წვდომის მენიუ

პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 765

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 18:50

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 18 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მაუწყებლებს განსათავსებლად წარუდგინა ორი პოლიტიკური შინაარსის ვიდეო რგოლი, რომლებიც ეთერში არ განათავსეს შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“.

საჩივრის ავტორის განცხადებით, მაუწყებლების მიერ სარეკლამო რგოლის ეთერში არ განთავსების მიზეზები იყო შემდეგი:

შპს „ტელეკომპანია პირველის“ განცხადებით ერთ-ერთ ვიდეო რგოლში გამოყენებული იყო ტერმინი „მევახშე“, ხოლო მეორე რგოლი შეიცავდა კომერციული რეკლამის ნიშნებს. ამასთან,   ვიდეო   რგოლები   არ  აკმაყოფილებდა   საქართველოს   ორგანული   კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მოთხოვნებს და სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი არ ფარავდა ეკრანის 5%-ს. იდენტური მიზეზებით არ განათავსა ვიდეო რგოლები ეთერში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“.

სსიპ „საზოგადოებრივი  მაუწყებლის“  შემთხვევაში,  თავდაპირველად  ვიდეო რგოლები დაიკარგა, ხოლო შემდეგ მაუწყებელმა მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იმის გასარკვევად, თუ რამდენად დასაშვებია საარჩევნო სუბიექტმა პოლიტიკურ რეკლამაში განათავსოს საკუთარი ვებ-გვერდის მისამართი.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს არ უცნობებია საჩივრის ავტორისთვის რგოლების არ განთავსების მიზეზი.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მაუწყებლების არგუმენტების სარეკლამო რგოლის განუთავსებლობის მიზეზებთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი ვიდეო რგოლები ვერ აკმაყოფილებენ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით ფარმაცევტული რეკლამისთვის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომერციული რეკლამისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი   ცალსახად ადგენენ, რომ კომერციული (ასევე ფარმაცევტული პროდუქტის) რეკლამად რგოლი შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის მიზნად ისახავს პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენს მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლის მიზანი კი ერთმნიშვნელოვნად არის პარტიის საარჩევნო პროგრამის ილუსტრირება და არა რომელიმე პროდუქტის რეალიზაცია. ამასთან, არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი არ უკრძალავს საარჩევნო სუბიექტს, ამომრჩეველს დაჰპირდეს თუნდაც ერთი რომელიმე კონკრეტული პროდუქტის გაიაფებას ამდენად, უსაფუძვლოა მაუწყებლების მითითება საარჩევნო რგოლის კომერციული ხასიათის შესახებ და ამის გამო მის ეთერში განთავსებაზე უარის თქმა.

2. საჩივრის ავტორი ასევე ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით: „გავამახვილებთ ყურადღებას, მაუწყებლების მიერ მითითებულ ტექნიკურ საკითხზე, თითქოს ჩვენს მიერ დამზადებული რგოლი არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს. კომისიას წარმოვუდგენთ ამგვარი პრეტენზიის ავტორის, „ტვ პირველის“ ეთერში განთავსებულ სხვა სუბიექტების სარეკლამო რგოლებს, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენს რგოლში ყველაზე მსხვილი შრიფტით და გამოკვეთილად არის შესრულებული კანონით მოთხოვნილი სუბიექტის დასახელება და რიგითი ნომრის წარწერა. ხოლო, მაგალითად „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლს, რომელიც დღემდე განთავსებულია ტელეკომპანიის ეთერში, ამგვარი აღნიშვნები საერთოდ არ გააჩნია.“

2020 წლის 23 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება, რომლითაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ დააზუსტა საჩივარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება მაუწყებლებთან გარკვეულ საკითხებზე და პოლიტიკური    გაერთიანება     ხსნის     მოთხოვნას     „ტელეკომპანია     პირველის“     და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ნაწილში სრულად, ხოლო „რუსთავი 2“- ის და „აჭარის ტელევიზიის“ ნაწილში, მოთხოვნა მოხსნა ერთ-ერთი ვიდეო რგოლის - სახელწოდებით „ბანკების“ ნაწილში, ხოლო მეორე ვიდეო რგოლის - „მედიკამენტების“ მიმართებით მოთხოვნა დატოვა ძალაში.

„თავისუფალი საქართველო“ აქვე განმარტავს, რომ მართალია მაუწყებლებს მიეწოდათ ვიდეო რგოლის „მედიკამენტების“ რედაქტირებული ვერსია, თუმცა მიაჩნიათ, რომ მათ მიერ თავდაპირველად მიწოდებული რგოლი, სადაც გამოყენებული იყო მედიკამენტის შეფუთვა, არ ეწინააღმდეგება კანონს და მაუწყებლებს უნდა მოეხდინათ მისი ეთერში განთავსება.

საარჩევნო  სუბიექტის  მოთხოვნა:  ზემოაღნიშნული  გარემოებებიდან გამომდინარე,  პ/გ„თავისუფალი საქართველო“ ითხოვს:

1. პოლიტიკური/წინასაარჩევნო  რეკლამის  განთავსებასა  და  ინფორმაციის გადაცემასთან კანონის მოთხოვნათა დარღვევს გამო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ მოხდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

2.  დაევალოს  აღნიშნულ  ტელეკომპანიებს  უკანონოდ  გაცდენილი  დროის კომპენსირება, ტოლფასი საეთერო დროის გამოყოფით ან ფულადი კომპენსაციის გადახდის სახით.

კომისიამ საარჩევნო სუბიექტის „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის განხილვა დანიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს.

2020 წლის 24 სექტემბერს, კომისიაში შემოვიდა პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება (შ-20-6/4987), რომლითაც საჩივრის ავტორმა მოითხოვა საჩივრის განხილვა მომდევნო სხდომისთვის, რადგან წარმომადგენელი ვერ ახერხებდა დასწრებას.

კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 194-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების კომისია ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისად ვინაიდან კომისიის მიერ ფაქტის გამოვლენა მოხდა 2020 წლის 23 სექტემბერს, აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეკმაყოფილებინა საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე და განეხილა   საჩივარი.    სხდომის   გადადების    მოთხოვნას  ასევე   არ   დაეთანხმა    შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თინათინ მურჯიკნელი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელი ნინო უტიაშვილი.

II. წინამდებარე ადმინისტრაციული  წარმოების პროცესში კომისიის    მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. საარჩევნო   სუბიექტის   „თავისუფალი   საქართველოს“   საჩივარი  (შ-20-6/4835;18.09.2020);

2. საარჩევნო სუბიექტის „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება, საჩივრის დაზუსტების თაობაზე (შ-20-6/4949; 23.09.2020);

3. საარჩევნო სუბიექტის „თავისუფალი საქართველოს“ შუამდგომლობა საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე (შ-20-6/4987; 24.09.2020);

4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის მიერ კომსიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

5.  სსიპ     „საზოგადოებრივი     მაუწყებლის     აჭარის     ტელევიზია    და  რადიოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

6.  საარჩევნო სუბიექტის „თავისუფალი   საქართველოს“   საჩივრით   (შ-20-6/4835; 18.09.2020)  წარმოდგენილი  ბმულები,  სადაც  განთავსებულია პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა - ვიდეო რგოლები.

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. პოლიტიკურმა გაერთიანებამ მაუწყებლებს განსათავსებლად წარუდგინა ორი პოლიტიკური   შინაარსის   ვიდეო   რგოლი,   რომლებიც   ეთერში   არ  განათავსეს   შპს„ტელეკომპანია    პირველმა“,    შპს    „სამაუწყებლო  კომპანია    რუსთავი    2“-მა,    სსიპ„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“.

2.  2020   წლის   23   სექტემბრისთვის   მიღწეულ   იქნა   შეთანხმება  მაუწყებლებთან გარკვეულ საკითხებზე და პოლიტიკურმა გაერთიანება „თავისუფალმა საქართველომ“ მოხსნა მოთხოვნა „ტელეკომპანია პირველის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ნაწილში სრულად, ხოლო „რუსთავი 2“-ის და „აჭარის ტელევიზიის“ ნაწილში, მოთხოვნა მოხსნა ერთ-ერთი ვიდეო რგოლის - სახელწოდებით „ბანკების“ ნაწილში, ხოლო მეორე ვიდეო რგოლის - სახელწოდებით „მედიკამენტების“ მიმართებით მოთხოვნა დატოვა ძალაში.

3.  შპს„სამაუწყებლო  კომპანია რუსთავი 2“-მა არ განათავსა    „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლი, რადგან, მაუწყებლის განცხადებით, ის არ  აკმაყოფილებდა   საქართველოს   ორგანული   კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნებს (ვიდეო რგოლის დასრულებისას ნაჩვენები საარჩევნო სუბიექტის დასახელების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურები და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურები არ იკავებდა კადრის 25%-ს). 2020 წლის 18 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიაწოდა მაუწყებელს ახალი ვიდეო რგოლები, დაკორექტირებული, რომელიც კვლავ არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს.    ამასთან,  სარეკლამო რგოლში სახელწოდებით„მედიკამენტები“ მითითებული იყო ვებ-გვერდის ბმული, რომელზეც განთავსებული იყო მედიკამენტები შესაბამისი ფასებით და ფასდაკლებებით. მაუწყებელმა მოსთხოვა სარეკლამო რგოლის ავტორს ვებ გვერდის ბმულის დაკორექტირება და პოლიტიკური გაერთიანების ვებ გვერდის მისამართის მითითება. აღნიშნულის კორექტირება განხორციელდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი დღის განმავლობაში დაკორექტირებული ვიდეო რგოლი გავიდოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში.

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ არ განათავსა წარმოდგენილი ვიდეო რგოლები იმავე მიზეზით, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნებს. ამასთან, მაუწყებლის განცხადებით, ვიდეო რგოლი სახელწოდებით  „მედიკამენტები“  შეიცავს ისეთი მედიკამენტის   დემონსტრირებას, რომელიც ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მე-2 ჯგუფს, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში 2020 წლის 23 სექტემბრიდან გადის „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ორივე ვიდეო რგოლი დაკორექტირებული სახით.

6. კომისიის  აპარატის  აუდივიზუალური  მომსახურებების  დეპარტამენტის მიერ ჩატარებული  მოკვლევით  დგინდება,    რომ    საჩივრის  ავტორის  მიერ  კომისიაში წარმოდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებს  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან ვიდეო რგოლის  დასრულებისას ნაჩვენები საარჩევნო სუბიექტის  დასახელების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურები და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურები არ იკავებს კადრის 25%-ს.

IV. წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღების  სამართლებრივი საფუძვლები  და დასაბუთება:

1. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451    მუხლის  მე-10 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის   მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან  დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა,      რომელიც    არის    ფიზიკურ    ან    იურიდიულ    პირზე,    საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და  ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის თანახმად წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად კი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

10. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საერთო საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს   შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

11. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

12. საქართველოს  ორგანული  კანონის  ,,საქართველოს  საარჩევნო კოდექსის“  194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო      აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა,    გამოიწვევს     შესაბამისი     საარჩევნო     სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 185-ე მუხლის მე-19 პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

13. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კანონის 185-ე მუხლის მე-20 ან 21-ე პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-19 ან მე-20 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს  რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის       ორმაგი    ოდენობით.    თუ    დაჯარიმება    გამოწვეულია    უფასო    რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის   50-ე   მუხლის  პირველი   პუნქტის   „ბ“–„დ“   ქვეპუნქტებით   ან   11 პუნქტით დადგენილი   მოთხოვნის   დარღვევა   ან   მაუწყებლის   მიერ   185-ე   ან   186-ე   მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

14. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 194-ე მუხლის მე-6  ნაწილის    თანახმად,    ამ    მუხლის    მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    შესახებ    ოქმებს    ადგენს    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.

15. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 194-ე მე-9 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის     საკითხს   განიხილავს   და   გადაწყვეტილებას   იღებს   საჯარო   სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სხდომაზე სამართალდამრღვევის      დაუსწრებლობა არ  აფერხებს გადაწყვეტილების  მიღებას.     ამ     მუხლის     მე-2    პუნქტით  გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს   მიერ  გადაწყვეტილების   მიღების   შემდეგ   მის   მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადგენს სამართალდარღვევის          შესახებ ოქმს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად.

16. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 194-ე მე-11 ნაწილის თანახმად ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

17. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს;

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მომსახურებების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესწავლით დადგინდა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებში ვიდეო რგოლის დასრულებისას ნაჩვენები საარჩევნო სუბიექტის დასახელების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურები და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურები არ იკავებს კადრის 25%-ს, რაც წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც მაუწყებლებს არ ქონდათ უფლება თავიანთ სამაუწყებლო ბადეში განეთავსებინათ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი, წარმოდგენილი სახით.

რაც შეეხება იმ საკითხს, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი შეიცავს თუ არა კომერციული რეკლამის ნიშნებს, კომისია აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ვიდეო რგოლში ნაჩვენებია კონკრეტული დასახელების მედიკამენტები, ასევე აღნიშნული მედიკამენტების კონკრეტული ღირებულება და ასევე კონკრეტული ფასდაკლებული ღირებულება, რა ფასადაც  ამ მედიკამენტების შეძენა  შესაძლებელია  პარტიის  ოფისებში,  ამასთანავე, რეკლამაში ჩანს კონკრეტული ვებ გვერდის ბმული, რომელზეც ვიდეო რგოლშივე კეთდება მითითება და რომელზეც განთავსებულია მრავლობითი მედიკამენტები, შესაბამისი ფასდაკლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი, წარმოდგენილი სახით, შეიცავს კომერციული რეკლამის ნიშნებს, შესაბამისად დაუშვებელია კომერციული შინაარსის რეკლამის განთავსება წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილ დროს, მით უფრო უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილ საეთერო დროს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იგი შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც არასათანადო რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი გავრცელების წესი.

საჩივრის ავტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მაუწყებლებისთვის უკანონოდ გაცდენილი დროის კომპენსირებას, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება მაუწყებლების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც გახდებოდა კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-17 ნაწილის, 194-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-9 ნაწილების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის   და 70-ე მუხლის   მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ საჩივარი და უარი ეთქვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი   N64) მხარეებისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ გვერდზე (www.comcom.ge) განთავსება;

5. დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე კონტროლი კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს;

8. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.    ვოტ)    წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი.

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ელისო ასანიძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები