საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2020 13:59
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020) მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. განცხადების მიხედვით, 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ვიდეორგოლი და გაეგზავნა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელმაც თავის ეთერში სოციალური რეკლამის სახით მის განთავსებაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ვიდეორგოლი არ პასუხობდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად. აღნიშნულის მისაღწევად კი აუცილებელია ფართო საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სოციალური რეკლამის ფორმით, რათა მოქალაქეებს გაუჩნდეთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობა.
განცხადების შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნაა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, კომისიამ განახორციელოს რეაგირება ზემოაღნიშნულ საკითხზე.
2020 წლის 28 ოქტომბერს, კომისიაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ წარმოდგენილი იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის შ-20-6/5527: 28.10.2020), რომლის მიხედვითაც, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ განმარტავს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თავად პროკურატურა ითხოვდა მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო ვიდეორგოლის განთავსებას.
2020 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (შ-20-6/5546: 29.01.2020), რომლის მიხედვითაც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5443; 22.10.2020) განუხილველად დატოვების თაობაზე.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურის განცხადების განხილვის სხდომა გაიმართა 2020 წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020).
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის N619/07 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020).
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 28 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის შ-20-6/5527; 28.10.2020).
4. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება 2020 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
5. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 2020 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილი (შ-20-6/5546: 29.01.2020).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელია.
2. 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ვიდეორგოლი და გაეგზავნა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელმაც თავის ეთერში სოციალური რეკლამის სახით მის განთავსებაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ვიდეორგოლი არ პასუხობდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. მტკიცებულება: საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020).
3. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უარი განაცხადა ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე იმ მოტივით, რომ ვიდეორგოლი არ პასუხობდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
მტკიცებულება: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის (N619/07) წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020).
4. 2020 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წერილით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირების დროულად ინფორმირებისა და მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით, ითხოვა მხარდაჭერა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საინფორმაციო ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით.
მტკიცებულება: საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 16 ოქტომბრის N13/59595 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის შ-20-6/5527: 28.10.2020).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას ასევე, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
8. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ვინაიდან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, 2020 წლის 29 ოქტომბერს, კომისიის სხდომამდე, წარმოდგენილ იქნა წერილობითი შუამდგომლობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5443; 22.10.2020) განუხილველად დატოვების თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 661 მუხლის 21 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 ოქტომბრის N13/60502 განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/5443; 22.10.2020) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
