ადამიანის  უფლებათა  ცენტრისათვის“  და  შპს  „ტელეიმედისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

3.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.    გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ტელეიმედისა“  და  ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები