წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 721

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2020 9:54

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს  ,,სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი  2“-სა  და  შპს  ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

I. დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;   15.09.2020), რომლის თანახმად, 2020 წლის 2 ივლისს, ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ მიმართა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ს და შპს ,,ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ორი ვიდეორგოლის ეთერში განთავსების მოთხოვნით. საჩივრის თანახმად,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წერილობით, ხოლო შპს ,,ტელეიმედმა“ ზეპირი ფორმით უარი განუცხადეს ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

მომჩივანს მიაჩნია, რომ მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეორგოლები საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაშია  და  მაუწყებლების უარი უსაფუძვლოა. ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ თავის საჩივარში უთითებს,    რომ    აღნიშნული  ვიდეორგოლები უკვე   განთავსდა  სსიპ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხისა და შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მოთხოვნა:

კომისიის მიერ საკითხის განხილვა და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს,,ტელეიმედისთვის“ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების დავალდებულება.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ საჩივართან (Nშ-20-6/4764; 15.09.2020) ერთად  კომისიაში    წარმოდგენილია    შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2020 წლის 20 ივლისის საპასუხო წერილი, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა რეკლამის განთავსებაზე, ასევე, ვიდეო რგოლების ბმულები   და  მომჩივნის   წარმომადგენლის მინდობილობა  (წერილი Nშ-20-6/4815;17.09.2020). ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წერილით (Nშ-20-6/4911; 22.09.2020) კომისიაში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის

2   ივლისის   წერილი   შპს   ,,ტელეიმედს“   და   2020   წლის   17  ივლისის   წერილი   შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   ,,სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2“-ისა   და   შპს,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებებით (Nგ-20-03/2987; 21.09.2020; N გ-20-03/2988; 21.09.2020; N გ-20-03/2989; 21.09.2020) ეცნობათ  ა(ა)იპ,,ფონდი  საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა  და  განვითარების  ცენტრს“,  შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს ,,ტელეიმედს“.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ვ. კობალაძე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თ. მურჯიკნელი და შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას ასევე, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

3.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ე)  ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი    მოსმენით,    ფორმალური    ადმინისტრაციული    წარმოების  წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა,   როდესაც     სადავო     საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან  დამოუკიდებელ პროგრამასთან    დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის№1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

10. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2003  წლის  27  ივნისი №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის  შესახებ.  კომისია  უფლებამოსილია  მიიღოს  გადაწყვეტილება  დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ„ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში  სოციალური  რეკლამის  სტატუსით განთავსების თაობაზე  უარის თქმის საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2020 წლის პირველი ოქტომბერი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს  ზეპირი  მოსმენით,  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით, გარდა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით  დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს     ორგანიზებული   პროცედურების   განხორციელებას.   მომხმარებელთა   იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

მოცემულ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად კომისიამ უნდა დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა ა(ი)იპ   ა(ა)იპ  „ფონდი  საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრის“ მიერ მაუწყებლებისთვის  წარდგენილი    ვიდეორგოლები ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ რეკლამას და შესაბამისად, ვალდებულნი არიან თუ არა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს ,,ტელეიმედი“ განათავსონ მომჩივნის მიერ მათთვის წარდგენილი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს მარტივი ადმინისტრაციული წესით.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი უშვებს მსგავსი ფორმატის დავების გადაწყვეტას ორგანიზებული პროცედურების განხორციელებისა და ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოების  გარეშე. კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661      მუხლის 21  პუნქტის  თანახმად,  თუ  ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. მართალია, დასახელებული ნორმით მოწესრიგებულია სოციალური რეკლამის განთავსების თაობაზე დავა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მაუწყებელს შორის, თუმცა, აღნიშნული კატეგორიის დავებზეც არსებითად იდენტურია გადასაწყვეტი საკითხი - განეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ვიდეორგოლი სოციალურ რეკლამას.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   შესაბამისად,   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე), წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ), კ) და ი) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლისა და     65-ე     მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი (Nშ-20-6/4764;  15.09.2020) მიღებულ იქნას განსახილველად;

2. საჩივრის განხილვა გაიმართოს 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე;

3 გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე დასკვნის მომზადება იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ვიდეორგოლები სოციალურ რეკლამას;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ„ფონდი  საქართველოს  სტრატეგიული  კვლევებისა და  განვითარების  ცენტრის“,  შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვე-გვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნება;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები