წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 768

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 19:09

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

 შპს  ,,სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი  2“-სა  და  შპს  ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

I. დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;   15.09.2020), რომლის თანახმად, 2020 წლის 2 ივლისს, ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ მიმართა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ს და შპს ,,ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ორი ვიდეორგოლის ეთერში განთავსების მოთხოვნით.

საჩივრის თანახმად,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წერილობით, ხოლო შპს,,ტელეიმედმა“ ზეპირი ფორმით უარი განუცხადეს ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

მომჩივანს მიაჩნია, რომ მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეორგოლები საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაშია  და  მაუწყებლების უარი  უსაფუძვლოა.  ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ თავის საჩივარში    უთითებს,    რომ  აღნიშნული    ვიდეორგოლები    უკვე    განთავსდა    სსიპ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხისა და შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მოთხოვნა:

კომისიის მიერ საკითხის განხილვა და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს,,ტელეიმედისთვის“ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების დავალდებულება.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ საჩივართან (Nშ-20-6/4764; 15.09.2020) ერთად  კომისიაში    წარმოდგენილია    შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2020 წლის 20 ივლისის საპასუხო წერილი, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა რეკლამის განთავსებაზე, ასევე, ვიდეო რგოლების ბმულები   და  მომჩივნის   წარმომადგენლის   მინდობილობა   (წერილი   Nშ-20-6/4815;17.09.2020). ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წერილით (Nშ-20-6/4911; 22.09.2020) კომისიაში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 2   ივლისის  წერილი   შპს   ,,ტელეიმედს“   და   2020   წლის   17   ივლისის   წერილი  შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება Nგ-20-16/721 შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა ა/წ პირველ ოქტომბერს, რის თაობაზეც დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს ეცნობათ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომაზე.

2020   წლის   28   სექტემბერს,   კომისიაში   შემოვიდა   ა(ა)იპ   ,,ფონდი  საქართველოს სტრატეგიული   კვლევებისა   და   განვითარების   ცენტრის“  განცხადება (Nშ-20-6/5069; 28.09.2020), რომლის თანახმად, მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამისთვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას შეესაბამება. ვიდეორგოლების ამოცანებია: 1)     საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე, როგორიცაა სამომხმარებლო პროდუქციიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები და საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლეს სახეებზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის არარსებობა; 2) საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლა - ხელისუფლებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის შემოღების მოთხოვნა. მოთხოვნის დაფიქსირების ადგილად შემოთავაზებულია წინასაარჩევნო შეხვედრები, რომლებსაც საარჩევნო სუბიექტები ატარებენ. განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ვიდეორგოლები არ შეიცავენ წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს, ვინაიდან, არ გულისხმობენ წინასაარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას. ვიდეო რგოლებში არ არის ნაჩვენები საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თავის განცხადებაში ასევე, უთითებს, რომ სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების ახელმწიფო კონტროლი დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში, რომელთან ინტეგრაციას საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.        ევროკავშირის ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად თავსდება ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ,,საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა“. ვებ-გვერდზე ჩანს, რომ უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ვრცელდება პრაქტიკულად ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე და იგი მრავალფეროვან საფრთხეებს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირში კონტროლი ვრცელდება ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სოციალური კვლევებისა და განვითარების“ ცენტრის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლებში ნახსენებ ჰიგიენის საშუალებებზე, კოსმეტიკაზე, ბიჟუტერიაზე, რომლებიც შიძლება შეიცავდნენ ჯანმრთელობისთვის მეტად მავნე (მათ შორის, სიმსივნის გამომწვევ) ნივთიერებებს, რაც განმცხადებლის განმარტებით, ნახსენებია მათ ერთ-ერთ ვიდეორგოლში. მაგალითისთვის, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებული რამდენიმე შეტყობინება საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თავის განცხადებაში ასევე, უთითებს, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება ,,სანიტარული ზედამხედველობის სამსახური“ ჯერ         კიდევ   2006  წელს   გაუქმდა   ისევე,   როგორც   მრავალი   სახის   პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. განმცხადებლის განმარტებით, ეს ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი ხელისუფლების ულტრა-ლიბერალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ბაზრის მაქსიმალურ დერეგულაციას და კორუფციის შემცირებას ისახავდა  მიზნად.  მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით    რეფორმების აუცილებლობა    არსებობდა, ყოველდღიური მოხმარების ნივთების  უსაფრთხოება ყოველგვარ კონტროლს მიღმა დარჩა. მიუხედავად ამ ვაკუუმის შესავსებად გადადგმული ნაბიჯებისა, 15 წელი გავიდა და გარდამტეხი ცვლილებები არ ხდება.

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თავის განცხადებაში ასევე, უთითებს, რომ მათი ინიციატივით 2019-2020 წლებში ლაბორატორიულად შემოწმდა უსაფრთხოების კონტროლს მიღმა დარჩენილი ისეთი პროდუქცია, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკა და ბიჟუტერია და ათეულობით                      პროდუქტი   გამოვლინდა,   რომელიც   ადამიანის   ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი   საფრთხის  შემცველ  ნივთიერებებს  შეიცავს,  ხელს უწყობს  სიმსივნის წარმოქნას,    ენდოკრინული     სისტემის    დაზიანებას    და სხვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ბიჟუტერიის შემოწმების შედეგები. 29 ნიმუშიდან 12-ში ტყვიის ან/და კადმიუმის ევროკავშირში დასაშვები ნორმები გადაჭარბებული იყო. ზოგიერთ ნიმუშში რამდენიმე ათეულ და ასეულჯერაც კი. აღნიშნული შედეგები განთავსებულია ვებ-გვერდზე  www.momxmarebeli.ge.

 

ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ თავის

განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამავე განცხადებასთან ერთად წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 20 იანვრისა და 28 მაისის წერილებს, იმის დასტურად, რომ სამომხმარებლოს პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ არსებობს, ხოლო ,,ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმა“, რომელზეც სამინისტრო უთითებს, დღემდე დამტკიცებული არ არის.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ვ. კობალაძე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი ს. ჭელიძე  და შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი.

კომისიის სხდომაზე   ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ვ. კობალაძემ, მხარი დაუჭირა კომისიაში წარდგენილ საჩივარს. მან ასევე აღწერა ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საქმიანობა მაუწყებლებისთვის წარდგენილ ვიდეორგოლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი განმარტებით, ისინი აღნიშნულ პრობლემას აყენებენ, მიუთითებენ ევროკაშირის მაგალითებზე, ახორციელებენ მათი შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა არასასურსათო პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევას და აქვეყნებენ შედეგებს, ასევე, გეგმავენ პეტიციის შემუშავებას, რომლითაც მიმართავენ პარლამენტს და შეაგროვებენ მოქალაქეთა ხელმოწერებს, აქვეყნებენ არაერთ განცხადებასა, აწყობენ მრგვალ მაგიდებს,  მათ შორის, განათავსებენ ეთერში რეკლამებს ამ საკითხზე. ვ. კობალაძის განცხადებით, თუ საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკური პარტიების მიმართ არ იქნება არასასურსათო პროდუქციაზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება იქცეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, მანამდე აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება. ამიტომ, მისი განმარტებით, ვიდეორგოლების ადრესატი არის საზოგადოება, მოქალაქეები, რომლებსაც მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიების წინაშე დააყენონ ეს საკითხი. ვ. კობალაძის განმარტებით, ვიდეორგოლში დაფიქსირებულია კონკრეტული მოთხოვნა დაწესდეს უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არის ძალიან კარგი პერიოდი მომავალი მთავრობის თუ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაპირებების მისაღებად, რომელიც  იძულებული ხდება მიიღოს ზომები დაპირებების შესასრულებად.

კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ ვიდეორგოლების შეფასებისას იხელმძღვანელეს კომისიის პრაქტიკით და მიიჩნიეს, რომ ვიდეორგოლებში არ იყო კონკრეტული აქტივობა მიმართული ადრესატებზე. მისი განმარტებით, საარჩევნო სუბიექტებისთვის მოთხოვნის წაყენებისკენ მოწოდება არ არის საკმარისი მოქმედება.   მისი განცხადებით, ვიდეორგოლების შეფასებისას იმ ლოგიკით იხელმძღვანელეს, რომ სოციალური მიზნის მატარებელი რეკლამა არ არის სოციალური რეკლამა, თუ ის კონკრეტული მოქმედებისკენ და ღონისძიებებისკენ არ უბიძგებს ადრესატებს.

კომისიის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა ს. ჭელიძემ აღნიშნა, რომ ვიდეორგოლები  ბუნდოვანი და ზოგადი შინაარსის მატარებელი იყო. მისი განმარტებით, ვიდეორგოლები კონკრეტულ იდეას ემსახურებოდა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ამ ვიდეორგოლებში საუბარი არ იყო, რის გამოც ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ უარი ეთქვა ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;15.09.2020) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის“ 2020 წლის 20 ივლისის საპასუხო წერილი და ბმულები- https://www.momxmarebeli.ge/contentfiles/images2/%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94

%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%201%20Final.mp4;

https://www.momxmarebeli.ge/contentfiles/images2/%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94

%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%202%20Final.mp4 );

2. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წერილი (Nშ-20-6/4911; 22.09.2020) თანდართული დოკუმენტაციით (2020 წლის 2 ივლისის წერილი შპს ,,ტელეიმედს“ და 2020 წლის 17 ივლისის წერილი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს);

3. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადება (Nშ-20-6/5069; 28.09.2020) თანდართული დოკუმენტაციით (1. საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ვებსაიტის ბმული; 2. საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემიდან ინფორმაცია; 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი (№ 01/5704; 28.05.2020); 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი (N01/608; 20.01.2020);

4. მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

5. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, შპს ,,ტელეიმედის“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს ,,ტელეიმედი“ წარმოადგენენ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებს;

მტკიცებულება: მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“

2020  წლის  2  ივლისს  მიმართა  შპს  ,,ტელეიმედს“,  ხოლო  17  ივლისს მიმართა შპს,,სამაუწყებლო   კომპანია    რუსთავი    2“-ს  ვიდეორგოლების  სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში უფასოდ განთავსების მიზნით.   შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა და შპს ,,ტელეიმედმა“ უარი განაცხადეს მათთვის წარდგენილი ვიდეორგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე.

მტკიცებულება:  ა(ა)იპ  ,,ფონდი  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და  განვითარების ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;    15.09.2020; ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ 2020 წლის 2  ივლისის წერილი შპს ,,ტელეიმედს“ და 2020 წლის 17 ივლისის წერილი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-ს; შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2020 წლის 20 ივლისის საპასუხო წერილი; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

3. ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ მაუწყებლებს წარედგინათ შემდეგი შინაარსის ორი ვიდეორგოლი:

1) პირველ ვიდეორგოლში ანიმაციური გმირების გამოსახულებებთან ერთად მოცემულია ანიმაციური გმირების შემდეგი შინაარსის დიალოგი:

,, - ნახე, დღეს რა კარგი პომადა და შამპუნი ვიყიდე. აწერია, რომ მხოლოდ ბუნებრივ ნივთიერებებს შეიცავს.

- მერე რა იცი, რომ მართალია?

- როგორ? არ ამოწმებს ის სააგენტო?

- რომელი?

- აი, ის... სურსათის უვნებლობის... არა, მარეგულირებელი... არა, მოიცა, ჰიგიენის საშუალებებს, კოსმეტიკას სახელმწიფო არ ამოწმებს?

- არა.

- როგორ? რამდენი საწამლავი არსებობს და ყველაფერი თავისუფლად იყიდება?

- ჰოდა, აი, არჩევნების წინ რომ მოვლენ და გკითხავენ რა გაწუხებსო, ეგ, უთხარი. თუ არ მოვითხოვეთ, ვინ რას მოგვართმევს.“

ვიდეორგოლის 26-ე წამიდან ეკრანზე ჩანს შემდეგი ტექსტი: ,,ვიდეორგოლი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ,,უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით“. აღნიშნული ტექსტის ქვემოთ მოცემულია ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრზე მითითება და მისი ლოგო, ასევე მითითება ნიდერლანდების სამეფოზე და მისი გერბი; ვიდეორგოლის ბოლოს მოცემულია შემდეგი შინაარსის მოწოდება - ,,მოსთხოვე ხელისუფლებას პროდუქციის უსაფრთხოება!“;

მტკიცებულება: ვიდეორგოლის ჩანაწერი, რომლის ბმული თან  ერთვის ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და  განვითარების ცენტრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;15.09.2020);https://www.momxmarebeli.ge/contentfiles/images2/%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9C

%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%201%20Final.mp4;

2) მეორე ვიდეორგოლში ანიმაციური გმირების გამოსახულებებთან ერთად მოცემულია ანიმაციური გმირების შემდეგი შინაარსის დიალოგი:

,,- რას აკეთებ?

- თემას ვწერ.

- მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო... საინტერესოა. და რას წერ?

- რაც მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ყველაფრის შემოტანას და გაყიდვას ავკრძალავდი.

- მოიცა, აკრძალული არ არის?

- ბევრი რამე არა და ზოგი სიმსივნესაც კი იწვევს.

- მაგალითად, რა?

- ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია.

- სანამ ეს პარლამენტის წევრი გახდება, რა ვქნათ, დავიწამლოთ?

- მე რომ მეუბნები, წინასაარჩევნოდ რომ დაიწყებენ სიარულს, რა გაწუხებთო, იმათ უთხარით. თუ არ მოვითხოვეთ, ვინ რას მოგვართმევს.“

ვიდეორგოლის 27-ე წამიდან ეკრანზე ჩანს შემდეგი ტექსტი: ,,ვიდეორგოლი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ,,უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით“. აღნიშნული ტექსტის ქვემოთ მოცემულია ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრზე მითითება და მისი ლოგო, ასევე მითითება ნიდერლანდების სამეფოზე და მისი გერბი. ვიდეორგოლია ბოლოს მოცემულია შემდეგი შინაარსის მოწოდება - ,,მოსთხოვე ხელისუფლებას პროდუქციის უსაფრთხოება!“;

მტკიცებულება: ვიდეორგოლის ჩანაწერი, რომლის ბმული თან  ერთვის ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და  განვითარების ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4764;

15.09.2020);https://www.momxmarebeli.ge/contentfiles/images2/%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9C

%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%202%20Final.mp4

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში

შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას ასევე, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

3.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ე)   ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის         მიერ    საკუთარ    ან    დამოუკიდებელ    პროგრამასთან    დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

კომისია განმარტავს, რომ სოციალური რეკლამა შესაძლოა იყოს: საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა; საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა;  მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული რეკლამა; საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა. გარდა ამისა, სოციალური რეკლამა არ უნდა იყოს კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნების მატარებელი, არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური რეკლამის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის მაუწყებლის მიერ გავრცელება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, ანუ ასეთი იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებით, რეკლამა უნდა იყოს ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია რეკლამირებადი პროდუქტის თაობაზე. შესაბამისად, ვიდეო რგოლის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შეიცავს თუ არა ვიდეო რგოლი რაიმე კონკრეტული პროდუქტის, პროცესის, აქტივობის თაობაზე ინფორმაციას, რომლის საზოგადოებისათვის მიწოდებაც ემსახურება საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას, საქველმოქმედო მიზნების მიღწევას, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობას.

კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეორგოლები უთითებენ იმაზე, რომ საქართველოში ბაზარზე ხელმისაწვდომ სამომხმარებლო პროდუქციაზე არ არის დაწესებული უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი და შეიცავენ მოწოდებას საზოგადოებამ მოსთხოვოს ხელისუფლებას პროდუქციის უსაფრთხოება. კომისია აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქციისგან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, თავად ვიდეორგოლები, რომლებიც ეხება ამ საკითხს, არ შეიცავენ კონკრეტული პროდუქტის, პროცესის, აქტივობის თაობაზე ინფორმაციას, რომლის საზოგადოებისთვის ვიდეორგოლების მეშვეობით მიწოდება ემსახურება მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქციისგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ვიდეორგოლებში მხოლოდ პრობლემის დეკლარირება   და მისი გადაჭრის აუცილებლობაზე მითითება არ არის საკმარისი ვიდეორგოლების სოციალურ რეკლამად მიჩნევისთვის, თუ ვიდეორგოლების შინაარსი არ ემსახურება კონკრეტული სოციალური პროექტის, პროცესის ან აქტივობის რეკლამირებას დროის კონკრეტულ მომენტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ   ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული  კვლევებისა და  განვითარების   ცენტრის“ მიერ შპს„ტელეიმედისთვის“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეორგოლები არ ექვემდებარება  სოციალური რეკლამის  სტატუსით  სამაუწყებლო  ბადეში  განთავსებას,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული    კვლევებისა    და    განვითარების  ცენტრის“  საჩივარი    (Nშ-20-6/4764;15.09.2020) არ უნდა დაკმაყოფილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   შესაბამისად,   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე), წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ), კ) და ი) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლისა და     65-ე   მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ საჩივარი (Nშ-20-6/4764;  15.09.2020) არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ ,,ფონდი საქართველოს სტრატეგიული    კვლევებისა    და    განვითარების  ცენტრისთვის“, შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის        დაინტერესებული  მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები