შპს ,,ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2020 16:11
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2020
შპს ,,ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, შპს ,,ვიონი საქართველომ“ კომისიას განცხადებით (№ შ-20-6-5506; 27.10.20) მიმართა და მოითხოვა შპს ,,ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურების შეწყვეტის საკითხის განხილვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 8 სექტემბერს, შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიას განცხადებით (№619/20, 08.09.2020) მიმართა შპს „ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ასევე, 2020 წლის 10 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა მათ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და შედარების აქტი. შპს ,,ვიონი საქართველოს“ განმარტებით, შპს ,,ლაგი“ (ს/კ 202911242) და შპს ,,ვიონი საქართველო“ 2012 წლის 01 ივლისიდან იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ურთიერთჩართვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ფარგლებში შპს ,,ლაგის“ შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ წარმოეშვა 64 000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება. შედარების აქტით შპს
,,ლაგი“ ადასტურებს დავალიანების ნახევარს - 29571.26 ლარს. შპს ,,ვიონი საქართველოს“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს ,,ლაგი“ არ ფარავს აღნიშნულ დავალიანებას. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს შპს ,,ლაგისთან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვოს დავალიანების გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ვიონი საქართველო“ ითხოვს კომისიამ მისცეს უფლება შეწყვიტოს შპს ,,ლაგისთან“ არსებული ურთიერთჩართვის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
შპს ,,ლაგის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებებისა და მასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს წერილობითი შეტყობინებით. შპს ,,ლაგს“, ასევე, გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა პოზიციის წარმოდგენა შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით.
2020 წლის 2 ნოემბერს, შპს ,,ვიონი საქართველომ“ განცხადებით (№703/20, 02.11.2020) მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ვიონი საქართველო“ უარს აცხადებს მის განცხადებებში (№619/20, 08.09.2020. №625/20, 10.09.2020) მითითებულ შპს ,,ლაგისთან“ ურთიერთჩართვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაზე და იხმობს საჩივარს, ვინაიდან, შპს ,,ლაგმა“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ არსებული დავალიანება სრულად დაფარა.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, შპს ,,ვიონი საქართველომ“ უარი განაცხადა შპს,,ლაგისთან“ ურთიერთჩართვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაზე და გაიხმო განცხადება შპს ,,ლაგის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს,,ვიონი საქართველოს“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ,,ლაგისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ შპს,,ვიონი საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ლაგისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს,,ლაგისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ლაგისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება. (ო.ვოტ)
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
