შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2020 13:55
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2020
შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ საჩივრით (№შ-20-6/4767, 15.09.2020) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დადებულია ხელშეკრულება ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „სითი ტელეკომს“ შპს „ვიონი საქართველოს მიმართ წარმოეშვა დავალიანება. ამასთან, 2018 წლის 15 მაისს კომპანიები შეთანხმდნენ, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას დაფარავდა 15 კალენდარული თვის განმავლობაში.
2. შპს „ვიონი საქართველო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იხდიდა. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „სითი ტელეკომი“ არ ადასტურებს შპს „ვიონი საქართველოსთან“ შედარების აქტს. შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ვიონი საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოითხოვოს დავალიანების გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას.
3. შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან დაკავშირებით კომისიას მიმართა შპს „სითი ტელეკომმა“ (წერილი № შ-20-6/4917, 22.09.2020). შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს „ვიონი საქართველოს“ აქვს გადაუხდელი დავალიანება შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ, ამასთანავე, შპს „სითი ტელეკომს“ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გადახდილი აქვს ნაკისრი ვალდებულების ნაწილი. გარდა ამისა, 2017 წლის პირველი მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში შპს „ვიონი საქართველო“ უკანონოდ, შეუსაბამოდ მაღალ ფასად ითვლის საერთაშორისო ზარების ღირებულებას. შპს „სითი ტელეკომი“ აღნიშნავს, რომ არასწორია საჩივარში მოყვანილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შპს „სითი ტელეკომი“ არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ადასტურებს შედარების აქტს. შედარებასთან დაკავშირებით შპს „ვიონი საქართველოდან“ მიღებულ წერილზე კომპანიიდან უპასუხეს მოთხოვნით, რომ წარმოდგენილი დავალიანება დაანგარიშებულიყო კონკრეტულ პერიოდებად ჩაშლილი ფორმით, რასაც შპს „ვიონი საქართველოსგან“ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამრიგად, შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4. შპს „სითი ტელეკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ საბაზრო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა (№20-10-2076,08/10/2020). სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, შპს „ვიონი საქართველო“ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის სატელეფონო კომპანიაა, რომელსაც 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ჰყავს 1.231.272 აქტიური აბონენტი („ა“ ტიპი), რაც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ყველა ოპერატორის კუთვნილი აბონენტების (4.828.278 აბონენტი ) 25%-ს შეადგენს.
5. შპს „სითი ტელეკომი“ ახორციელებს ფიქსირებული ქსელებით მომსახურებას, VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით, გეოგრაფიული ნუმერაციის საშუალებით, ქალაქ თბილისში. შპს „სითი ტელეკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 2055 აბონენტი, რაც VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით (გეოგრაფიული ნუმერაცია) აბონენტების საერთო რაოდენობის (82.038 აბონენტი) 2,5%-ს შეადგენს, ხოლო ფიქსირებული ქსელის (ყველა ტექნოლოგია) აბონენტების საერთო რაოდენობის (399.157 აბონენტი) 0,5%-ს.
6. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის (№შ-20-6/4767, 15.09.2020) არსებითი განხილვა გაიმართა 2020 წლის 8 და 15 ოქტომბერს. სხდომებში მონაწილეობდნენ შპს „სითი ტელეკომის“ წარმომადგენელი ნუგზარ ადეიშვილი და შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლები გიორგი ხუციშვილი და ირაკლი ესართია (15 ოქტომბრის სხდომა).
7. შპს „სითი ტელეკომის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს „ვიონი საქართველოს“ მოწოდებული დავალიანების კალკულაციას. მისი მტკიცებით, შპს „ვიონი საქართველოს“ კალკულაციაში არასწორად შეჰყავს 2017 წლის პირველი მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო ზარების ღირებულება. ამასთანავე, სათანადოდ არ არის დაანგარიშებული შპს „ვიონი საქართველოს“ ვალდებულება შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ, რომელიც სათანადოდ არ არის გაქვითული. აგრეთვე, კალკულაციაში გათვალისწინებული არ არის შპს „სითი ტელეკომის“ მიერ უკვე გადახდილი დავალიანება.
8. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლების განმარტებით, შპს „სითი ტელეკომს“ წლების განმავლობაში დაუგროვდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოცულობითი დავალიანება, რომლის გადახდასაც თავს არიდებს. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ მხარეები, შესაძლოა, ვერ თანხმდებოდნენ დავალიანების ზუსტ ოდენობაზე, ორივე მხარე თანხმდება, რომ შპს „სითი ტელეკომს“ შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ ერიცხება გარკვეული ოდენობის დავალიანება (დაახლოებით 60 100 ლარის ოდენობით), რაც არ არის გადახდილი. ასევე იზრდება შპს „სითი ტელეკომის“ მიმდინარე დავალიანება. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ იძულებული გახდა მიემართა კომისიისთვის და მოეთხოვა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომის“ შესახებ.
2. შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი (№შ-20-6/4767, 15.09.2020) თანდართული მასალებით.
3. შპს „სითი ტელეკომის“ წერილი (№ შ-20-6/4917, 22.09.2020) თანდართული მასალებით;
4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2076,08/10/2020).
5. მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი გარემოებები
1. შპს „ვიონი საქართველო“ და შპს „სითი ტელეკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები არიან (მტკიცებულება: ამონაწერი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომის“ შესახებ).
2. შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დადებულია ხელშეკრულება ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ (მტკიცებულებები: შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი (№შ-20-6/4767, 15.09.2020) თანდართული მასალებით; შპს „სითი ტელეკომის“ წერილი (№ შ-20-6/4917, 22.09.2020) თანდართული მასალებით).
3. შპს „ვიონი საქართველო“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან მომდინარე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე (მტკიცებულება: შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი (№შ-20-6/4767, 15.09.2020) თანდართული მასალებით).
6. შპს „ვიონი საქართველო“ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის სატელეფონო კომპანიაა, რომელსაც 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ჰყავს 1.231.272 აქტიური აბონენტი („ა“ ტიპი), რაც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ყველა ოპერატორის კუთვნილი აბონენტების (4.828.278 აბონენტი) 25%-ს შეადგენს (მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2076,08/10/2020).
7. შპს „სითი ტელეკომი“ ახორციელებს ფიქსირებული ქსელებით მომსახურებას, VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით, გეოგრაფიული ნუმერაციის საშუალებით, ქალაქ თბილისში. შპს „სითი ტელეკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 2055 აბონენტი, რაც VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით (გეოგრაფიული ნუმერაცია) აბონენტების საერთო რაოდენობის (82.038 აბონენტი) 2,5%-ს შეადგენს, ხოლო ფიქსირებული ქსელის (ყველა ტექნოლოგია) აბონენტების საერთო რაოდენობის (399.157 აბონენტი) 0,5%-ს (მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2076,08/10/2020).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომისიის ამოცანებში შედის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების მიხედვით დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „სითი ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის შეუფერხებელ მოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებლებისა და ავტორიზებული პირების კანონიერი ინტერესებისა და ზოგადად, ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამართლებრივ გარანტიებს, რათა დაუსაბუთებლად და არაგონივრულად არ შეფერხდეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვა. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა კანონით აკრძალულია, მისი შეჩერება კი მხოლოდ საგამონაკლისო წესით, განსაკუთრებულ შემთხვევებში არის დასაშვები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ურთიერთჩართვის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ ქმნის ურთიერთჩართვის შეჩერების თვითკმარ სამართლებრივ საფუძველს. ამისათვის აუცილებელია კომისიის თანხმობა. ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის საკითხის გადაწყვეტისას კომისია ითვალისწინებს ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების, მათი მომხმარებლების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს სხვა მონაწილეების კანონიერ ინტერესებს და საჯარო ინტერესს, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებები.
შპს „ვიონი საქართველოს“ მტკიცებით, შპს „სითი ტელეკომს“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება ფულადი ვალდებულება. შპს „სითი ტელეკომის“ დავალიანების თაობაზე 2018 წლის 15 მაისს შედგა შეთანხმება, რომლითაც შპს „სითი ტელეკომმა“ აიღო ვალდებულება 15 კალენდარული თვის განმავლობაში დაეფარა 99 950 ლარის ოდენობის დავალიანება და განახორციელა მხოლოდ 2 გადახდა. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმოდგენილი ინფორმაციით არ დგინდება დავალიანების ზუსტი ოდენობა, თუმცა ის 2018 წლის 15 მაისამდეა წარმოშობილი და 99 950 ლარზე ნაკლებია. ფულადი ვალდებულების კალკულაციას არ ეთანხმება შპს „სითი ტელეკომი“, რომელიც მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ დავალიანებიდან მომდინარე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლების, აგრეთვე საერთაშორისო ზარები საფასურის არასწორი გაანგარიშების და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სითი ტელეკომს“ უკვე გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ფულადი დავალიანების ოდენობა გაცილებით ნაკლებია.
განსახილველ შემთხვევაში შპს „ვიონი საქართველოს“ კომისიის წინაშე არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „სითი ტელეკომი“ ჯიუტად თავს არიდებს უკვე აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულებას. დავის განხილვის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობის შეუთანხმებლობით. სამომავლოდ, შპს „სითი ტელეკომის“ მიერ დაზუსტებული და აღიარებული ფულადი ვალდებულების გადაუხდელობის, არსებული ვალდებულების უხეშად დარღვევისა და ჯიუტად თავის არიდებით შპს „ვიონი საქართველოს“ ინტერესების შელახვის სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, დადასტურდეს ურთიერთჩართვის შეჩერების საფუძველი. თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ შპს „სითი ტელეკომის“ ვალდებულების შესასრულებლად არსებობს ურთიერთჩართვის შეჩერების იმგვარი საჭიროება, რომელიც გადაწონიდა ურთიერთჩართვის შეჩერებით გამოწვეული მომხმარებლების, ავტორიზებული პირებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის ინტერესების შეზღუდვის საფრთხეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარში (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაყენებული მოთხოვნა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 38- ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარში (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაყენებული მოთხოვნა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
